პუტინი ტრამპს უკრაინის მიერ მის რეზიდენციაზე განხორციელებულ შეტევაზე ესაუბრა
მორიგ სატელეფონო საუბარში ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ პრეზიდენტს თითქოსდა უკრაინის მიერ მისი რეზიდენციის მიმართ განხორციელებულ შეტევაზე მოუყვა.
ვითარების არსი: ამის შესახებ საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
- "პრეზიდენტი ტრამპი შოკირებული და აღშფოთებული იყო პუტინის რეზიდენციაზე შეტევის მცდელობით"- ამბობს უშაკოვი.
დაეწიე ამბავს: თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის ერთ-ერთი ოფიციალური რეზიდენციის მიმართ განხორციელებული შეტევის შესახებ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
- ლავროვის თქმით, საუბარია ვალდაის რეზიდენციაზე, რომელსაც 91 დრონით შეუტიეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეტევის მცდელობა გასული ღამით, რუსეთსა და აშშ-ს შორის ინტენსიურად მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე განვითარდა.
- ამასთანავე ლავროვის თქმით, რუსეთი არ გადის მოლაპარაკებების პროცესიდან, თუმცა გადახედავს თავის პოზიციას, ხოლო კიევზე საპასუხო დარტყმების ლოკაციები და დრო უკვე შერჩეულია.
- "განვითარებული მოვლენების შემდეგ, მოლაპარაკებებში რიგ საკითხებთან რუსეთის პოზიციების გადახედვის შესახებ განაცხადა იური უშაკოვმაც.
- საყურადღებოა, რომ რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ შეტევის მცდელობის დამადასტურებელი კონკრეტული ცნობები, ვიდეო თუ ფოტო მასალა.
მეორე მხარე: ლავროვის განცხადებას მალევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც ცნობებს სრული სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ეძებს საბაბს კიევის სამთავრობო კვარტალზე დარტყმების განსახორციელებლად.
- "ის, რომ ჩვენ გასული ღამით ამერიკელებთან კარგი შეხვედრა და პროგრესი გვაქვს ეს მათთვის ჩავარდნაა, მათ არ სურთ ომის დასრულება"- განაცხადა ზელენსკიმ.
დიდი სურათი: პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ შეერთებული შტატების ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლიუიტის ტვიტით შემოიფარგლა, რომლის მიხედვითაც "პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის პოზიტიური სატელეფონო საუბარი შედგა.