"რუსეთს არ ძალუძს ჰეგემონობა ევროპაში"- აშშ-ს თავდაცვის ახალი სტრატეგია
პენტაგონმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის ფოკუსში ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტის მსგავსად შიდა გამოწვევებია.
ვითარების არსი: თავდაცვის ახალი სტრატეგია ოთხი წელიწადში ერთხელ ქვეყნდება - 2026 წლის დოკუმენტი პენტაგონის ვებგვერდზე 23 იანვარს გამოქვეყნდა.
- შიდა გამოწვევების გარდა, 34-გვერდიან დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებისთვის დახმარების შემცირებაზე.
- რუსეთი დასახულია როგორც "მუდმივი, მაგრამ მართვადი საფრთხე ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისთვის."
- "ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში აშშ-ს მთავრობა უგულებელყოფდა ამერიკელების და მათი ინტერესების პრიორიტეტულობის იდეას, ან სულაც უარყოფდა მას"- ნათქვამია დოკუმენტში.
დაეწიე ამბავს: 2022 წლის სტრატეგიაში მთავარ გამოწვევად დასახელებული იყო ჩინეთისგან მომავალი საფრთხე, ხოლო 2018 წელს "რევიზინიოსტული ქვეყნების (რუსეთი და ჩინეთი) მოქმედებები.
- მაგრამ ამჯერად, პენტაგონი "ცივი ომის დასრულების შემდეგ მოქმედი ადმინისტრაციების გრანდიოზული სტრატეგიებისგან პრინციპულად განსხვავებულ მიდგომაზე" საუბრობს.
ჩაშლილად: დოკუმენტში ხაგზასმულია, რომ ამერიკის მოკავშირეებმა თავის თავზე უნდა აიღონ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სანამ ამერიკა "უკომპრომისოდ დაიცავს თავის ინტერესებს დასავლეთ ნახევარსფეროში."
- პენტაგონის ახალი სტრატეგია ხშირად იმეორებს და ეყრდნობა გასულ დეკემბერში გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიის სულისკვეთებას - მათ შორის ევროპის მწვავე კრიტიკის ნაწილშიც.
- მწვავე კრიტიკის გარდა, საუბარია მოკავშირეების დახმარების შემცირების გადაწყვეტილებაზე, "რათა ისინი თვითონვე დადგნენ მყარად ფეხზე."
- "ევროპასა და სხვა რეგიონებში ჩვენი მოკავშირეები შეასრულებენ მთავარ როლს იმ საფრთხეებთან დაპირისპირებაში, რომელიც მათთვის უფრო სერიოზულია, ვიდრე ჩვენთვის"- ნათქვამია დოკუმენტში.
სტრიქონებს შორის: წინა წლებისგან განსხვავებით, დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები ტაივანი, ხოლო ჩინეთი ამერიკის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდაა მოხსენიებული.
- ჩინეთს შეკავებას ტრამპის ადმინისტრაცია "არა კონფრონტაციის, არამედ ძალის მეშვეობით" გეგმავს.
რუსეთი პენტაგონის შეფასებით, რუსეთი ახლო მომავალში "მუდმივ, მაგრამ მართვად" საფრთხედ დარჩება ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოებისთვის.
- სტრატეგიის ავტორების შეფასებით, რუსეთი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და დემოგრაფიულ სირთულეებს განიცდის, მაგრამ რჩება "ძლიერ სახელმწიფოდ, ძლიერი არმიითა, ძლიერი ინდუსტრიით და მსოფლიოს უმსხვილესი ბირთვული არსენალით."
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ პენტაგონი დაიცავს ამერიკას რუსეთისგან მომავალი საფრთისგან, მაგრამ "გააგრძელებს თავისი როლის კალიბრაციას ნატოს შიგნით."
- "მოსკოვს არ ძალუძს ევროპაში ჰეგემონობაზე პრეტენდენტობა"- ნათქვამია სტრატეგიაში და ამის მიზეზად ერთობლივად ევროპული ქვეყნების ეკონომიკასა და მოსახლეობის რაოდენობაში უპირატესობას ასახელებენ.
ევროპა სტრატეგიის ავტორების შეფასებით, ევროპა მნიშვნელოვან რეგიონად რჩება, თუმცა უახლოეს მომავალში კონტინენტის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდება.
- "ჩვენ შევინარჩუნებთ ჩართულობას ევროპაში, მაგრამ ჩვენ მოგვეწევს და პრიორიტეტს მივცემთ შიდა უსაფრთხოების დაცვას და ჩინეთის შეკავებას."
- უკრაინის ომთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ აქ მთავარი როლი ევროპამ უნდა შეასრულოს "ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ შეზღუდული როლით."