"მიზეზი გადაჭარბებული მოლოდინებია"- პუტინი ტრამპის ულტიმატუმს პირველად ეხმაურება

ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართული რომელიმე მხარის იმედგაცრუების მიზეზი ამ მხარეების გადაჭარბებული მოლოდინებია - ამგვარად რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარდგენილ ულტიმატუმს გამოეხმაურა.
State Of Play: ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის დიქტატორ, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად ვალაამის სამონასტრო კომპლექსში სტუმრობისას ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა.
- "რაც შეეხება იმედგაცრუებებს რომელიმე მხრიდან - ყველა იმედგაცრუება გადაჭარბებული მოლოდინებისგან ჩნდება - ეს ცნობილი საერთო წესია"- განაცხადა პუტინმა.
- ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად საჭიროა "შინაარსობრივი, სერიოზული და თანამიმდევრული საუბრები ხმაურის გარეშე."
- პუტინის თქმით, კრემლი მზად არის მოლაპარაკებებისთვის ოღონდ იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტის ფუნდამენტურ, პირველად მიზეზებს გადაჭრის.
Big Picture: ამ თემაზე საუბრისას პუტინს არ უხსენებია უშუალოდ დონალდ ტრამპი, თუმცა ეს გვერდით მჯდომმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გააკეთა, რომელმაც დონალდ ტრამპს "ჩვენი საერთო მეგობარი უწოდა."
- ლუკაშენკოს თქმით, მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტული ვადების დათქმა დაუშვებელია.
Context: 28 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მანამდე მიცემულ 50-დღიან ვადას 10-12 დღემდე ამცირებდა და მისი ათვლა განცხადებისთანავე დაიწყებოდა.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, თუ დათქმულ ვადაში რუსეთი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ვაშინგტონი მოსკოვს ადრე დაპირებულ სანქციებს დაუწესებს.
- საუბარია დამატებით 100%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ.
- მოგვიანებით ტრამპმა რუსეთის მოქმედებებს უკრაინაში "ამაზრზენი" უწოდა და ეჭვი გამოთქვა სანქციების ეფექტურობაში, თუმცა განაცხადა, რომ ზომებს მაინც მიიღებს.