ჩინეთში დაიწყო გამოძიება არმიის "დარჩენილი" 2 გავლენიანი მეთაურის წინააღმდეგ

ჩინეთში მიმდინარეობს გამოძიება სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის 2 უკიდურესად გავლენიანი გენერლის წინააღმდეგ - ორივე მათგანი არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობის რიგებში ჩატარებულ წმენდების წინა ტალღებს გადაურჩა. 

ვითარების არსი: გავლენიანი გენერლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოეძიების შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 

  • საუბარია გენერალ ჭანგ იოუსიასა და ლიუ ჭენლიზე: ჭანგი სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ცენტრალური კომისიის უფროსი ვიცე-თავმჯდომარეა, ხოლო ლიუ ამავე კომისიის გაერთიანებული შტატების სამსახურის უფროსი, კომისიას თავად სი ძინფინგი თავმჯდომარეობს. 

  • თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბარია "სერიოზულ დისციპლინურ დარღვევებზე" - აღნიშნული ტერმინი ჩინეთში ძირითადად კორუფციის ბრალდებასთან ასოცირდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში წმენდა დაკავშირებულია შიდა ფრაქციულ დაპირისპირებებთანაც. 

ჩაშლილად: ჭანგი ცენტრალურ სამხედრო კომისიაში მეორე პოზიციით ჩინეთის უმაღლესი რანგის სამხედრო პირად მიიჩნეოდა, გარდა ამისა ის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრიცაა, რომელსაც სულ 24 წევრი ჰყავს. 

  • ჩინეთის სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლის ССTV-ის ცნობით, ჭანგი და ლიუ არ ესწრებოდნენ გასულ კვირას სი ძინფინგის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის პარტიულ სემინარს, რამაც საფუძველი დაუდო სპეკულაციების გენერლების პოლიტიკური ბედის შესახებ. 

  • ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post-ის წყაროს ცნობით ჭანგი დაკავებულია - მას ადანაშაულებენ, რომ ვერ შეძლო კორუფციული ინტერესების აღმოფხვრა მის უახლოეს წრესა და ნათესაობაში. 

  • ამავე წყაროს ცნობით, ჭანგ იოუსიას ბრალად ედება, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არმიაში არსებული პრობლემების შესახებ. 

სტრიქონებს შორის: ამგვარად ცენტრალურ სამხედრო კომისიაში გასულ წლებში განხორციელებული წმენდების შედეგად ამჟამად თავად სი ძინფინგის გარდა, მხოლოდ ერთი გენერალი დარჩა. 

  • სინოლოგების ცნობით, ეს სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა - ცენტრალურ სამხედრო კომისია წესდების მიხედვით 7 წევრისგან შედგება. 

  • საყურადღებოა, რომ ჭანგი ამ კომისიის ერთადერთი წევრი იყო, რომელსაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა - ის 1970-იანი წლების მიწურულს ვიეტნამთან ომის გმირია. 

  • ამასთანავე, ცნობილია ჭანგისა და სი ძინფინგის ახლო პერსონალური ურთიერთობების შესახებ - მათი ოჯახები წარმოშობით ერთი და იმავე რეგიონიდან არიან, ხოლო მათი მამების მეგობრები იყვნენ, ისინი ერთად მონაწილეობდნენ ჩინეთის სამოქალაქო ომში. 

  • კომენტატორების ცნობით, ჭანგი არმიაში სის ყველაზე ახლო მოკავშირედ და სანდო პირად მიიჩნეოდა და სწორედ მას დაეკისრა არმიის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც სიმ 2012 წელს გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ დააინიცირა. 

  • 2012-2017 წლებში ჭანგი ცენტრალური სამხედრო კომისიის აღჭურვისა და შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

  • ის საკვანძო ფიგურა იყო სის მიერ 2015 წელს ინიცირებულ რეფორმაშიც, რომლის ფარგლებში სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის ხელმღვანელობის სტრუქტურა საბჭოთა სტილიდან უფრო ამერიკულ, გაერთიანებულ შენაერთთა ოპერაციების კონცეფციაზე უნდა გადასულიყო. 

  • 2017 წლიდან ჭანგი ცენტრალური სამხედრო კომისიის უმცროს ვიცე-თავმჯდომარედ დაინიშნა - ამ პოსტზე მისი მთავარი მოვალეობა სის მიერ დასახული მოდერნიზაციისა პროგრამის აღსრულება და მეთვალყურეობა იყო.

  • გარდაქმნის ამოცანა 2049 წლისთვის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის "მსოფლიო კლასის ძალად" ქცევა იყო, ხოლო 2027 წლიდან არმიას უნდა შეძლებოდა "ძალის სტრატეგიული პროეცირება." 

  • სამხედრო კომისიის უფროს ვიცე-თავმჯდომარედ ჭანგი 2022 წლის ყრილობის შედეგად, 72 წლის ასაკში დაინიშნა - მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე გადაჭარბებული ჰქონდა პენსია გასვლის ოფიციალური ასაკი (68 წელი). 

დიდი სურათი: გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სი ძინფინგის მიერ ინიცირებული "ტოტალურ ანტი-კორუფციულ" კამპანიას სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმღვანელობის დიდი ნაწილი ემსხვეპლა.

  • 2023 წლის ოქტომბერში თანამდებობიდან გადააყენეს თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი, ლი შანგფუ - ამას მოჰყვა გამოძიებები სახმელეთო, სარაკეტო, საზღვაო და პარამილირატურ ძალების მაღალი რანგის მეთაურების წინააღმდეგ. 

  • დაპატიმრებულებს შორის აღმოჩნდნენ ტაივანის მიმართულებაზე პასუხისმგებელი სამხედრო ოლქის მეთაურები, ასევე შეიარაღებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების დირექტორები. 

  • გასულ თვეებში გამართულ პლენუმზე სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ანტი-კორუფციული ძალისხმევა მომდევნო თვეებში უკომპრომისოდ გაგრძელდებოდა და განმარტა, რომ "არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კორუფცია შერჩება." 

კონტექსტი: კომენტატორების შეფასებით, ამგვარად სი ძინფინგმა სრული და მტკიცე კონტროლი დაამყარა არამხოლოდ ცენტრალურ სამხედრო კომისიაზე, არამედ მთლიანად შეიარაღებულ ძალებზე. 

  • ამასთანავე ისინი აღნიშნავენ, რომ 2-კაციანი ცენტრალური სამხედრო საბჭო ფუნქციური ვერ იქნება და სი საკმაოდ მოკლე ვადებში მოუწევს ახალი მეთაურების დანიშვნა. 

მსგავსი სიახლეები