რუმინეთის არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა გაიმარჯვა

რუმინეთის ნაციონალისტური პარტიის "ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის" ლიდერმა ჯორჯ სიმიონმა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონი ხმების 40.1%-ით ლიდერობს. მან ხმების უმრავლესობა ვერ მიიღო, ამიტომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
State Of Play: მეორე ადგილზეა მემარჯვენე ცენტრისტული "რუმინეთის ხსნის კავშირის" დამფუძნებელი და ბუქარესტის მერი ნიკუსორ დანი - 20.8%, მას მცირე სხვაობით ჩამორჩება კრინ ანტონესკუ (20.4%), რომელსაც მხარს უჭერს მემარცხენე ალიანსი "რუმინეთი, წინ."
- ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ გაირკვევა, რომელი მათგანი გავა მეორე ტურში.
- ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში ხმა დაახლოებით 9.57 მილიონმა ადამიანმა მისცა და აქტივობა 53.2% იყო.
- საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ხმა 973 ათასმა ადამიანმა მისცა.
- 4 მაისს სიმიონმა თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს კალინ ჯორჯესკუს ხელისუფლებაში მოიყვანს.
Big Picture: სიმიონმა თავისი კანდიდატურა წინა არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ წამოაყენა. მაშინ კალინ ჯორჯესკუმ მოულოდნელად მიიღო ხმების 23% და მეორე ტურში მემარჯვენე-ცენტრისტ ელენა ლასკონის წინააღმდეგ გავიდა, რომელსაც 19%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა..
- თუმცა, 2024 წლის 6 დეკემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა, ჯორჯესკუს სასარგებლოდ არჩევნებზე საგარეო ჩარევის დამადასტურებელი სადაზვერვო ინფორმაციის არსებობის მოტივით.
- გარდა ამისა, სასამართლომ ჯორჯესკუს უარი უთხრა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ სოციოლოგები მას ფავორიტად მიიჩნევდნენ. 2025 წლის თებერვლის ბოლოს რუმინეთის პროკურატურამ ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრა.
- მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს კონსტიტუციური წესრიგის საწინააღმდეგო ქმედებების წაქეზებას, ცრუ ჩვენების მიცემას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ფაშისტური და ანტისემიტური ორგანიზაციის შექმნას. პოლიტიკოსი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.