ბერლინში შეთანხმებული დოკუმენტი უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას მოიაზრებს - NYT

ბერლინში უკრაინასა და მისი დასავლელი პარტნიორების მიერ შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას მოიაზრებს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ New York Times რედაქციის მიერ მოპოვებული დოკუმენტის შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს

  • გამოცემის ცნობით, ბერლინში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ 2 დოკუმენტი შეთანხმდა, რომელიც ევროპული ჯარების განლაგების გარდა, ამერიკული დაზვერვის როლის ზრდას და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე რეაგირების კონკრეტულ მექანიზმებსაც მოიცავს. 

  • მასალის ავტორების შეფასებით, ეს დოკუმენტები უნდა გახდეს უფრო დიდი, ჩარჩო შეთანხმების ცენტრალური ნაწილი, რამაც კიევი უნდა დაარწმუნოს წავიდეს ტერიტორიულ დათმობებზე. 

ჩაშლილად: გაზეთის ევროპული წყაროების ამბობენ, რომ ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ პირველად შეექმნათ განცდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შესაძლებელია ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობა.

  • დასავლელი მოკავშირეების მიერ შეთანხმებული ერთ-ერთი დოკუმენტი უფრო ზოგადი ხასიათისაა და უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. 

  • მეორე დოკუმენტი კი უფრო კონკრეტული ხასიათისაა, რომელშიც აღწერილია მონაწილე ქვეყნების გეგმები და პასუხისმგებლობები - ამერიკელი ჩინოვნიკებს თქმით, დოკუმენტის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებაა. 

  • დოკუმენტში აღწერილია თუ რა ფორმატებში ითანამშრომლობენ ამერიკელი და ევროპელი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინელ კოლეგებთან, რათა აღკვეთონ რუსეთის მხრიდან იერიშის ახალი მცდელობები მომდევნო წლებში. 

  • ერთ-ერთი წყაროს ცნობით, დოკუმენტში "ძალიან კონკრეტულადაა" აღწერილი თუ როგორ უნდა აღიკვეთოს რუსეთის განმეორებითი შეჭრა და თუ როგორ უნდა დაისაჯოს მოსკოვი ასეთი ქმედების შემთხვევაში. 

დიდი სურათი: ამ დოკუმენტის მიხედვით, პირველადი ამოცანა იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამედროვე და მისთვის საჭირო სპეციფიკური შეიარაღებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა - ჩამოთვლილია კონკრეტული დასახალების შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. 

  • დოკუმენტი, ასევე ითვალისწინებს უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგებას - გეგმის მიხედვით, ისინი დასავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით იქნებიან ბაზირებულები და მათი მთავარი მიზანი საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. 

  • გეგმის მიხედვით, ევროპული ჯარების განლაგება რუსეთის შეკავების დამატებით ფაქტორად განიხილება. 
  • ვაშინგტონის წვლილი კი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება იქნება, რაც გამოყენებული იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგისთვის და ასევე, რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმირებისთვის. 

  • NYT-ის ცნობით, ვაშინგტონის ასევე ვალდებული იქნება წინასწარ გამოავლინოს მოსკოვის შესაძლო ოპერაციები ე.წ. უცხო დროშის ქვეშ, რაც შესაძლოა კრემლმა საომარი მოქმედებების განახლების საბაბად გამოიყენოს. 

  • ჯერჯერობით უცნობია, ჩაერთვებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები რუსეთის მხრიდან ევროპულ ჯარებზე თავდასხმის შემთხვევაში საომარ მოქმედებებში. 

სტრიქონებს შორის: The Telegraph-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის განმეორებითი შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია საჰაერო დარტყმებით იქნება შემოფარგლული - კონტრ-დარტყმისთვის შესაძლოა გამოიყენონ F-35-ის ტიპის გამანადგურებლები და ასევე, ნატოს წევრ სახელმწიფოებში განლაგებული ტომაჰავკის ტიპის ან ანალოგიური სარაკეტო სისტემები. 

  • New York Times-ის წყაროები შეთანხმებულ დოკუმენტებს რესტორნის მენიუს ადარებენ, რომლიდანაც მათი თქმით, "სხვადასხვა ქვეყნებს შეუძლიათ აირჩიონ უკრაინის მხარდაჭერის მათთვის მისაღები დონე." 

  • მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც - მისი თქმით, ზოგი ქვეყანა მზად არის, მხოლოდ სადაზვერვო დახმარებისთვის, ზოგიც კი ჯარების გაგზავნისთვის. 

კონტექსტი: გაზეთის ამერიკელი წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთი მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს ასეთ ვარიაციას. 

  • ამ ოპტიმიზმის მიუხედავად რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელი იქნება უკრაინაში ნებისმიერი ევროპული ჯარების განლაგება, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს არა ნატოს, არამედ ცალკეული ქვეყნების დროშის ქვეშ მოხდება. 

მსგავსი სიახლეები