ყაზანის სკოლაში შვიდი ბავშვი და ორი ზრდასრული მოკლეს

რუსეთში, ქალაქ ყაზანში მომხდარი თავდასხმისას შვიდი ბავშვი და ორი ზრდასრული დაიღუპა. დაშავებულია 21 ადამიანი, უმეტესად ბავშვები. 19 წლის თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა “დიდი მწუხარება” გამოთქვა მომხდარზე. თათარსტანის რესპუბლიკის ლიდერმა, რუსტამ მინიხანოვმა კი მოვლენას “უდიდესი ტრაგედია” უწოდა.

“ჩვენ ღრმად დაგვამწუხრა მომხდარმა”, - განაცხადა მან.

თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. მან თქვა, რომ ქვეყანა გადახედავს იარაღის კონტროლის კანონმდებლობას.

რა ვიცით თავდასხმის შესახებ

თათარსტანის ლიდერმა მინიხანოვმა დაადასტურა, რომ დაღუპული 7 ბავშვიდან 4 ბიჭია და 3 გოგონა. ასევე გარდაიცვალა ყაზანის 175-ე სკოლის მასწავლებელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. ბავშვები მერვე კლასში იყვნენ.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 09:20 წუთზე დაიწყო. 

- ყველა პანიკაში ჩავარდა და დაიწყეს ყვირილი ‘დახურეთ კარები’, - იხსენებს თავდასხმის მოწმე მოსწავლე. “ერთი წუთის მერე მასწავლებელმა ყვირილი დაიწყო: ‘ვხურავთ ყველა კარებს!’

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს როგორ ხტებიან ბავშვები ფანჯრებიდან თავის გადასარჩენად. რუსული ტელევიზიების ინფორმაციით, 2 ბავშვი მეორე სართულიდან გადმოხტომის შემდეგ დაიღუპა.

ყაზანის მცხოვრებმა რადიო “ეხო მასკვას” სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მძიმე სიტუაცია აღუწერა: “მშობლები ტიროდნენ, ექიმები დახმარებას უწევდნენ დაშავებულებს.”

 

რა ვიცით ეჭვმიტანილის შესახებ

გავრცელებული ცნობებით სკოლაში ორი შეიარაღებული თავდამსხმელი შევიდა, საიდანაც ერთ-ერთი სამართალდამცველებმა მოკლეს. მაგრამ შემდგომში ოფიციალურმა უწყებებმა თქვეს, რომ თავდასხმაში ერთი ადამიანი მონაწილეობდა - ადგილობრივი ინაზ გალიავიევი.

გამომძიებლების განცხადებით ის ყაზანის მცხოვრებია და წარსულში ამ სკოლაში სწავლობდა.

თათარსტანის პრეზიდენტის, მინიხანოვის თქმით ეჭვმიტანილს ლეგალურად შეძენილი და რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. 

სამართალდამცავებს არ განუმარტავთ რა შეიძლება ყოფილიყო თავდასხმის მოტივი, თუმცა მინიხანოვმა თავდამსხმელს “ტერორისტი” უწოდა.

თავდასხმამდე ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელებში ვიდეო ატვირთა, სადაც თქვა, რომ აპირებდა “ძალიან დიდი რაოდენობის” ადამიანების მოკვლას და მერე თვითმკვლელობას.

სოციალურ ქსელებში ეჭვმიტანილის ანგარიშები დაბლოკილია, თუმცა სქრინშოთებზე ჩანს მისი ფოტოები შავი ნიღბით და წარწერით “ღმერთი.”

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები