პუტინის თქმით, მოსკოვში ინტერნეტის გათიშვა უკრაინული იერიშების შედეგია
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და სხვა რეგიონებში ინტერნეტის გათიშვა უკრაინული დრონების იერიშებით არის გამოწვეული.
ჩაშლილად: ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრა ორი კვირის წინ გაიმართა, თუმცა მედიისთვის დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
- შეხვედრის ღია ნაწილში, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ შოხინმა აღნიშნა, რომ მობილური ინტერნეტის შეზღუდვამ "ბიზნესსა და მოქალაქეებს ცხოვრება გაურთულა".
- შეხვედრის საჯარო ნაწილის დროს, რუსეთის პრეზიდენტს შოხინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
- Financial Times-ის მასალიდან ირკვევა, რომ პუტინმა კითხვას დახურულ კარს მიღმა უპასუხა და მობილური ინტერნეტის გათიშვა უკრაინული დრონების ბოლოდროინდელი იერიშებით ახსნა.
- "რუსეთმა მრავალდონიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიმუშავა, რომელიც რადიოელექტრონულ დახშობას, ფიზიკურ ბარიერებსა და რეზერვისტთა ქვედანაყოფებსაც კი მოიცავს. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უკრაინის მიღწევებთან დასაპირისპირებლად უპილოტო ტექნოლოგიების სფეროში". - წერს FT.
- მედიასთან დაახლოებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროს თქმით, დრონების თავდასხმების ბოლო ტალღები ცხადყოფს, რომ შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ინდუსტრია რუსულს უსწრებს. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთს უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებლებზე მუდმივად საჰაერო იერიშები მიაქვს.
- ბიზნესის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს ზომებს სკეპტიკურად უყურებს. ერთ-ერთმა მეწარმემ შეხვედრაზე პირდაპირ იკითხა: „რა სარგებელი მოაქვთ შურდულებიან რეზერვისტებს?“. მისი თქმით, კომპანიას თავდაცვის საშუალებების შეძენა საკუთარი ხარჯებით მოუწია, რაც 1.5 მილიარდ რუბლზე (დაახლოებით 19 მილიონი დოლარი) მეტი დაჯდა.
- მსხვილ რუსულ კომპანიებს საჰაერო თავდაცვაზე ზრუნვა საკუთარი სახსრებით უწევთ. მაგალითისთვის, "როსნეფტი" საკუთარ რადიო ელექტრო ბრძოლის სისტემებს იყენებს.
კონტექსტი: ბოლო კვირის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე იერიშების ინტენსივობა გაზარდა.
- მიმდინარე წლის მარტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან პირველად უკრაინამ მეტი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, ვიდრე რუსეთმა.
- პუტინისა და ბიზნესმენების შეხვედრას წინ უძღოდა მოსკოვში მობილური ინტერნეტის მრავალდღიანი გათიშვა.
- რუსეთის დედაქალაქში ინტერნეტის შეზღუდვა 5 მარტს დაიწყო, სრულად მობილური ინტერნეტის აღდგენა მხოლოდ 24 მარტს გახდა შესაძლებელი.
- დმიტრი პესკოვის თქმით, ინტერნეტის დრონებთან ბრძოლის გამო გათიშვა გამართლებულია.