პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის მთავარი გზავნილები
კრემლში ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. პირველმა პირებმა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და რეგიონალურ საკითხებზე ილაპარაკეს.
რა თქვა პუტინმა: მისალმების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე დაიწყო საუბარი:
- "ვხედავ, რომ სომხეთში მიმდინარეობს დისკუსია ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებაზე. ამას აბსოლუტურად მშვიდად ვუყურებთ... თუმცა წინასწარ, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ერთდროული საბაჟო ურთიერთობები შეუძლებელია".
- ამის შემდეგ პუტინი ენერგეტიკის საკითხებს შეეხო: "ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი $600-მდე ღირს, რუსეთი კი სომხეთს იგივე მოცულობას $177.5-ად აწვდის. ეს საგრძნობი სხვაობაა".
- რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მთიანი ყარაბაღის თემაზე და განმარტა, რატომ არ ჩაერია ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) აზერბაიჯანისა და სომხეთის ომში: "მას შემდეგ, რაც 2022 წელს პრაღაში აღიარეთ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია, ОДКБ-ს მხრიდან ჩარევა არამართლზომიერი იქნებოდა".
- სიტყვის ბოლოს პუტინმა მხარი დაუჭირა სომხეთში მოღვაწე პრორუს პოლიტიკოსებსაც: "ჩვენ გვსურს, რომ ყველა ამ პარტიამ და პოლიტიკოსმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვიცი, რომ რამდენიმე მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, პატიმრობაში იმყოფება".
რა თქვა ფაშინიანმა: "რაც შეეხება ევროკავშირს, პრინციპში ვიცით, რომ ორი გაერთიანების ერთდროული წევრობა შეუძლებელია. თუმცა ნაბიჯები, რომლებსაც ახლა ვდგამთ, სრულად თავსებადია და მათ იმ დრომდე შევათავსებთ, სანამ ორივე ორგანიზაციის დღის წესრიგის პარალელურად მართვის საშუალება გვექნება".
- "ჩვენ დიალოგი გვაქვს როგორც რუს, ისე სხვა პარტნიორებთან, რადგან სომხეთისთვის ყველაზე მომგებიან წინადადებას ველოდებით".
- "2022 წელს კონკრეტული სიტუაცია გვქონდა და, ჩემი აზრით, ОДКБ-ს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო. რა თქმა უნდა, ამან მიგვიყვანა იმ დამოკიდებულებამდე, რომელიც დღეს ამ ორგანიზაციის მიმართ გვაქვს. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ОДКБ-სთან, თუმცა საქმე რთულდება, რადგან მოსახლეობისთვის ახსნა გვიჭირს, თუ რატომ არ მოახდინა ორგანიზაციამ რეაგირება".
- "არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომელთაც მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობა აქვთ. სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, ისინი (ორმაგი მოქალაქეობის მქონენი) ვერ იქნებიან პრემიერ-მინისტრობისა და დეპუტატობის კანდიდატები. სხვა მხრივ, აქ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს".