სობიანინის მტკიცებით, მოსკოვმა უმსხვილესი უკრაინული იერიში მოიგერია

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 14 და 15 მარტს უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

ჩაშლილად: მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველებს იერიში თითქმის არ უგრძნიათ, როგორც სობიანინი ამბობს ეს იყო ომის დაწყებიდან ყველაზე მსხვილი იერიში მოსკოვზე.

  • სობიანინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 48 საათში რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 250 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

  • აქამდე მოსკოვზე ყველაზე დიდი იერიში მიმდინარე წლის 11 მარტს დაფიქსირდა. მაშინ განადგურებული დრონების რაოდენობა 74 იყო.

  • მოსკოველებმა სოციალურ ქსელებში 11 მარტის იერიშის ამსახველი არაერთი ვიდეო გაავრცელეს, რასაც ვერ ვიტყვით 14-15 მარტის თავდასხმაზე.

  • გარდა ამისა, მოსკოვის მერის განცხადება არ შეესაბამება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს. უწყების განცხადების თანახმად, 13-16 მარტის შუალედში საჰაერთო თავდაცვამ მოსკოვის მიმართულებით მიმავალი 158 უკრაინული დრონი დააფიქსირა.

  • საყურადღებოა ისიც, რომ სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია "მიმართულებით მიმავალი", რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საფრენმა აპარატმა რუსეთის დედაქალაქამდე ვერ მიაღწია.

სიღრმისეულად: დამოუკიდებელმა რუსულმა მედიებმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი შეისწავლეს.

  • იერიშების დროს ქალაქის აეროპორტებში საგანგებო სიტუაცია ცხადდება და ფრენები ჩერდება.

  • 14 მარტს მოსკოვის აეროპორტები მართლაც გაჩერდა, მაგრამ მხოლოდ ერთი საათით.

  • ამ მასშტაბის იერიშის შემთხვევაში ქალაქის ხელისუფლებას აეროპორტების გაჩერება დიდი ხნით მოუწევდათ.
  • დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ანალიტიკოსების აზრით, ამ მასშტაბის იერიშს გაცილებით უფრო მეტი მამტკიცებელი ფოტო და ვიდეო მასალა უნდა ჰქონოდა.

კონტექსტი: მოსკოვზე ე.წ. მასშტაბურ იერიშს ათი დღით ადრე უძღოდა მოსკოვში მობილური ინტერნეტის გათიშვის და ბრიანსკის სამხედრო ქარხანაზე მსხვილი უკრაინული იერიში.

  • 13 მარტს, ვლადიმირ პუტინმა, უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე აღიარა, რომ თავდაცვის დამატებითი ზომებია მისაღები.
  • 14-15 მარტს კრემლის მახლობლად გაჩნდა დამატებითი პოსტები შეიარაღებული ხალხითა და სპეციალური ტექნიკით.

  • სავარაუდოდ, 10 დღის წინ ჩავარდნილი საჰაერო თავდაცვის ფონზე ხელისუფლება დაცულობისა და სამხედრო მზადყოფნის ილუზიას ქმნის, რომლის ნაწილად შეიძლება სობიანინის განცხადებაც მივიჩნიოთ.

  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული მხარე არარსებული იერიშების მოგერიების შესახებ წერს. მაგალითისთვის, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვმა უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე იერიში დააბრალა. 

მსგავსი სიახლეები