რუსეთის ელჩი შვედეთში: დავა**ით დასავლეთის სანქციებს
"დავა**ით სანქციებს." - თქვა რუსეთის ელჩმა შვედეთში ვიქტორ ტატარინცევმა გამოცემა Aftonbladet-თან ინტერვიუში.
"ჩვენ უკვე ბევრჯერ დაგვიწესეს სანქციები და მათ ჩვენს ეკონომიკაზე და სოფლის მეურნეობაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდათ. უფრო დამოუკიდებლები ვართ და ექსპორტი გავზარდეთ. არ გვაქვს იტალიური და შვეიცარიული ყველი, მაგრამ იტალიური და შვეიცარიული რეცეპტებით ისეთივე კარგი რუსული ყველის გაკეთება ვისწავლეთ." - განაცხადა ტატარინცევმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ახალი სანქციები ისეთი სახიფათო არ არის, როგორც დასავლეთი მათ წარმოაჩენს. ტატარინცების თქმით, დასავლეთს რუსეთის მენტალიტეტი არ ესმის. ელჩმა აღნიშნა, რომ "რაც უფრო დიდი ზეწოლა იქნება რუსეთზე, მით უფრო მძიმე იქნება რუსების საპასუხო რეაქცია."
შვედურ გამოცემასთან ინტერვიუში ელჩმა NATO-ში შვედეთის შესაძლო გაწევრიანებაზეც ისაუბრა. ტატარინცევმა NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა და აღნიშნა, რომ მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას.