სიდნეიში ჰანუკის დღესასწაულის აღნიშვნისას ტერაქტი მოხდა, დაიღუპა 12 ადამიანი
14 დეკემბერს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე სროლა მოხდა. ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შავ ტანსაცმელში ჩაცმულმა რამდენიმე ადამიანმა ცეცხლი გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი.
სროლა ებრაული დღესასწაულის - ჰანუკის პირველ დღეს მოხდა, რომელიც წელს 14-22 დეკემბერს აღინიშნება. სანაპიროზე ადგილობრივი ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.
ჩაშლილად: თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა მინიმუმ 50-ჯერ გაისროლეს, სროლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სანაპიროზე შეკრებილი ადამიანების ნაწილს სროლა ფეიერვერკის ხმა ეგონა.
- სამართალდამცავების განცხადებით, მსროლელი სამი იყო. ერთი მათგანი ადგილზე პოლიციამ მოკლა, კიდევ ერთი თავდამსხმელი დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს.
- შტატის პოლიციის კომისარის, მელ ლეიონის თქმით, დაჭრილია 29 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი. ლეონმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია.
- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი გამვლელმა განაიარაღა.
- News.com.au-ს ცნობით, გამვლელი, რომელმაც თავდამსხმელი განაიარაღა ხილ-ბოსტნის დახლის მფლობელი, 43 წლის აჰმედ ალ-აჰმედია.
სიღრმისეულად: შემთხვევას ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერმინისტრმა, კრის მენსმა სიდნეის ებრაულ სათვისტომოზე თავდასხმა უწოდა.
- ისრაელელი ჟურნალისტის, ნაფტალი ჰანანიას ცნობით, ადგილზე დაიღუპა რაბინი ელი შლანგერი. გარდა ამისა, დაშავებულთა შორის არის ისრაელი-ავსტრალიის საბჭოს თავმჯდომარე არსენ ოსტროვსკი.
- გამოცემა ABC-მ, წყაროებზე დაყრდნობით ერთ-ერთ თავდამსხმელად ნარვიდ აქრამი დაასახელა. მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
- სროლის ადგილას სამართალდამცავებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები.