ომის დასაწყისში კოზაკი არ დაემორჩილა პუტინს და უთხრა რომ მზად იყო დაეხვრიტათ
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადილე და ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი, დმიტრი კოზაკი არ დაემორჩილა პრეზიდენტის ბრძანებას და განუცხადა, რომ მზად იყო დაეხვრიტათ.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს - მასალაში აღწერილია დიდი ომის დაწყების შემდეგ პუტინსა და მის უახლოეს თანაშემწეს შორის განვითარებული მოვლენები.
- წყაროების ცნობით, დაძაბული სატელეფონო საუბარი დმიტრი კოზაკსა და ვლადიმირ პუტინს 2022 წლის 25 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე დღეს გაიმართა.
- საუბარში პუტინი კოზაკს სთხოვდა მის უკრაინელ კოლეგებთან საუბარში ქვეყნის უპირობო კაპიტულაცია მოეთხოვა - წყაროების ცნობით, კოზაკმა უარი უთხრა პუტინს ბრძანების შესრულებაზე და განუცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო თუ რის მიღწევას ცდილობდა ომის დაწყებით.
- მას შემდეგ, რაც საუბარმა უკიდურესად დაძაბული ხასიათი მიიღო - წყაროების ცნობით, კოზაკმა პუტინს განუცხადა, რომ მზად იყო დაპატიმრებისთვის და დახვრეტისთვის.
- დმიტრი კოზაკმა მოგვიანებით გაიგო, რომ პუტინი მას სპიკერის საშუალებით ელაპარაკებოდა და საუბრის მომსწრეები ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებიც გახდნენ.
დაეწიე ამბავს: კოზაკი - იმ დროს მინსკის ფორმატში უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - ერთადერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც არ დაუჭირა მხარი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებას, 21 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.
- New York Times-ის წყაროების ცნობით, ჯერ კიდევ უსაფრთხოების საბჭომდე, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების კონცენტრაციის ფონზე პუტინისთვის ომის დაწყების შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ ვრცელი ანგარიში მოამზადა.
- ერთ-ერთი წყარო, რომელსაც წაკითხული აქვს კოზაკის მიერ მომზადებული ანგარიში გაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ომის დაწყების შემთხვევაში კოზაკი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას პროგნოზირებდა.
- უკვე 21 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დახურულ ნაწილში კოზაკმა ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას გაწევდნენ, რუსეთს მწვავე სანქციები დაუწესდებოდა და ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას დიდი ზიანი მიადგებოდა.
- წყაროების ცნობით, კოზაკის მოხსენების შემდეგ პუტინმა სხვა დამსწრეებს ოთახიდან გასვლა თხოვა და საუბარი ერთ-ერთზე გაგრძელდა - პუტინისა და კოზაკის შემდეგი საუბარი უკვე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაიმართა.
წინარე ისტორია: წყაროების ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კოზაკს მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი, ანდრეი ერმაკი.
- კოზაკი ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადების სანაცვლოდ ყირიმისა და დონბასის გარდა უკრაინის სხვა რეგიონებიდან ჯარების გაყვანის მზაობას ავლენდა.
- წყაროების ცნობით, 25 თებერვალს კრემლის დაცული სატელეფონო ხაზის გამოყენებით კოზაკმა პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ აცნობა, რაზეც პრეზიდენტის საყვედური მიიღო - მისი მანდატის გადაჭარბების გამო.
- პუტინმა კოზაკს განუცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციის პირობებზე მოსალაპარაკებლად იყო მზად - კოზაკმა პუტინს განუცხადა, რომ ვერ გააგრძელებდა მოლაპარაკებებს ისეთ ვითარებაში, როდესაც მისთვის გაუგებარია საბოლოო მიზანი.
- წყაროების ცნობით, სწორედ ამ სატელეფონო საუბარში თქვა კოზაკმა, რომ მზად იყო დახვრეტისთვის - მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ კოზაკი გადასცემდა პუტინს მოთხოვნებს უკრაინულ მხარეს.
- იმავე დღის მიწურულს კოზაკმა უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავიდ არახამიას დაურეკა და პუტინის მოთხოვნები გადასცა, სატელეფონო ზარს უსმენდა ვლადიმირ პუტინიც - არახამიამ რუსების მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
დიდი სურათი: წყაროების ცნობით, უკვე 26 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ კოზაკს აცნობა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს ამიერიდან ვლადიმირ პუტინის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებდა.
- წყაროების ცნობით, ამ დროიდან მოყოლებული კოზაკი ფორმალურად კვლავ ძველ კაბინეტს იკავებდა და სამსახურშიც დადიოდა, თუმცა ის პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
- მიმდინარე წლის სექტემბერში კოზაკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რაც ვლადიმირ პუტინმა მალევე დააკმაყოფილა - კოზაკის პორტფელი: პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სერგეი კირიენკოს დაქვემდებარებაში გადავიდა.
- წყაროების ცნობით, 2024 წლის მიწურულს პუტინმა კოზაკს შესთავაზა მოემზადებინა ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმა - კოზაკის მიერ მომზადებული გეგმა უკრაინაში ომის დასრულებას, ლიბერალური რეფორმების გატარებას და ძალოვანი უწყებების გავლენის მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებდა.
კონტექსტი: წყაროების ცნობით, კოზაკი გასულ თვეებში რამდენჯერმე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მათ შორის, ისრაელსა და თურქეთში, თუმცა ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ემიგრირებას არ გეგმავს.