რუსი მფრინავი აცხადებს, რომ ხელმძღვანელობის ზეწოლის გამო თვითმკვლელობას აპირებს
რუსმა მფრინავმა და Z-ბლოგერმა ალექსეი ზემცოვმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ოფიცრის უკანასკნელი ღირსების გამოყენების უფლებას" ითხოვს.
რასთან გვაქვს საქმე: "თუ თქვენ უყურებთ ამ ვიდეოს, ე.ი. მე აღარ ვარ". - ამბობს მიმართვაში მფრინავი.
- ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ ზემცოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
- ვიდეოში ზემცოვი ჰყვება, რომ 2023 წლამდე საბრძოლო ფრენებში მონაწილეობდა. იმავე წლის სექტემბერში მან საკუთარი Telegram არხი - "Voevoda Veshchaet" შექმნა, რაც "ძალიან არ მოეწონა" გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ კრავჩენკოს, რომელიც დღეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
- არხში გამოქვეყნებული კრიტიკული შეხედულებების გამო, ზემცოვი ფრენებიდან მოხსნეს. ამის შემდეგ, ზემცოვის თქმით, კრავჩენკომ მას საავადმყოფოში წასვლა და, შემდგომში, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერა ურჩია.
- მფრინავის თქმით, კრავჩენკომ მას "აპატია შეცდომები". ზემცოვი სხვა სამხედრო ნაწილში გადაიყვანეს.
ჩაშლილად: 2025 წელს ზემცოვმა შეიტყო, რომ მის მეუღლეს Telegram-არხის ადმინისტრატორთან სასიყვარულო კავშირი ჰქონდა. მფრინავის თქმით, მან ცოლის საყვარელი ტყეში წაიყვანა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
- ამ ინციდენტის გამო, ზემცოვს ოთხნახევარი თვით პატიმრობა მიესაჯა.
- 2026 წლის გაზაფხულზე პოლკოვნიკმა ავრამენკომ ზემცოვი იზოლატორიდან გამოიყვანა და შემტევ ქვედანაყოფში განაწესა.
- 4 აპრილს მფრინავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსული ჯარის უხარისხო აღჭურვილობაზე გაამახვილა ყურადღება.
- ზემცოვის თქმით, მას პოსტის წაშლა მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადა.
- ავრამენკომ ბლოგერის პატიმრობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ზემცოვის აზრით, ამ გადაწყვეტილების უკან კრავჩენკო დგას.
- "მე ასეთ სირცხვილს ვერ ავიტან. ვარ რუსული არმიის ოფიცერი". - ამბობს ვიდეოში ზემცოვი.
სიღრმისეულად: გარდა ამისა, ზემცოვმა რუსეთის გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
- ვიდეოში მფრინავი მაყურებელს უჩვენებს შავი ფერის საქაღალდეს, რომელშიც, მისი თქმით, კრავჩენკოს შესახებ "საკმაოდ მგრძნობიარე ინფორმაცია" ინახება.
- თავისი Telegram-არხის მართვა ზემცოვმა Z-ბლოგერ კირილ ფედოროვს გადასცა.
- ამ დროისთვის არხს 170 000 გამომწერი ჰყავს.