უკრაინის მოსამარაგებლად აშშ 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებას მნიშვნელოვნად ზრდის - WP

შეერთებული შტატები 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდის, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმარისი ჭურვებით უზრუნველყოს.

ამ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

ამერიკის ადმინისტრაცია ახლა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული, რაც უკრაინისთვის კრიტიკული აღმოჩნდა კონტრშეტევის დროს.

ზამთარში უკრაინულმა ჯარმა წვრთნა გაიარა თანამედროვე, კომბინირებულ მანევრებში, მაგრამ უკრაინამ, სავარაუდოდ, "ძირითადად უარი თქვა ამ ტაქტიკაზე და ამის ნაცვლად გადაწყვიტა დამღლელი საარტილერიო ბრძოლა რუსული დანაღმული ველებისა და თხრილების ხაზების გარღვევის მცდელობისას."

აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინას საარტილერიო ჭურვებით საიმედო მომარაგება დასჭირდება.

The Washington Post ამტკიცებს, რომ "უკრაინულმა ძალებმა სამხრეთის ფრონტზე საბრძოლო უპირატესობა საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ გადაცემული შორ დისტანციაზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით მოიპოვეს, რადგან რუსული საბრძოლო მასალის საცავებს ფრონტის ხაზს მიღმა ბომბავენ."

უკრაინულ ძალებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ეს დარტყმები ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის თავდაცვის ხაზებს გაარღვევს.

2022 წლის თებერვლიდან პენტაგონმა 155 მმ-იანი ჭურვების შესაძენად 2.26 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა, რამაც ხელი შეუწყო აშშ-ში ამ ტიპის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას თვეში 14 000-დან დაახლოებით 20 000-მდე.

მალე წარმოებამ თვეში 28 000 ერთეულს უნდა მიაღწიოს, 2025 წლის შემოდგომისთვის კი წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება იგეგმება.

ჭურვების წარმოებაში სხვადასხვა კომპანიაა ჩართული. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასევე ინვესტიციას დებს პროდუქციის ხაზების გაფართოებაში.

ამ დროისთვის, ამერიკელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ კასეტური საბრძოლო მასალა ხელს შეუწყობს უკრაინელთა შეტევას, ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის წარმოების ზრდამდე.

მათივე თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში გაგზავნილი საარტილერიო საბრძოლო მასალის შემადგენლობაში მეტი კასეტური ჭურვი იქნება.

ამ პრობლემის მოგვარებას ევროკავშირიც ცდილობს. მაგალითად, ზაფხულში ევროკავშირმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც წელიწადში 650 000 მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოებას ითვალისწინებს. ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მომდევნო 12 თვის განმავლობაში მიაწოდოს.

მსგავსი სიახლეები