ტობიას კრემერი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდა წევრი, პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორია, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში დაიცვა. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში პარტიული სიის მეთოხმეტე ნომერი, კრემერი ევროპარლამენტის დეპუტატი გახდა.
ტობიას კრემერი ევროპარლამენტის 4 კომიტეტის წევრია, მათ შორისაა საგარეო საკითხების, თავდაცვისა და უსაფთხოების და ამერიკა-ნატოს ურთიერთობების კომიტეტები.
ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის საფრთხეზე, ულტრა-მემარჯვენე ძალების მოძლიერებასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე ტობიას კრემერთან ინტერვიუ ჩაწერა რეალპოლიტიკას კორესპონდენტმა ბრიუსელში, ზაზა აბაშიძემ.
_____________________________________________________________
დავიწყოთ საქართველოთი - მარტივი კითხვა მაქვს: ხომ არ იგრძნობა ბრიუსელში „საქართველოთი დაღლილობა“? ჩემი შეგრძნებაა, რომ სულ უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს სურვილი დაკავდეს საქართველოს საკითხით.
ბევრი კოლეგა და მეგობარი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობენ, ახლა თითქმის სრულად მოლდოვასა და უკრაინაზე არიან კონცენტრირებულნი და ნაკლებად აინტერესებთ საქართველო. შესაბამისად, რამდენად შესამჩნევია აქ ეს დაღლილობა?
არ ვიტყოდი, რომ ეს დაღლილობაა. პრობლემა ის არის, რომ ერთდროულად ბევრი კრიზისი ხდება, თუმცა ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტმა პოზიცია შეიცვალა. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, სხვადასხვა პარტიების დონეზეც კი ვდგავართ მიღებული რეზოლუციების უკან, რომლებიც ხაზს უსვამენ გაყალბებული არჩევნების პრობლემას, მოითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და მკაცრად აკრიტიკებს „ქართული ოცნებას“ ბელარუსულ მეთოდებზე გადასვლის გამო. პარლამენტი ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია.
სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტში განახლებული ინტერესია. მაგალითად, მზია ამაღლობელის ნომინაცია სახაროვის პრემიაზე ფართო მხარდაჭერით სარგებლობს სხვადასხვა პარტიებში - სოციალ-დემოკრატებში, კონსერვატორებში, მწვანეებში და ლიბერალებში. ეს კი ზოგადი დამოკიდებულების უცვლელობას ცხადყოფს.
მოლდოვა ამჟამად დიდ ყურადღებას იპყრობს, ისევე როგორც ჩეხეთი, სადაც ასევე ვხედავთ დეზინფორმაციის აქტიურ გამოყენებას. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება მცირდება. რუსეთის დაშინების, მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გამოყენების პრაქტიკები ერთნაირია საქართველოში, მოლდოვასა და საკუთარ ქვეყნებშიც კი. ჩვენ თავადაც რამდენიმე დივერსიული აქტის მსხვერპლი გავხდით.
ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი, საფრთხე ფართო რაკურსით დავინახოთ: რუსეთი კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად. მოლდოვა ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ეს გამოწვევები სახეზეა და სწორედ ამიტომ რჩება ის ევროპარლამენტის პრიორიტეტად. ამავე დროს, ქალბატონი ამაღლობელის ნომინაცია, რომელსაც მე სრულად ვუჭერ მხარს, ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი არ იცვლება. განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების მოახლოების ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება კვლავ შენარჩუნდება.
არაერთი დამკვარვებელი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ერთ დღეში არ გადაქცეულა პრო-რუსულ ძალად. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისმა ლიდერმა, ბატონმა ივანიშვილმა, თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, ასეთი ტრანსფორმაცია, ალბათ, მოულოდნელი აღარ უნდა ჩანდეს.
ასევე ბევრი თვლის, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირს საქართველოს მიმართ არ ჰქონდა მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა. ივანიშვილის პარტია ხშირად იყენებდა ბრიუსელის ყოყმანს დროის მოსაგებად, შემდეგ არღვევდა საკუთარ ვალდებულებებს და საბოლოოდ, კიდევ უფრო იმყარებდა ძალაუფლებას. ამ გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, ევროკავშირის მიდგომაში იყო ნაკლოვანებები?
არ ვიცი, რამდენად სასარგებლო იქნება ისტორიის გაანალიზება ამ თვალსაზრისით, რამეთუ იმ პერიოდში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობდი. ზოგადად რომ ვთქვათ, საჭიროა იმ მთავრობებთან ურთიერთობა, რომლებიც არჩეულია. უწინ, საქართველოს მთავრობა არჩევნებში მართლაც იმარჯვებდა. ნამდვილი პრობლემა მაშინ გაჩნდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო არჩევნების გაყალბება. მე ვეჭვობ, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ აღარ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას, და სწორედ აქ არის ძირითადი პრობლემა: ის დემოკრატიული უკუსვლა, რასაც ჩვენ ვხედავთ.
ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ წარსულში შესაძლო შეცდომებზე გავამახვილოთ ყურადღება, ვფიქრობ, პრიორიტეტი უნდა იყოს მომავლისკენ ყურება და „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიოდ თქმა, რომ მათ ამ სახიფათო გზას უნდა გადაუხვიონ. ისინი უფრო მეტად დამოკიდებულნი ხდებიან რუსეთზე, და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სტრატეგია, რომელიც წარმატებამდე მიიყვანს. უბრალოდ გაიხსენეთ მაგალითები, როგორიცაა სირია და სხვა ავტორიტარული რეჟიმები - ერთხელ თუ დამოკიდებული გახდი რუსეთზე, აღმოჩნდები ისეთ მდგომარეობაში, სადაც არ გსურს ყოფნა.ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართველების 80% კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებას სურს.
საბოლოოდ, მე არ მჯერა, რომ რომელიმე ტიპის რეჟიმს შეუძლია დიდხანს შეინარჩუნოს პოლიტიკა, რომელიც მისი მოსახლეობის 80%-ის ნებას ეწინააღმდეგება.
დღევანდელი მთავრობა არჩეული კურსის ცვლილების სურვილს ნაკლებად ავლენს. ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა იქნება ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები? მაგალითად, ცოტა ხნის წინ გაფართოების კომისარი, მარტა კოსტი, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვია, მაგრამ საქართველო გამოტოვა.
ამას ემატება კრიტიკული გზავნილები ბრიუსელიდან ივანიშვილის პარტიის მიმართ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყოველივე ტრანზიციული მიდგომაა და სრულფასოვანი პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩამოყალიბებული არ არის. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან?
ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება საქართველოში ოქტომბერში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ჩაივლის ადგილობრივი არჩევნები. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება თავისუფალი არჩევნები. მართალია, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იმედი სრულად გამართლდება, მაგრამ მაინც რჩება შანსი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხიოს და აღიაროს: მათი დღევანდელი კურსი მდგრადი არ არის და აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ შეიძლება გაჩნდეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
ევროპის მხრიდან პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო: არაერთხელ ვთქვით, რომ ქართველ ხალხს ეკუთვნის ევროპული მომავალი. მათ ეკუთვნით ადგილი ევროკავშირში. ევროპის კარები, კვლავაც ღია დარჩება. მაგრამ დანარჩენი საქართველოზეა დამოკიდებული - ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება თავად ქართველ ხალხს ეკუთვნის, მათ უნდა მოითხოვონ ეს მომავალი.
სამწუხაროდ, ამჟამად გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქტიურად ცდილობს საკუთარი ხალხისთვის ამ გზის გადაკეტვას. გაწევრიანების კრიტერიუმები ყველასთვის გასაგებად არის ჩამოყალიბებული, და სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა ყველა მოლაპარაკება. მიუხედავად ამისა, მე ღრმად მწამს ქართველი ხალხის - რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ აჩვენებენ, რომ ასეთი მმართველობა არ შეიძლება, და მთავრობა ვალდებულია, რომ მოუსმინოს საკუთარ მოსახლეობას.
მოდით, გადავიდეთ ევროპული უსაფრთხოების საკითხზე. ბოლო პერიოდში გამოწვევები ძირითადად რუსეთის მხრიდან მოდის — მაგალითად, გასულ პერიოდში რუსული დრონები და თვითმფრინავები პოლონეთისა და ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ასეთ ვითარებაში, როცა ევროკავშირი უფრო დიდი თავდაცვითი ხარჯების აუცილებლობაზე საუბრობს, როგორ ფიქრობთ, რიგითი ევროპელები ნათლად აცნობიერებენ თავდაცვის მნიშვნელობას? და რამდენად მზად არიან შეეგუონ იმას, რომ ასეთი ხარჯები აუცილებლად შეამცირებს რესურსებს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროებში?
ვფიქრობ, ყველაზე არსებითი — მთავრობის მთავარი მისია და დანიშნულება, არის ხალხის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა. ამ კუთხით, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ მოსახლეობა რუსეთის აგრესიისგან. რუსეთი არამხოლოდ უკრაინას იპყრობს, არამედ ჩვენს საზოგადოებებსა და ქალაქებზე ჰიბრიდულ ომსაც აწარმოებს. ვიხილეთ პროვოკაციები პოლონეთში, როგორც თქვენ ახსენეთ. ვნახეთ რუსული საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც არღვევდნენ ესტონეთის საჰაერო სივრცეს. შევესწარით ჰიბრიდულ თავდასხმებსაც, რომელთა ნაწილიც შესაძლოა რუსეთთან იყოს დაკავშირებული და რომლებიც ევროპის აეროპორტებს შეეხო. ეს ყველაფერი ერთიანდება რუსეთის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის დაშინებას, ნდობის შესუსტებასა და იმ აღქმის საეჭვოდ გახდომას, რომ ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სწორედ ამიტომ გვჭირდება მკაფიო და გადამწყვეტი რეაგირება — იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ საკუთარ მთავრობებს, ევროკავშირსა და ნატოს, რომლებიც მათ დაიცავენ. ეს არის ნომერ პირველი პასუხისმგებლობა. რაც უფრო აძლიერებს რუსეთი თავდასხმებს, მით უფრო იზრდება მოსახლეობის მხარდაჭერა თავდაცვის მკაცრი პოლიტიკის მიმართ. სინამდვილეში, ჩვენი მოქალაქეები გაცილებით უფრო მედეგნი არიან, ვიდრე რუსეთს ჰგონია. პუტინმა სათანადოდ უნდა შეაფასოს დემოკრატიული საზოგადოებების ძალა.
მე ნამდვილად ვთვლი, რომ თავდაცვითი ხარჯების გაზრდა აუცილებელია, თუმცა ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება გონივრულად და ეფექტიანად. დაუშვებელია ფულის ფლანგვა და არამიზნობრივი შესყიდვები.
მაგალითად, დრაგის ანგარიშის მიხედვით, დღეს ევროპა თავდაცვით შესყიდვებზე საშუალოდ 30%-ით მეტს იხდის, ვიდრე რეალურად გამართლებული იქნებოდა - და ალბათ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მოთხოვნის ზრდასთან ერთად ინდუსტრიის ხარჯებიც მკვეთრად იმატებს. ასეთი მდგომარეობა მიუღებელია. აუცილებელია, რომ თითოეულმა ევრომ რეალური შედეგი მოიტანოს, რადგან რესურსები სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ყოველი ხარჯი უნდა იყოს გამართლებული და შედეგზე ორიენტირებული.
როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? — კოორდინირებული და ერთობლივი შესყიდვებით. არ არის საჭირო თორმეტი სხვადასხვა მოდელის ტანკი — საკმარისია ერთი ან ორი. იგივე ეხება თვითმფრინავებსა და სხვა სისტემებსაც. აუცილებელია, რომ ტექნიკა იყოს თავსებადიც და, იდეალურ შემთხვევაში, ერთმანეთის შემცვლელიც.
ევროკავშირმა უნდა დანერგოს ნატოს სტანდარტები. მე პირადად მივესალმებოდი ნატოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებას. ეს გახდებოდა საფუძველი იმ საქმისთვის, რაც ევროკავშირს ყველაზე კარგად გამოსდის: საერთო ბაზრის შექმნა — ამ შემთხვევაში, თავდაცვის სფეროში. დღეს ასეთი ბაზარი არ არსებობს. ბევრ სხვა სექტორში უკვე გვაქვს, მაგრამ არა თავდაცვაში, რის გამოც ვაწყდებით არაეფექტურობას, გაბერილ ფასებსა და არასაკმარის მოცულობებს. ეს ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
თობიას კრემერი სამუშაო კაბინეტში, ფოტო - ზაზა აბაშიძე
თუ ჩვენი მოსახლეობა დაინახავს, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული ეფექტიანად და გამჭვირვალედ იხარჯება, თავდაცვითი ხარჯების მხარდაჭერა ძლიერი დარჩება. აუცილებელია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კერძო კომპანიების მხრიდანაც. ამავდროულად, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო: უსაფრთხოება მხოლოდ ტანკებსა და დრონებს არ ნიშნავს. ისინი აუცილებელია, თუმცა ნამდვილი უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია საზოგადოების მედეგობაზე, ერთიანობასა და სოლიდარობაზე. ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროეტებში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინვესტიციები თავდაცვაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის დეზინფორმაციისა და ჩვენი საზოგადოებების პოლარიზაციის მცდელობების ფონზე.
კარგი მაგალითია გერმანიის მთავრობის ქმედება: მათ დროებით შეაჩერეს „საგარეო ვალის ზღვარი“ თავდაცვითი ხარჯების გასაზრდელად და პარალელურად დაიწყეს 500 მილიარდი ევროს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების პროგრამა. ეს ცხადყოფს, რომ თავდაცვა და სოციალური მედეგობა შესაძლებელია და აუცილებელია ერთად განვითარდეს.
თქვენ ხშირად გამოგითქვამთ მხარდაჭერა ევროპის “სტრატეგიული ავტონომიის” იდეისადმი. ამასთან, საკმაოდ კრიტიკულად აფასებდით ტრამპის ადმინისტრაციას და ვაშინგტონის იზოლაციონისტურ ტენდენციებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოვავლინოს ევროპამ პრაქტიკაში სტრატეგიული ავტონომია? და ასეთ ვითარებაში, როგორ ხედავთ ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობის განვითარებას?
სწორედ გამიგეთ, მე კვლავ ვრჩები ტრანსატლანტიკური კავშირის ერთგულ მხარდამჭერად. ჩემი მეუღლე ამერიკელია, ამიტომ ეს ჩემთვის პირადი თემაც არის. თუმცა ვფიქრობ, ხშირად ჩვენ აშშ-ს ზედმეტად მარტივად ვუყურებთ, თითქოს ერთიანი ბლოკი ვიყოთ. სინამდვილეში, იქ ღრმა პოლიტიკური განაყოფებია და ტრამპი მთელ ამერიკას არ წარმოადგენს. მე მაინც მჯერა ამერიკული დემოკრატიისა და ინსტიტუტების, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სერიოზულ ტესტს გადიან. თუმცა უნდა ითქვას, რომ ტრამპი უფრო ფართო ტენდენციების სიმპტომია, რაც გულისხმობს აშშ-ის ფოკუსის მიმართვას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ და იზოლაციონისტური განწყობების ზრდას. გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეულწილად ეს გასაგებიცაა -
350 მილიონ ამერიკელს არ უნდა უწევდეს მთავარი ტვირთის ზიდვა, რათა დაიცვას 450 მილიონი ევროპელი, 140 მილიონიანი რუსთან წინააღმდეგ. ევროპამ თავად უნდა გააკეთოს მეტი.
მთავარი ის არის, რომ აშშ-ს ჩართულობის მიუხედავად, რეცეპტი ევროპისათვის ერთია — ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი ძალები, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ და დავანახოთ ყველას, რომ გვაქვს როგორც უნარი, ისე სურვილი საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებისთვის. თუ აშშ თავის როლს შეამცირებს, ეს შესაძლებლობები აუცილებელად დაგვჭირდება. თუ დარჩება, ევროპა უფრო ძლიერ და თანასწორ პარტნიორად იქცევა. ორივე შემთხვევაში, ევროპის ისარგებლებს აღნიშნული ცვლილებით.
როგორ ფიქრობთ, ევროკავშირში ამ საკითხებზე რეალური ერთიანობა არსებობს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მაგალითად, ბატონი ორბანისა და ბატონი ფიკოს პოზიციები ხშირად არაერთგვაროვანი ან სრულიად საპირისპიროც არის უკრაინის მიმართ. ჩეხეთში, რომელიც არჩევნების მოლოდინშია, არის ალბათობა, რომ ბაბიში ხელისუფლებაში დაბრუნდეს. რეალურად, რა სირთულეს შექმნის ასეთი შიდა წინააღმდეგობები თქვენი მიზნების მიღწევის გზაზე?
საბოლოოდ, გეოგრაფია განსაზღვრავს ყველაფერს. სამწუხაროდ, ქართველებმა ეს საკუთარი გამოცდილებით ძალიან კარგად იცით, და ჩვენ, ევროპელებიც, არა ნაკლებ ვაცნობიერებთ. როდესაც ამერიკაში ვიმყოფები, ხშირად მესმის ასეთი სიტყვები: „დიახ, ვიცით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს - მაგრამ ეს უპირველესად თქვენი პრობლემაა, რადგან მის მეზობლად ცხოვრობთ. ამიტომ თქვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ მის შეკავებაში.“ ეს მარტივი გეოგრაფიული რეალობაა.
ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს იმ ლიდერებზე, როგორებიც არიან ორბანი და ფიცსო, რომლებიც ამაყობენ დონალდ ტრამპთან ახლო ურთიერთობით. ნუთუ მართლა სჯერათ, რომ თუ პუტინი მათ ქვეყანას შეუტევს, ტრამპი გამონაკლისს დაუშვებს და მათ დასაცავად ჩაერთვება? მე ძლიერ მეჭვება. ამასთან, ამ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპისგან იშვიათი, მაგრამ საინტერესო განცხადებაც მოვისმინეთ: მან ორბანს მკაფიოდ მოუწოდა - „შეაჩერე რუსული გაზის ყიდვა.“ ამისთვის მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მადლობა, ბატონო ტრამპ.
იმედი მაქვს, ბუდაპეშტში ბატონი ორბანი დაფიქრდება იმაზე, ვინ არიან მისი ნამდვილი პარტნიორები — ვისზე შეუძლია რეალურად დაყრდნობა კრიტიკულ მომენტში. უნგრეთის ინტერესებშია, რომ კვლავ დაუბრუნდეს ევროპას, რადგან საბოლოოდ, ეს მისი ბუნებრივი გზა და ბედისწერაა. ჩვენ ერთად ვდგავართ ამ ბრძოლაში. სწორედ უნგრეთის ინტერესშია, რომ რუსეთმა არ გაჭყლიტოს და მე ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპი უნგრეთისთვის გამონაკლისს დაუშვებდა.
მიუხედავად ამისა, ფრთხილი ოპტიმიზმი მაინც მაქვს. ევროპულ ინსტიტუტებში უკვე ჩანს გარკვეული მოქნილობა: სულ უფრო ხშირად, თუ უნგრეთი წინააღმდეგია, დანარჩენი 26 ქვეყანა მაინც წინ მიიწევს. ეს უნგრეთს უხერხულ პოზიციაში ტოვებს — პოზიციაში, რომელიც, ჩემი აზრით, თავად უნგრელების უმრავლესობასაც არ მოსწონს.
სასიამოვნო ამბავია ის, რომ როგორც ევროპაში, ისე შეერთებულ შტატებში, ჩვენ კვლავ დემოკრატიებში ვცხოვრობთ. საბოლოო სიტყვას ხალხი ამბობს - სწორედ ისინი წყვეტენ, ემსახურება თუ არა ხელისუფლება მათ ნამდვილ ინტერესებს.
დასასრულს, მსურს თქვენს აკადემიურ გამოცდილებაზე გკითხოთ. თუ არ ვცდები, თქვენი სადოქტორო კვლევა ქრისტიანობასა და ულტრამემარჯვენე მოძრაობებს ეხებოდა. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ იდენტობას თანამედროვე ულტრამემარჯვენე ძალების წარმატებაში — განსაკუთრებით თქვენს ქვეყანაში? ხომ არ ფიქრობთ, რომ ტრადიციული პარტიები ხშირად ზედმეტად ტექნოკრატიულ ენას იყენებენ და ამით კარგავენ ამომრჩეველთან კავშირს, მაშინ როდესაც ულტრამემარჯვენეები ამ სიცარიელეს მარტივი პოპულიზმით ავსებენ?
არ ვეცდები ჩემი დისერტაციის შეჯამებას — ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა — თუმცა ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებებში აშკარად შეინიშნება იმ ტრადიციული კავშირების შესუსტება, რომლებიც ოდესღაც ადამიანებს აერთიანებდა. ეს ეხება ქრისტიანობის გავლენის შემცირებას, რადგან ადამიანები სულ უფრო მეტად სეკულარულები ხდებიან; კლასობრივი იდენტობის დაკარგვას; და რეგიონალური კავშირების დასუსტებასაც. ის საფუძვლები, რომლებიც ადამიანებს მყარ მიკუთვნებულობის შეგრძნებას აძლევდა, თანდათან ქრება ან იცვლება.
ეს, ერთი მხრივ, მასშტაბური სოციოლოგიური პროცესია. მაგრამ ამავდროულად ნიშნავს იმასაც, რომ ძველი იდენტობის საყრდენები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩნდება ბუნებრივი კითხვები: რა გვაერთიანებს? ვინ ვართ ჩვენ? ვინ ეკუთვნის ჩვენს საზოგადოებას და ვინ — არა? ეს კითხვები შეიძლება ნორმალური თანმდევი იყოს სოციალური ცვლილებების, მაგრამ ულტრამემარჯვენეები ცდილობენ მათ გამწვავებას. ისინი მიზანმიმართულად აღვივებენ ადამიანებში განცდას, რომ ისინი იზოლირებულნი და დაუცველნი არიან, რომ მათი იდენტობა საფრთხის ქვეშ დგას. ამას კიდევ უფრო აძლიერებს სოციალური მედიის მიერ შექმნილი „საინფორმაციო ბუშტები“, რომლებიც იწვევს პოლარიზაციას, მარტოობას და საზოგადოებრივი ერთიანობის დაშლას.
ამ გაურკვევლობას ულტრამემარჯვენეები შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ისინი პასუხს არ სცემენ კითხვას — ვინ ვართ ჩვენ? — არამედ სთავაზობენ პასუხს — ვინ არ ვართ ჩვენ. მათი მესიჯი ყოველთვის მიმართულია გარე „მტრისკენ“: ეს შეიძლება იყოს მიგრანტები, ელიტები ან „სხვა“.
ცენტრისტული და ლიბერალური პარტიებისთვის მთავარი გამოწვევაა, რომ მხოლოდ ტექნოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ დაეყრდნონ. მხოლოდ იმის თქმა, რომ „თუ ამას ავაშენებთ ან ამას მოვაგვარებთ, ყველაფერი მოგვარდება,“ საკმარისი აღარ არის. მათ უნდა აღიარონ იდენტობის ღრმა კრიზისი და შესთავაზონ ალტერნატივა: საერთო, ინკლუზიური იდენტობა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული, გამაერთიანებელია და არა გამყოფი.
ამასთან, ჩვენ გვაქვს ბევრი რამ, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მიუხედავად პრობლემებისა, მე ვერ წარმომიდგენია ადგილი მსოფლიოში, სადაც უფრო მეტად მომინდება ცხოვრება, ვიდრე ევროპაში.
ეს ერთადერთი სივრცეა, სადაც თავისუფლება, დემოკრატია და სოლიდარობა ერთად არსებობს. ხშირად ამას როგორც მოცემულობას ისე ვიღებთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს მაგალითი საოცრად შთამაგონებელია: იქ ხალხი უკვე 301 დღის განმავლობაში ყოველდღე გამოდის ქუჩაში, საკუთარი თავისუფლებისა და ქვეყნისთვის, ევროპული დროშის ქვეშ. ეს დროშა სიმბოლოა თავისუფლების, უკეთესი მომავლისა და ევროპული ცხოვრების წესის.
ეს ბრძოლა არა მხოლოდ ქართველებისთვისაა შთამაგონებელი, არამედ ჩვენთვისაც, ევროპელებისთვის. ის შეგვახსენებს, რა მნიშვნელოვანი ღირებულება გვაქვს უკვე შექმნილი. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამ მიღწევებით. დიახ, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს: ამ კონტინენტზე ჩვენ მართლაც უნიკალური რამ შევქმენით. ადამიანები მსოფლის მასშტაბით არ ცდილობენ გადასახლებას ჩინეთში ან რუსეთში - მათ სურთ ჩამოსვლა ევროპაში. ევროპული ცხოვრების წესი რეალურად ძალიან მიმზიდველია.
როგორც ცენტრისტული პარტიების ლიდერებს, არ უნდა შეგვრცხვეს ამის ხმამაღლა თქმა: ევროპა არის ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია. ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია და სოლიდარობა, მიუხედავად სირთულეებისა, უზარმაზარი მიღწევაა, რითიც თავაწეულებმა უნდა ვიამაყოთ .
და ბოლოს, რას ეტყოდით ქართველებს, რომლებიც უკვე 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან?
ჩემთვის საქართველო ამ მხრივ მართლაც შთამაგონებელია. იმის დანახვა, რომ ადამიანები უკვე 300 დღეზე მეტია იბრძვიან, ხელში ევროპულ დროშებს ატარებენ როგორც თავისუფლების სიმბოლოს, შეგვახსენებს, რაოდენ ფასეულია ჩვენი მოდელი. ევროპაში ზოგჯერ გვავიწყდება ეს, თუმცა სინამდვილეში ეს არის ღირებულება, რომლის დაცვაც აუცილებელია — და რომლის გამოც ნამდვილად ღირს სიხარული.
მიუხედავად პრობლემებისა, მე ვერ წარმომიდგენია ადგილი მსოფლიოში, სადაც უფრო მეტად მომინდება ცხოვრება, ვიდრე ევროპაში.