პასუხი ტრამპს - პუტინის თქმით ბირთვული შეიარაღების გამოცდის მიზენშეწონილობას
ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის (ბირთვული ასაფეთქებლის გარეშე) გამოცდის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა დაანონსა, რომ კრემლი შეისწავლოს უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოცდების დაწყების მიზანშეწონილობას.
ვითარების არსი: ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ გამართულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.
- საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეტაპობრივად გადის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ დადებული ხელშეკრულებებიდან და შესაძლოა მომავალში აღადგინონ უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოცდება და არა მისი მატარებელი რაკეტების.
- "ზემოჩათვლილის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიმაჩნია დაუყოვნებლივ დავიწყოთ მზადება სრულმასშტაბიანი ბირთვული ცდებისთვის. არქიპელაგ ახალ მიწაზე მდებარე ჩვენი ცენტრალური პოლიგონის რესურსების მზაობა მოგვცემს ამის შემჭიდროვებულ ვადებში გაკეთების შესაძლებლობას"- განაცხადა ბელოუსოვმა.
ჩაშლილად: კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სხდომის პრეს-რელიზიდან ჩანს, რომ ბირთვული იარაღის ტესტირების შესახებ წინადადება დღის წესრიგში არ იდგა - სხდომის მთავარი თემა ტრანსპორტის უსაფრთხოება იყო, ხოლო მთავარი მომხსენებელი მინისტრი, სერგეი ნიკიტინი უნდა ყოფილიყო.
- თავდაპირველად აღნიშნული საკითხზე დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა, რომელმაც თემა გასულ დღეებში დონალდ ტრამპის განცხადებებს დაუკავშირა - "იმის გათვალისწინებით, რომ თემა ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გამოთქვა აზრი დეპუტატები სვამენ კითხვას როგორი იქნება ჩვენი რეაგირება."
- პუტინმა სწორედ ვოლოდინის ამ რემარკის შემდეგ მისცა სიტყვა ანდრეი ბელოუსოვს, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე უკვე მომზადებული ჰქონდა ვრცელი ანგარიში.
- ბელოუსოვის შემდეგ სიტყვით გამოვიდა გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ, საგარეო დაზვერვის უფროსი, სერგეი ნარიშკინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი, ალექსანდრ ბორტნიკოვი.
დიდი სურათი: უმაღლესი თანამდებობის პირების მოსმენის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა მთავრობას უბრძანა შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია შეერთებული შტატების გეგმების შესახებ და ქვეშერმდომებს მოუწოდა მოამზადონ ერთობლივი, შეთანხმებული წინადადება ბირთვული ცდების შესაძლო დაწყების შესახებ.
- სხდომის მიმდინარეობისას საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა ამერიკაში რუსეთის ელჩის მიერ გამოგზავნილი ტელეგრამის შესახებ განაცხადა.
- ნარიშკინის ცნობით, ტელეგრამა ეხებოდა ელჩის, ალექსანდ დარჩიევის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მოთხოვნილ განმარტებას - თუ რას გულისხმობდა პრეზიდენტი ტრამპი ბირთვული ცდების განახლებაზე საუბრისას.
- "თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უარი თქვეს საგნობრივ რეაქციაზე და განაცხადეს, რომ ინფორმაციას მიაწვდიან უფროსებს და თუ კი ისინი საჭიროდ ჩათვლიან დაუკავშირდებიან რუსეთის წარმომადგენლებს"- განაცხადა ნარიშკინმა.
კონტექსტი: ბირთვული ცდების განახლების საკითხი აქტუალური გასულ კვირებში მას შემდეგ გახდა, რაც ვლადიმირ პუტინმა ახალი საკონტინენტთაშორისო ფრთოსანი რაკეტის, ბურევესტნიკისა და პოტენციურად ბირთვული შეიარაღების მატარებელი საზღვაო აპარატის, პოსეიდონის გამოცდის შესახებ განაცხადა.
- ოქტომბრის მიწურულს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ქცევის ფონზე ბირთვულ ცდებს დაიწყებდა შეერთებული შტატებიც - ამასთანავე, ამერიკელ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია საუბარია უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოცდებზე თუ მისი მატარებელი საშუალებების ცდებზე.
- უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოცდა 1996 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აკრძალა - მას შემდეგ, ბირთვული იარაღი კლუბის 9 წევრიდან არცერთ ქვეყანას არ გამოუცდია.