რუსეთის სანქციების სანაცვლოდ ტრამპი ნატოს თხოვს ჩინეთს 50%-იანი ტარიფები დაუწესოს

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების და ძველი სანქციების გამკაცრების სანაცვლოდ დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტას და ჩინეთისთვის მინიმუმ 50%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას თხოვს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, ტრამპი ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვებს შოკისმომგვრელს უწოდებს და წერს, რომ მზად არის მკაცრი სანქციების დასაწესებლად, როდესაც შესაბამისი პირობები იქნება დაკმაყოფილებული. 

  • "როგორც იცით ნატოს მხრიდან გამარჯვების ნებისყოფა 100%-ზე ბევრად ნაკლებია. ეს ძალიან ასუსტებს ჩვენს პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან და გვართმევს ზეწოლის ბერკეტს"- წერს დონალდ ტრამპი. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის კიდევ ერთი პირობა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან ჩინეთისთვის 50-დან 100%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებაა - "ეს ძალიან დაგვეხმარება ამ საშინელი, მაგრამ უაზრო ომის დასრულებაში." 

  • ტრამპის თქმით, ჩინეთი "სრულად აკონტროლებს" რუსეთს და ნატოს მხრიდან დიდი საბაჟო ტარიფების დაწესება - რომელიც მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაუქმდება - უბიძგებს პეკინს მოსკოვის საომარი მოქმედებების შეწყვეტა აიძულოს.

  • ტრამპი წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის მისი ომი და ეს "ბაიდენისა და ზელენსკის ომია" ხოლო მისი ერთადერთი მისია ომის დასრულებაა - "თუ კი ნატო ისე მოიქცევა როგორც ვამბობ ომი მალე დასრულდება, თუ არა ისინი უბრალოდ ჩემს დროს ფლანგავენ."

სტრიქონებს შორის: გასული კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ახლოსაა რუსეთის მიმართ წნეხის გასაძლიერებლად, მათ შორის სანქციების გამკაცრებისა და ახალი პაკეტის მიღების გზით, თუმცა ჯერ ამის გაკეთებაზე უარს ამბობს. 

  • გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ტრამპი გარემოცვის ახლო წევრებთან პირად საუბრებში ამბობს, რომ ცდებოდა, როდესაც მიაჩნდა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. 

  • ტრამპის დღევანდელ პოსტს წინ უძღოდა მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც გამოხატავდნენ რუსეთზე წნეხის გაზრდის მზაობას, თუმცა ამისთვის ევროპელი პარტნიორების ჩართულობას მოითხოვდნენ. 

  • 12 სექტემბერს გამართულ დიდი შვიდეულის შეხვედრაზე აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია მეორადი საბაჟო ტარიფების დაწესება ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ. 

კონტექსტი: ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები თურქეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არიან. 

  • ღია წყაროების მიხედვით თურქეთზე რუსეთის ნავთობის წლიური ექსპორტის 6% მოდის, საუბარია დღეში დაახლოებით 300 ათას ბარელზე. 

  • უნგრეთიც და სლოვაკეთიც ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათას ბარელ ნავთობს ყიდულობენ. 

სიღრმისეულად: სენატის ორპარტიული ჯგუფი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობას ითხოვს

მსგავსი სიახლეები