რას ნიშნავს კიევისთვის შორეული რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა

გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა მოხსნეს უკრაინისთვის გადაცემული შორეული შეიარაღების გამოყენებაზე მანამდე არსებული შეზღუდვები - საუბარია ფრანგული, ბრიტანული, გერმანული და ამერიკული წარმოების შეიარაღებაზე.
State Of Play: ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა ბერლინში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დასავლური პრესა შორეული რაკეტების გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების არაფორმალურ მოხსნაზე მანამდეც წერდა, თუმცა ეს ოფიციალურ დონეზე გავრცელებული პირველი განცხადებაა.
- "აღარ არსებობს რამენაირი შეზღუდვები უკრაინისთვის გადაცემული შორეული შეიარაღების გამოყენებაზე. ეს ეხება ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მიერ გადაცემულ შეიარაღებას, ასევე ამერიკული წარმოების რაკეტებს"- განაცხადა მერცმა.
- გერმანიის კანცლერის თქმით, გადაწყვეტილების შედეგად უკრაინის თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება და ZSU-ს შეეძლება დარტყმების განხორციელება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიქტებზე.
Big Picture: გამოსვლაში მერცმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის შორეული შეიარაღების გადაცემის აუცილებლობას. ამ ფონზე გამოცემა Сlash Report საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უახლოეს მომავალში გერმანია უკრაინას Taurus-ის ტიპის 150 რაკეტას გადასცემს, რომელთა მოქმედების რადიუსიც 500 კილომეტრია.
- Der Spiegel-ის ინფორმაციით 27 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიას ეწვევა და კანცლერ მერცს შეხვდება - მთავარი თემა რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდა იქნება.
Сontext: ამ დროისთვის უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან მიიღო Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები და მათი ფრანგული ანალოგები SCALP. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ჯო ბაიდენმა უკრაინას ATACAMS-ის ტიპის რაკეტებიც გადასცა.
- ფრანკო-ბრიტანული რაკეტების საექსპორტო ვერსიის მოქმედების რადიუსი 250-300 კილომეტრია და პირველი პარტია უკრაინამ 2023 წლის კონტრიერიშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო.
- ამასთანავე უცნობია თუ კონკრეტულად რომელი ვერსიის რაკეტები გადაეცა უკრაინას, არსებობს მოდიფიკაციები, რომელთა მოქმედების რადიუსი 1 000 კმ-ს აღწევს, თუმცა სარაკეტო ტექნოლოგიების შესახებ საერთაშორისო შეთანხმება კრძალავს 300 კილომეტრზე უფრო შორს მოქმედი სისტემების ექსპორტს.
- 300 კილომეტრია ამერიკის მიერ გადაცემული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ATACAMS-ების მოქმედების რადიუსი, რომელთა გაშვებაც HIMARS-ის დანადგარებიდან ხდება.
Break It Down: უკრაინული წყაროების შეფასებით, ქვეყანამ უკვე თითქმის სრულად ამოწურა დასავლური შორეული რაკეტების მარაგი - ამ ფონზე სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ექნება მყისიერი ეფექტი და ვერ შეცვლის ომის ტრაექტორიას.
- ამის გათვალისწინებით ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი გადაწყვეტილება შესაძლოა Taurus-ის ტიპის სისტემების გადაცემის კუთხით აღმოჩნდეს - წინასაარჩევნო პერიოდში მერცი მწვავედ აკრიტიკებდა შოლცს გადაწყვეტილების გაჭიანურებისთვის.
- საყურადღებოა, რომ კანცლერად არჩევის შემდეგ მერცის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება შოლცის მთავრობის პოლიტიკის ცვლილება იყო, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების სია არ გასაჯაროვდება და საიდუმლოდ დარჩება.
Go Deeper: მერცის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ კრემლში და მას "საშიში" უწოდეს.