ტრამპის საბოლოო წინადადება - რას იღებს რუსეთი და რას იღებს უკრაინა

დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული "საბოლოო წინადადება" პრაქტიკულად ავალდებულებს კიევს შეეგუოს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციას, უსაფრთხოების ქმედითი გარანტიების გარეშე. 

State Of Play: ტრამპის შეთავაზების შინაარსის შესახებ ინფორმაციას ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს. 17 აპრილს პარიზში გამართულ შეხვედრაზე 1-გვერდიან დოკუმენტის წარდგენისას შტატების წარმომადგენლებმა პარტნიორებს განუმარტეს, რომ ინიციატივის ჩავარდნის შემთხვევაში ვაშინგტონი შეწყვეტს შუამავლობას კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. 

  • ამერიკული გეგმა პრაქტიკულად ავალდებულებს უკრაინას მიიღოს და შეეგუოს საკუთარი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. 

  • Financial Times-ის ცნობით, პუტინი მზად არის კონფლიქტი ფრონტის არსებულ ხაზებზე გაყინოს და არ მოითხოვს დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქების იმ მიწებს, რომელსაც ისედაც ვერ აკონტროლებს, მაგრამ კონსტიტუციაში რუსეთის ტერიტორიად არის აღიარებული. 

  • ამასთანავე ტრამპის გეგმა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას - ინიციატივის კატეგორიული მიუღებლობის შესახებ არაერთხელ განაცხადეს როგორც კრემლში, ასევე, საგარე საქმეთა სამინისტროში. 

  • Axios-ის უკრაინული წყარო გამოცემასთან საუბარში წინანადებას რუსეთისთვის მეტად ხელსაყრელს უწოდებს - "ინიციატივაში ჩამოთვლილია ხელშესახები და მკაფიო ბენეფიტები, რომელსაც რუსეთი მიიღებს, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი და ზოგადია, თუ რას მიიღებს უკრაინა."

რას იღებს რუსეთი ტრამპის წინადადებით: 

  1. შეერთებული შტატების მიერ ყირიმის დე-იურე რუსეთის ტერიტორიად აღიარებას;
  2. დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქების ოკუპირებული ნაწილების დე-ფაქტო აღიარებას;

  3. ოფიციალურ დაპირებას, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი - ამასთანავე დოკუმენტში დაკონკრეტებულია, რომ უკრაინას შეუძლია გაწევრიანდეს ევროკავშირში;

  4. 2014 წლიდან მოყოლებული სანქციების გაუქმება; 

  5. გაძლიერებული ეკონომიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და მძიმე ინდუსტრიაში;

რას იღებს უკრაინა ტრამპის წინადადებით:

  1. უსაფრთხოების "ძლიერ" გარანტიებს, მათ შორის ევროპელი და მსურველი არაევროპული ქვეყნების მონაწილეობით სამშვიდობო კონტინგენტის განლაგებას. დოკუმენტი ძალიან ბუნდოვანია კონტინგენტის მანდატისა და მისიის ნაწილში, ასევე არ ითვალისწინებს ამერიკის ჩართულობას; 

  2. რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკივის ოლქის მცირე ნაწილს; 

  3. შეუზღუდავი ნაოსნობის უფლებას მდინარე დნეპრზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში; 

  4. ასევე კომპენსაციასა და დახმარებას ქვეყნის რეკონსტრუქციაში, თუმცა აქაც არ არის დაკონკრეტებული საიდან წამოვა თანხები; 

ტრამპის წინადადების სხვა ელემენტები: 

  • ზაპორიჟიიის ატომური ელექტრო სადგური მართვისთვის გადაეცემა შეერთებულ შტატებს, ამასთანავე სადგურისა და მიმდებარე ტერიტორიები აღიარებული იქნება უკრაინის ნაწილად, თუმცა მისგან გამომუშავებულ ენერგიას ამერიკული ადმინისტრაცია რუსეთს და უკრაინას გაუნაწილებს;

  • დოკუმენტში, ასევე ნახსენებია შეთანხმება იშვიათი მინერალების მოპოვების შესახებ, რომელსაც ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ხელი ხვალ, 24 აპრილს უნდა მოეწეროს. 

Big Picture: დასავლური მედიის ინფორმაციით გეგმის კონტურები სტივ უიტკოფსა და ვლადიმირ პუტინის რიგით მესამე შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა. გეგმის წარდგენის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ყველასთვის მოულოდნელად სააღდგომო ზავი გამოაცხადა - არაერთი ანალიტიკოსის ცნობით, ეს მანიშნებელია, რომ პუტინი მზად არის სერიოზულად განიხილოს ტრამპის წინადადება. 

  • ვითარებაში გაცნობიერებული წყაროს ცნობით, წინადადება საბოლოოდ მარკო რუბიოსა და სტივ უიტკოფის კოორდინირებული, მჭიდრო მუშაობის შემდეგ ჩამოყალიბდა. 

  • სავარაუდოა, რომ მიმდინარე კვირას გეგმის კონკრეტული განხილვისთვის უიტკოფი კიდევ ერთხელ ეწვევა მოსკოვს, სადაც მეოთხედ შეხვდება ვლადიმირ პუტინს. 

Context: ამერიკელების მიერ წარდგენილი წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა არამხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ევროპელებისთვისაც. წყაროების ცნობით, უკრაინელებმა ამერიკელ პარტნიორებს წინასწარ აცნობეს, რომ ლონდონში გასამართ შეხვედრაზე მზად იქნებოდნენ პირველ რიგში განეხილათ 1-თვიანი ზავი და შემდეგ სხვა ყველაფერი. 

  • New York Times-ის ცნობით, სწორედ უკრაინელების პოზიცია გახდა რუბიოს მიერ ლონდონში დაგეგმილი ვიზიტის გადადების მიზეზი. 

  •  

მსგავსი სიახლეები