რუსეთის "აფრიკული კორპუსის" მარცხი - რა ხდება მალიში
მალიში ათწლეულზე მეტია შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. 2012 წელს ტუარეგებმა და ისლამისტმა მეამბოხეებმა ქვეყანას გადაუარეს, რამაც საფრანგეთის სამხედრო ინტერვენცია გამოიწვია, რომელმაც ისინი დროებით უკუაგდო. მეამბოხეები მეზობელ ბურკინა-ფასოსა და ნიგერში გადაჯგუფდნენ და მალის სახელმწიფოზე ზეწოლა გააგრძელეს.
2021 წელს ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მალის ახალმა ხუნტამ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო: გაეძევებინა საფრანგეთი, რომლის ჯარებიც ქვეყანაში 2013 წლიდან იმყოფებოდნენ, გაეშვა გაეროს მშვიდობისმყოფელები და დახმარებისთვის რუსეთისთვის მიემართა.
ქვეყანაში „ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლები - მოგვიანებით „აფრიკის კორპუსად“ გადაკეთებული და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი კონტროლის ქვეშ გადასული დანაყოფები - შევიდნენ.
საბოლოოდ, ქვეყნის მასშტაბით 20 ბაზაზე დაახლოებით 2,500 რუსი დაქირავებული განლაგდა. ხუნტამ რუსებს სამხედრო ძალის სანაცვლოდ ბუნებრივი რესურსების მომგებიან კონტრაქტებზე წვდომა აღუთქვა.
ამ შეთანხმების ერთადერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2025 წელს დაფიქსირდა, როდესაც რუსულმა და მალის ძალებმა დაიბრუნეს კიდალი - ქალაქი ალჟირის საზღვართან, რომელიც ტუარეგთა სეპარატისტული მოძრაობის სიმბოლურ დედაქალაქს წარმოადგენდა.
.png)
ვინ ვის ებრძვის?
ბოლო დღეებში მომხდარ გახმაურებულ შეტაკებებში ორი ძირითადი შეიარაღებული კოალიციაა ჩართული, რომლებმაც ახლახან, პირველად ისტორიაში, ღიად გააერთიანეს ძალები:
1. JNIM - დასავლეთ აფრიკის ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც „ალ-კაიდას“ ფილიალს წარმოადგენს. ისინი აკონტროლებენ ცენტრალური და სამხრეთ მალის ვრცელ ტერიტორიებს, სადაც მათ მიერ დაკავებულ მიწებზე მოქმედებს დაბეგვრის, მართლმსაჯულებისა და პოლიციის პარალელური სისტემები.
ბოლო დროს JNIM შთაგონებულია სირიის ამბოხებულთა ტრანსფორმაციით: ისინი ცდილობენ ჩამოიშორონ ტერორისტული იარლიყი და პოზიციონირდნენ, როგორც მმართველი პოლიტიკურ-სამხედრო ძალა და არა მხოლოდ ჯიჰადისტური დაჯგუფება.

2. FLA (აზავადის განთავისუფლების ფრონტი) - ტუარეგებით დომინირებული სეკულარული სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც მიისწრაფვის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ ჩრდილოეთ მალიში, რომელსაც ისინი აზავადს უწოდებენ.
FLA ისტორიულად უპირისპირდებოდა JNIM-ს - მათი მიზნები ფუნდამენტურად განსხვავებული და ზოგჯერ წინააღმდეგობრივიცაა. FLA-ს სურს სეკულარული დამოუკიდებელი ერი, JNIM-ს კი - ისლამისტური პოლიტიკური წესრიგი. ისინი ადრეც თანამშრომლობდნენ არაოფიციალურად, თუმცა ერთმანეთსაც ებრძოდნენ.

3. მათ უპირისპირდებიან: მალის სამხედრო ხუნტა, პრეზიდენტ ასსიმი გოიტას ხელმძღვანელობით და რუსეთის „აფრიკის კორპუსი“ (გასამხედროებული დაჯგუფება, „ვაგნერის“ მემკვიდრე).

რა მოხდა შაბათს
ადრეულ დილას JNIM-მა და FLA-მ დაიწყეს ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებული შეტევა - ყველაზე მასშტაბური და დახვეწილი თავდასხმა მალიზე 2012 წლის შემდეგ. ეს იყო სინქრონული დარტყმა რამდენიმე ქალაქზე და აშკარად წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი დაგეგმარების, დაფინანსებისა და ლოგისტიკური კოორდინაციის შედეგს.
დარტყმის ობიექტები:
-
ბამაკო (დედაქალაქი) - მათ შორის პრეზიდენტ გოიტასა და თავდაცვის მინისტრ კამარას რეზიდენციები;
-
კატი - მალის მთავარი სამხედრო ბაზა და სამეთაურო ცენტრი ბამაკოს სიახლოვეს;
-
კიდალი - ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი, რომელიც რუსულმა და მალის ძალებმა 2023 წელს აიღეს;
-
გაო - ჩრდილოეთ მალის უდიდესი ქალაქი, გაეროს ყოფილი ბაზა, სადაც ახლა „აფრიკის კორპუსია“ განთავსებული;
-
მოპტი-სევარე - ცენტრალური მალი, მათ შორის მთავარი ასაფრენი ბილიკი.
თავდასხმის ძირითადი შედეგები
-
დაიღუპა თავდაცვის მინისტრი სადიო კამარა. კამარა არ იყო უბრალოდ მინისტრი - ის იყო მთავარი რგოლი მალის არმიასა და რუსულ ძალებს შორის და ყველაზე გავლენიანი პრორუსული ხმა ხუნტის ხელმძღვანელობაში. სწორედ ამიტომაც, მისი ზედმეტსახელი „მისტერ რუსეთი“ იყო.
-
ინფორმაცია შიდა დაზვერვის ხელმძღვანელის მკვლელობაზე: გავრცელდა ცნობა მოდიბო კონეს მკვლელობის შესახებ, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.
-
კიდალის დაცემა - FLA-მ ქალაქის თავზე თავისი დროშა აღმართა, რითაც რუსეთ-მალის პარტნიორობის ერთადერთი უდიდესი სამხედრო მიღწევა გააბათილა. ეს არ იყო მხოლოდ ტაქტიკური დანაკარგი - ეს იყო სიმბოლური კატასტროფა. ქალაქი, რომელიც რუსეთმა და მალიმ 2023 წელს ტრიუმფით დაიბრუნეს, 2 დღეში დაიკარგა.
-
კიდალის დაცემის შემდეგ დაეცა სხვა სტრატეგიული წერტილებიც: ტესალიტი, აგუელჰოკი, ბერი, მენაკა და ინტაჰაკას ოქროს საბადო. რუსული წყაროები (მაგალითად, Z-ბლოგერი „რიბარი“) აღიარებენ, რომ ჩრდილოეთში თავდაცვის ხაზი ფაქტობრივად აღარ არსებობს.
-
ისლამური სახელმწიფოს გააქტიურება: სიტუაციით ისარგებლა „ისლამურმა სახელმწიფომაც“ (ISSP), რომელიც მენაკაში შევიდა.
რუსეთის დამცირება
კიდალში რუსული და მალის ძალები ალყაში აღმოჩნდნენ. ბრძოლით გარღვევის ნაცვლად, „აფრიკის კორპუსმა“ FLA-სთან უკანდახევის შესახებ შეთანხმება გააფორმა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს სატვირთო მანქანების კოლონები რუსი ჯარისკაცებით, რომლებიც ქალაქს ტოვებენ. ამის შემდეგ რუსეთმა დაადასტურა, რომ ასევე ტოვებდა სხვა შორეულ ჩრდილოეთ საგუშაგოებს.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავიდან ამტკიცებდა, რომ თავდასხმა მოიგერიეს. მოგვიანებით კი უწყებამ ოფიციალურად დაადასტურა „აფრიკის კორპუსის“ მებრძოლების დაღუპვა.
29 აპრილს გაუჩინარებული პრეზიდენტი ასსიმი გოიტა საბოლოოდ გამოჩნდა და რუსეთის ელჩს შეხვდა. ამ შეხვედრის ანალიზი აჩვენებს, რომ მასში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დიპლომატები, არამედ გრუ-სა (GRU) და ფსბ-ს (FSB) მაღალჩინოსნები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი ცდილობს მართვის სადავეები „კერძო სექტორიდან“ პირდაპირ სახელმწიფო სპეცსამსახურების ხელში გადაიტანოს, რათა რეჟიმის სრული კოლაფსი თავიდან აიცილოს.

„აფრიკის კორპუსის“ მოსვლის შემდეგ მალიში მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა: საჰელი მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელ ტერორისტულ კერად იქცა, ხოლო რუსულ ძალებსა და მათ მალელ კოლეგებს მხოლოდ 2024 წელს 918 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში სდებენ ბრალს - ოთხჯერ მეტის, ვიდრე იმ მეამბოხეებს, რომლებსაც ისინი ებრძოდნენ.
რატომ ცვლის ყველაფერს FLA-სა და JNIM-ის ალიანსი
საგანგაშო მოვლენა არა მხოლოდ თავდასხმების მასშტაბია, არამედ ის ფაქტი, რომ FLA-მ და JNIM-მა ეს ერთობლივად განახორციელეს. ამ ორ ჯგუფს ფუნდამენტურად შეუთავსებელი მიზნები აქვს: FLA სეკულარულია, JNIM კი - „ალ-კაიდას“ ფილიალი.
თუმცა, ამ შეტევამ აჩვენა, რომ ისინი გადავიდნენ სუსტი კოორდინაციიდან აშკარა, საჯარო, ოპერატიულ ალიანსზე. შეთანხმება მუშაობს გეოგრაფიული განაწილებით: FLA ხელმძღვანელობს ჩრდილოეთს, JNIM - ცენტრსა და სამხრეთს. ერთობლივად ისინი ფარავენ პრაქტიკულად მთელ ქვეყანას, რაც მალის მთავრობისა და მისი რუსი პარტნიორებისთვის სტრატეგიული კოშმარია.
ფართო სურათი
საჰელში თითქმის ოცწლიანმა სამხედრო ინტერვენციამ ვერ შეძლო ჯიჰადისტების ექსპანსიის შეკავება. JNIM აშკარად ცდილობს მიჰყვეს სირიის ამბოხებულთა მოძრაობის მოდელს: დისტანცირდეს „ალ-კაიდას“ ბირთვისგან, შექმნას მმართველი ინსტიტუტები და მიზნად დაისახოს პოლიტიკური აღიარება.
სამხედრო ხუნტის ლეგიტიმაცია დაიმსხვრა ყველაზე აშკარა გზით - როდესაც ჯიჰადისტები დედაქალაქში დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ, რუსი ჯარისკაცები კი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ უსაფრთხო გასვლაზე იმ ქალაქიდან, რომელიც ახლახან დაკარგეს. როგორც ერთმა ანალიტიკოსმა შეაჯამა: „ძნელი წარმოსადგენია, რომ ამის შემდეგ ყველაფერი ისეთივე დარჩეს, როგორიც იყო“.