პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10,000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს

თეთრი სახლი და პენტაგონი უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში დამატებითი საბრძოლო ქვედანაყოფის გაგზავნის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თუ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი ჯარების გაგზავნას გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში აშშ-ის საბრძოლო ქვედანაყოფების რაოდენობას.

  • ეს არის კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია სერიოზულად მზადდება.
  • სახმელეთო ჯარების მასშტაბური მატება განიხილება იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
  • ირანელი ოფიციალური პირები აშშ-თან მაღალი დონის შეხვედრის გამართვაზე ჯერჯერობით არ დათანხმებულან და ეჭვობენ, რომ აშშ-ის დიპლომატიური მცდელობა მორიგი ხაფანგია.

არსებული ვითარება: აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი მოელის, რომ გადაწყვეტილება მომავალ კვირას იქნება მიღებული. მისივე თქმით, ეს ქვედანაყოფები სხვა საბრძოლო ერთეულებიდან იქნებიან და არა იმათგან, რომლებიც უკვე გაიგზავნა რეგიონში.

  • The Wall Street Journal-ი იყო პირველი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჯარების გაძლიერების განხილვის შესახებ.

მოვლენების განვითარება: Axios-ის ცნობით, პენტაგონი ამუშავებს სამხედრო ვარიანტებს ირანში „საბოლოო დარტყმისთვის“, რაც შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო ძალების გამოყენებასა და მასირებულ საჰაერო კამპანიას.

  • ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ამ სცენარებიდან რომელიმეს განხორციელებაზე, თუმცა წყაროები აცხადებენ, რომ ის მზად არის ესკალაციისთვის, თუ ირანთან მოლაპარაკებები მალე ხელშესახებ შედეგს არ გამოიღებს.
  • უახლოეს დღეებში და კვირებში ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების ჩასვლაა მოსალოდნელი, მათ შორის რამდენიმე გამანადგურებელი ესკადრილიისა და ათასობით ჯარისკაცის.
  • ერთი საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო დანაყოფი (MEU) ამ კვირაში ჩავა, მეორე კი ახლა ახორციელებს დისლოკაციას.
  • 82-ე სადესანტო დივიზიის სამეთაურო ელემენტს დაევალა ახლო აღმოსავლეთში ქვეით ბრიგადასთან ერთად გადასროლა, რომელიც რამდენიმე ათასი ჯარისკაცისგან შედგება.

მსგავსი სიახლეები