მერცთან კამათის ფონზე ტრამპი გერმანიაში ჯარების შემცირებას განიხილავს

გერმანიის კანცლერთან დისტანციური კამათის ფონზე დონალდ ტრამპის თქმით ქვეყანაში განლაგებული ამერიკის სამხედრო კონტინგენტის შემცირებას განიხილავს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს

  • "შეერთებული შტატები სწავლობს და განიხილავს გერმანიაში განლაგებული ჯარების რაოდენობის შემცირებას. გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ. მადლობა ყურადღებისთვის"- ნათქვამია ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

წინარეისტორია: გერმანიის კანცლერსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 აპრილს სტუდენტებთან საუბარში, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის დასრულების ეფექტური სტრატეგია არ აქვს. 

  • "ირანელი ლიდერები და რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამცირებენ ამერიკელ ხალხს"- თქვა მერცმა. 

  • ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპმა პირველად მომდევნო დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ "მერცმა არ იცის რაზე ლაპაკობს." 

დიდი სურათი: გერმანია კონტინენტურ ევროპაში ამერიკის უმსხვილეს სამხედრო ინფრასტრუქტურას მასპინძლობს, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს ამერიკის სამხედრო ოპერაციების ლოჯისტიკის უზრუნველყოფაში მათ შორის ახლო აღმოსავლეთშიც. 

  • ქვეყანაში ამერიკის მსხვილი სამხედრო და საწვრთნელი ბაზის გარდა მოქმედებს უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ჰოსპიტალი, რომელშიც მათ შორის ირანთან მიმდინარე ომში დაშავებულ ჯარისკაცებს მკურნალობენ. 

  • ამ დროისთვის გერმანიაში 30-დან 35 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. 

კონტექსტი: საყურადღებოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დონალდ ტრამპი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე საუბრობს. 

  • მეტიც, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს 2020 წელს ტრამპმა გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცის გამოყვანის ბრძანება გასცა - მიზეზი კანცლერ მერკელის მთავრობასთან თავდაცვის ხარჯებისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე არსებული უთანხმოება იყო. 

  • ტრამპის გადაწყვეტილება მალევე კონგრესმა დაბლოკა, ხოლო 2021 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა ბრძანება საბოლოოდ გააუქმა. 

მსგავსი სიახლეები