ანდრეი ტროშევი - პუტინმა პრიგოჟინის შემცვლელი დაასახელა და კრემლში შეხვდა

ვლადიმირ პუტინმა ვაგნერის შტაბის ყოფილი უფროსს, ანდრე ტროშევს მოხალისეობრივი დანაყოფების შექმნა დაავალა. 

შეხვედრა გუშინ, 28 სექტემბერს შედგა და მასში ტროშევის გარდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იუნუს-ბეკ ევკრუვი მონაწილეობდა. 

კრემლის საიტზე გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ნათელი ხდება, რომ ამიერიდან სწორედ ანდრეი ტროშევი ჩაუდგება ვაგნერის ნარჩენების ოპერაციებს. 

დმიტრი პესკოვის თქმით, ანდრეი ტროშევი უკვე მუშაობს თავდაცვის სამინისტროში. როგორც ჩანს, ტროშევის ხელით შეეცდება კონტროლი დაამყაროს ვაგნერის აქტივებსა და ოპერაციებზე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 

ამაზე მეტყველებს შეხვედრაში იუნუს-ბეკ ევკუროვის მონაწილეობაც, რომელიც ბოლო წლებში ხშირად ხვდება იმ აფრიკული ქვეყნების ლიდერებს სადაც ვაგნერი "მუშაობდა." 

მოსალოდნელია, რომ დაჯგუფების სახელი წარსულს ჩაბარდება, ყოველ შემთხვევაში შეხვედრის სტენოგრამაში ვაგნერი ნახსენები არ არის. პუტინი შეხვედრის დასაწყისში ამბობს, რომ ტროშევი უკვე დაკავებულია მოხალისეობრივი დანაყოფების ფორმირებით - "თქვენ ერთი წლის განმავლობაში ომობდით ასეთი დანაყოფის შემადგენლობაში",- განაცხადა პუტინმა ვაგნერის დასახელების გარეშე. 

კონტექსტი 

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ანდრეი ტროშევმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა დანაყოფებმა უარი თქვეს ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებულ ამბოხში მონაწილეობაზე. ტროშევმა და მისმა დანაყოფებმა ამბოხიდან მალევე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტროსთან. 

მაღალი ალბათობით სწორედ ტროშევის მეთაურობის ქვეშ მყოფ დანაყოფებში სთავაზობდა სამსახურის გაგრძელებას პუტინი ვაგნერის სხვა მეთაურებს 29 ივნისს კრემლში გამართული შეხვედრის დროს. 

მიმდინარე კვირას რუსულ ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტროშევის მიერ კონტროლირებადი ვაგნერელები კვლავ გამოჩნდნენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ კი ბახმუტთან. ვაგნერელების გამოჩენას ადასტურებს უკრაინის გენერალური შტაბიც. 

რუსული წყაროების ცნობით, ტროშევი ბელარუსსა და აფრიკაში დარჩენილი ვაგნერელების რეკრუტირებას ცდილობს. ამასთანავე ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ საუბარია მხოლოდ იმ ვაგნერელებზე, რომლებმაც უარი თქვეს ამბოხში მონაწილეობაზე. 

ანდრეი ტროშევი მეტსახელად სედოი რუსეთის შეიარაღებული ძალების ვეტერანია - მონაწილეობდა ავღანეთისა და ჩეჩნეთის ორივე ომში. თადარიგში გასვლის შემდეგ მუშაობდა OМОН-ის სტრუქტურებში, მოგვიანებით კი ხელმძღვანელობდა სპეციალური სწრაფი რეაგირების ძალებს (СОБР) ჩრდილო-დასავლეთ ოლქში. 

მალევე ტროშევი ახლადშექმნილ ვაგნერში გადავიდა, სასანქციო დოკუმენტების მიხედვით კომპანიაში გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ტროშევი სირიაში ვაგნერის შტაბის მეთაურიც იყო. ვლადიმირ პუტინის 2016 წლის დახურული ბრძანებით დაჯილდოვებულია რუსეთის გმირის წოდებით. 

მსგავსი სიახლეები