14 აპრილს პოპულარულმა რუსმა ბლოგერმა და მოდელმა ვიქტორია ბონიამ Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ვლადიმერ პუტინს "ხალხის სახელით" მიმართა. ეს ჩანაწერი სხვადასხვა მხარის განხილვის საგნად იქცა, თავად ბლოგერი კი კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნე გახდა.
რა თქვა ვიქტორია ბონიამ? ინფლუენსერმა ჩამოთვალა ხუთი პრობლემა, რომელთა შესახებ, მისი აზრით, პრეზიდენტმა არ იცის:
- ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულება დაღესტნის წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობისადმი;
- ანაპის სანაპიროების დაბინძურება;
- "წითელ წიგნში" შეტანილი ცხოველების განადგურება;
- პირუტყვის ჩამორთმევა ნოვოსიბირსკის ოლქში;
- ინტერნეტის ბლოკირება;
ბლოგერის აზრით, პუტინის ყველას ეშინია, რის გამოც მას ნეგატიურ ინფორმაციას აღარ აწვდიან:
"ვლადიმირ ვლადიმირიჩ, თქვენი ეშინიათ. ხალხს, ბლოგერებს, არტისტებს ეშინიათ, გუბერნატორებსაც ეშინიათ. თქვენ კი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ხართ. ვფიქრობ, თქვენი არ უნდა გვეშინოდეს".
ვინ არის ვიქტორია ბონია? ვიქტორია ბონიამ სახელი 2006-2007 წლებში, რეალითი შოუ "დომ 2"-ში მონაწილეობით გაითქვა.
სხვადასხვა დროს იგი გასართობი პროგრამების წამყვანად მუშაობდა ტელეარხებზე - "ტნტ" და "MTV Russia"; ასევე, მონაწილეობდა მუსიკალურ კლიპებსა და ფილმებში.
2011 წლიდან ბონია მონაკოში ცხოვრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსულენოვანი ბლოგერია, რომელსაც Instagram-ზე 13 მილიონი გამომწერი ჰყავს.
მედიასივრცეში მან პოპულარობა მოიპოვა, როგორც კოსმეტიკის პრაქტიკოსმა და კონსპიროლოგიური თეორიების მხარდამჭერმა. კერძოდ, კოვიდპანდემიის პერიოდში, იგი "5G ანძებისა" და "ჩიპირების" შესახებ შეთქმულების თეორიების ერთ-ერთი მთავარი პოპულარიზატორი იყო.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს ნეგატიური შეფასება მისცა. როგორც თავად აღნიშნავს, მამამისი უკრაინელია და მისთვის "მძიმეა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომის ყურება".
ბონიას პოლიტიკური შეხედულებები რუსეთისთვის დამახასიათებელ ფორმულაში ჯდება: "კარგი მეფე - ცუდი თავად-აზნაურობა". გახმაურებულ ვიდეოშიც ბლოგერი პუტინს კი არ ადანაშაულებს, არამედ პრეტენზიებს მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფ მაღალჩინოსნებზე გამოთქვამს.
პროპაგანდის პასუხი: კრემლის მედიებმა და პროპაგანდისტებმა ბლოგერი მყისიერად გააკრიტიკეს. მათ ბონია ღალატსა და დასავლური რიტორიკის გავრცელებაში დაადანაშაულეს.
მაგალითისთვის, Z-ბლოგერმა იური პოდოლიაკამ განაცხადა, რომ ბონიას ვიდეოები "რუსეთის მორყევის დიდი გეგმის" ნაწილია.
პოპულარულ YouTube-არხისთვის მიცემულ ინტერვიუში დუმის დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა ბონიას "ვიღაც დუბაის ესკორტი" უწოდა.
საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არც სოციალური ქსელების ბოტებს დაჰვიწყებიათ. გამოცემა "აგენტსტვოს" ინფორმაციით, "ვკონტაქტე"-ში მოდელის შესახებ გამოქვეყნებული თითოეული პოსტის ქვეშ ბოტებმა საშუალოდ 16 ნეგატიური კომენტარი დატოვეს.
ბონიას მთავარი კრიტიკოსის როლი კი კრემლის გამორჩეულმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა მოირგო.
სოლოვიოვმა მომხდარს "დასავლეთის სპეცოპერაცია" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის "ჩანერგილმა აგენტმა" განახორციელა. ამასთანავე, პროპაგანდისტმა გენერალურ პროკურატურას მიმართა და "მოქალაქე ბონიას ქმედებების სამართლებრივი შეფასება" მოითხოვა.
კრემლის პასუხი: 16 აპრილს, ჟურნალისტების თხოვნით, ბონიას ვიდეოზე კომენტარი გააკეთა კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა:
"ის, რომ ავტორმა ამ საკითხებზე ხაზგასმით ისაუბრა, მართლაც მეტყველებს მათ რეზონანსულობაზე; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, პროცესში მრავალი ადამიანია ჩართული და ყურადღების მიღმა არაფერი რჩება".
იმავე დღეს ბონიამ კიდევ ერთი ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ცრემლებს ვერ მალავდა და კრემლს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბლოგერმა განაცხადა, რომ არ იცის, რა ბედი ელის, თუმცა დასძინა: "ამად ღირდა". ბონიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეოს ჩაწერისთვის ფული არ აუღია და ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე "რუსულ სულს უღალატებდა".
დასავლეთის, მედიის და ფსევდოოპოზიციის რეაქცია: აღნიშნული ამბავი დასავლურ მედიაშიც გაშუქდა, კერძოდ: ბრიტანულ The Guardian-ში და BBC-ში, ამერიკულ CNN-სა და ესპანურ El País-ში.
The Guardian-თან კომენტარში ანალიტიკოსმა და პუტინის ყოფილმა სფიჩრაითერმა(გამოსვლების ტექსტის ავტორმა), აბას გალიამოვმა აღნიშნა: "ბონია ოპოზიციურ ბანაკს მომხიბვლელს ხდის პრინციპულად ახალი აუდიტორიისთვის, რომელიც აქამდე იქ საერთოდ არ იყო".
ბონიას ვიდეოს საკუთარ გვერდებსა თუ ეთერებში დიდი დრო დაუთმეს დამოუკიდებელმა რუსულმა მედიებმაც, მათ შორის "დოჟდმა" და "მედუზამ".
"მედუზამ" დეტალურად გაანალიზა 18-წუთიანი ვიდეო(რომელსაც ამ დროისთვის უკვე 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს). გარდა ამისა, 16 აპრილს გამოცემამ შიდა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მედიებისგან "ბონიას თემის" გაშუქების შეწყვეტა "დაჟინებით მოითხოვა".
"დოჟდის" ეთერში ერთ-ერთმა ექსპერტმა ბლოგერის ვიდეო ასე შეაფასა: "როდესაც "პრიალა ბლოგერი" ბიზნესისა და ფერმერების პრობლემებზე იწყებს საუბარს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საზოგადოების აპოლიტიკური ნაწილისთვისაც თვალსაჩინო ხდება".
ბლოგერმა დასავლურ და ოპოზიციურ მედიებს კრემლის კომენტარის შემდეგ ჩაწერილ ვიდეოში უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ნახა BBC-სა და "დოჟდზე" გამოქვეყნებული მასალები.
"გთხოვთ თქვენიანად ნუ აღმიქვამთ, თქვენიანი არ ვარ, მე ხალხთან ვარ". - განაცხადა მოდელმა.
ბონიას ვიდეოს ე.წ. სისტემური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, გენადი ზუგანოვი დუმის სხდომაზე გამოეხმაურა:
"გუშინ ვნახე ერთი ასეთი ქალბატონის, ვიქტორია ბონიას ვიდეო. მან მონაკოდან პირდაპირ მიმართა პრეზიდენტს და ყველა ის საკითხი ჩამოთვალა, რომლებზეც აქაც არაერთხელ გვისაუბრია".
კომუნისტური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მისი პარტია ყოველთვის მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინის კურსს და პრობლემების გადაჭრის გზებსაც სთავაზობს, თუმცა პრეზიდენტს მათი "არ ესმის". ამავდროულად, იმავე თემებზე ჩაწერილმა ბონიას ვიდეომ სწრაფად მიიპყრო როგორც პრეზიდენტის, ისე მოქალაქეების ყურადღება.
გამოსვლის ბოლოს ზიუგანოვი რუსეთის ხელისუფლებას რევოლუციას პირდება: "შემოდგომაზე ჩვენ გველის ის, რაც 1917 მოხდა. არ გვაქვს უფლება ეს გამეორდეს".
ბონიას პასუხი პროპაგანდას: 18 აპრილს ბონიამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ სოლოვიოვისა და მილონოვის წინააღმდეგ კოლექტიურ საჩივარს ამზადებს.
"დღეს ბევრს ლაპარაკობენ ტრადიციულ ღირებულებებზე[...] პირდაპირ ეთერში ზრდასრული კაცები ქალს რომ შეურაცხყოფას აყენებენ რანაირი ტრადიციული ღირებულებაა?". - ამბობს ბონია ვიდეოში.
19 აპრილს ბონიამ Instagram-ზე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ადამიანი-ობობას ამპლუაში სოლოვიოვს და მილონოვს ებრძვის.
საჩივრით მუქარის შემდეგ, სოლოვიოვმა თავის ეთერში ბლოგერის სახელითა და გვარით მოხსენიება შეწყვიტა.
ხალხის რეაქცია: აღსანიშნავია, რომ კრემლის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით, ბონიას ვიდეომიმართვასა და მის შემდგომ ნაბიჯებს ფართო საზოგადოება დადებითად შეხვდა.
თუ ბოტების აქტივობას არ ჩავთვლით, სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობა მოდელის პოზიციას იზიარებს.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, პროპაგანდა კრემლის სიგნალს არ დაელოდა და საკუთარი ინიციატივით იმოქმედა. სოლოვიოვმა და მისმა კოლეგებმა ბონია მიწასთან გაასწორეს, თუმცა პესკოვმა, რომელიც კრემლის პოზიციის მთავარი გამჟღერებელია, კრიტიკას მოზომილად უპასუხა.
გარდა ამისა, სოლოვიოვსა და მილონოვთან ერთად, ბონიამ უჩივლა ინფლუენსერ არტემი ლებედევსაც. ამ უკანასკნელს უშუალოდ ბლოგერის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთი გადაცემის ეთერში, ქალ წამყვანს შეურაცხყოფა მიაყენა.
ბონიამ ხელისუფლების კრიტიკით დაწყებულ დიალოგს კალაპოტი შეუცვალა და ის გენდერულ დისკუსიაში გადაიყვანა. არაეფექტური მმართველობის კრიტიკის პარალელურად, ბლოგერმა აქცენტი სოლოვიოვის, მილონოვისა და ლებედევის მიზოგინიაზეც გადაიტანა.
"გთავაზობთ, ჩამოვაყალიბოთ ქალთა საზოგადოება, რომლის დახმარებითაც ამ პლანეტას სილამაზეს შევძენთ. ჩვენ ქალები ვართ და გვაქვს ძალა, დავინახოთ სიცოცხლის მშვენიერება. ჩვენ რბილი ძალა და სინათლის მეომრები ვართ". - დაწერა ბონიამ.
როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბონიას ნარატივი მისაღებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბლოგერი უშუალოდ პუტინს არ დაპირისპირებია; მან ჯერ მისი გარემოცვა, შემდეგ კი ის პროპაგანდისტები გააკრიტიკა, რომლებიც დღესდღეობით ომის მომხრეებსაც კი აღარ ეხატებათ გულზე.