ტრამპისა და სის შეხვედრამდე აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები განახლდა
რამდენიმე საათის წინ მალაიზიაში შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა სავაჭრო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გახსნეს - მოლაპარაკებები დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება.
ვითარების არსი: ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტია, ჩინეთის დელეგაციას კი პრემიერი ჰე ლიფენგი - მოლაპარაკებებს წინ უძღოდა ქვეყნებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ესკალაცია.
- დასავლური მედიის ცნობით, სწორედ კუალა-ლუმპური მიმდინარე მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული ტრამპისა და სის შეხვედრის შედეგები.
- აშშ-ს და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა 30 ოქტომბერს მალაიზიაში გასამართი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართება.
- თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს დონალდ ტრამპისა და სი ძინფინგის პირველი შეხვედრა იქნება - ჯამურად აზიაში დონალდ ტრამპი 1 კვირას დაჰყოფს, რაც მოიცავს ვიზიტებს სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
დაეწიე ამბავს: მსოფლიოს 2 უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სავაჭრო ომი აპრილში ტრამპის მიერ გამოცხადებული 145%-იანი საბაჟო ტარიფებით დაიწყო, რასაც ჩინეთმა სარკისებურად უპასუხა.
- მომდევნო თვეებში სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგად ქვეყნებმა დროებითი ზავი გამოაცხადეს, რომელიც ბოლოს აგვისტოში გახანგრძლივდა და 10 ნოემბრამდეა ძალაში.
- მხარეები ერთმანეთს პერიოდულად შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებენ - გასულ კვირებში ჩინეთმა გაამკაცრა ე.წ. იშვიათი მეტალების საექსპორტო ლიცენზიების კონტროლი.
- პეკინის მოქმედებებზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება ნოემბრიდან ჩინურ იმპორტზე 100%-იანი ტარიფები ამოქმედდება.
დიდი სურათი: "პრეზიდენტ სისთან ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვფიქრობ კარგი შეხვედრა გვექნება"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა აზიაში გამგზავრებამდე.
- ტრამპის ოპტიმიზმის მიუხედავად, დასავლური გამოცემები ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სი ძინფინგი არ აპირებს იშვიათი მინერალების საექსპორტო კონტროლის შემსუბუქებას.
კონტექსტი: ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვს