რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი: პუტინის რეიტინგი კვირებია ეცემა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში ვლადიმირ პუტინის რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა.

ჩაშლილად: ВЦИОМ-ის კვლევის თანახმად, პრეზიდენტის მუშაობით გამოკითხულთა 66.7% არის კმაყოფილი, პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი კი 72%-მდე შემცირდა. პარალელურად, იკლებს პარტია "ედინაია როსიის" რეიტინგიც (27.3%).

  • კვლევით ცენტრს არ დაუზუსტებია რასთან კავშირშია რეიტინგის შემცირება.

  • დამოუკიდებელი მედიის და ექსპერტების აზრით, რუსეთის ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების ზრდა ბოლო პერიოდში Telegram-ის ბლოკირებას უკავშირდება.

  • გამოცემა "ვიორსტკას" ინფორმაციით, მარტში, ტელეგრამის ბლოკირების პარალელურად, რუსეთის მოქალაქეებმა მასიურად დაიწყეს ბელარუსში უძრავი ქონებისა და ბინადრობის უფლების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

კონტექსტი: ეს არის ყველაზე დაბალი ნდობისა და მხარდაჭერის რეიტინგები, რომელიც პუტინს ომის დაწყების შემდეგ ჰქონდა.

  • 2022 წლის 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგები შეადგენდა 67.2% და 70.4%.

წინარე ისტორია: რუსეთში Telegram-ის დაბლოკვის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა მთავარი მესენჯერის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო წლებში არ გარისკა.

  • დღეს ტელეგრამი ერთადერთი პლატფორმაა, რომლიდანაც რუსეთის მოსახლეობა ობიექტურ და დამოუკიდებელ ინფორმაციას იღებს.

  • მაგრამ მესენჯერს აქტიურად იყენებენ პროსამთავრობო ძალებიც - კრემლის პროპაგანდისტები, Z-ბლოგერები და ფრონტზე მყოფი უბრალო ჯარისკაცებიც, რომელთაც ოჯახთან ტელეგრამით აქვთ კომუნიკაცია.

  • აღსანიშნავია, რომ Telegram-ის ბლოკირებას რამდენიმე მართული ოპოზიციური ძალაც აპროტესტებს. კვლევების თანახმად ამ ძალებისადმი მხარდაჭერა ბოლო პერიოდში გაზრდილია.

სიღრმისეულად: 2026 წლიდან შესამჩნევი გახდა, რომ პროსამთავრობო საზოგადოებაში პუტინით უკმაყოფილება ნელ-ნელა იზრდება. 

  • ინტერნეტ შეზღუდვების გარდა, სახეზეა ეკონომიკური უკუსვლა და გაჭიანურებული ომი.

  • 17 აპრილს რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულად არის გაზრდილი.

  • გარდა ამისა, რამდენიმე Z-ბლოგერმა გააკრიტიკა ომის გაჭიანურება. ერთ-ერთი მათგანი ილია რემესლო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

  • პუტინის მთავრობა გააკრიტიკა ასევე ე.წ. ინფლუენსერმა ვიქტორია ბონიამ. მან ვიდეომიმართვაში პრეზიდენტს დახმარება სთხოვა. მალევე ბონიას წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა - ინფლუენსერს განმარტებების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწია.

მსგავსი სიახლეები