ტრამპი: სი დამპირდა, რომ სანამ პრეზიდენტი ვარ არ შეეცდება ტაივანის მიერთებას
დონალდ ტრამპის თქმით, სამხრეთ-კორეაში გამართულ შეხვედრაზე სი ძინფინგი დაპირდა, რომ არ შეეცდება ტაივანის მიერთებას - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაცხადებული მიზანი - სანამ ის (ტრამპი) პრეზიდენტია.
ვითარების არსი: ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, სი ძინფინგთან გამართულ შეხვედრაზე არ განუხილავს ტაივანის საკითხი და საუბარი ძირითადად ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო უთანხმოებებს ეხებოდა.
- "მან პირდაპირ მითხრა, რომ ის არაფერს გააკეთებს (რედ. ტაივანთან მიმართებით) სანამ მე პრეზიდენტი ვარ, იმიტომ, რომ მათ იციან თუ რა შედეგები ექნება ამას"- ამბობს დონალდ ტრამპი CBS-სთან ინტერვიუში (60 Minutes).
ჩაშლილად: ჟურნალისტის კითხვაზე გამოიყენებს თუ არა სამხედრო ძალას ჩინეთის მხრიდან თვითმმართველ კუნძულზე შეტევის შემთხვევაში ამერიკელმა პრეზიდენტმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა.
- "როცა ეს მოხდება გაიგებთ და დამერწმუნეთ, მან (რედ. სი ძინფინგმა) იცის პასუხი ამ კითხვაზე"- განაცხადა ტრამპმა.
დიდი სურათი: თავის მხრივ, კითხვას პირდაპირ არ უპასუხეს ჩინეთის საელჩოშიც და განაცხადეს, რომ არასდროს მისცემენ შესაძლებლობას რომელიმე ადამიანს ან ძალას განაცალკევოს ტაივანი ჩინეთისგან.
- "ტაივანი ჩინეთის საქმეა და ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების ბირთვია. როგორ უნდა გადაწყდეს ტაივანის საკითხი ეს ჩინელი ხალხის საქმეა"- ნათქვამია ამერიკაში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
კონტექსტი: ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ. მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერლის, ჩან კაიშის პარტია მართავდა. ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს ის თუნდაც ძალის გამოყენებით.
- ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
- ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს - მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.