-

წელს, 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. 

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ომში გამარჯვებიდან 81 წელი გავიდა, გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმი 36-ედ ჩატარდა. აქედან საბჭოთა პერიოდში აღლუმი მხოლოდ ოთხჯერ გაიმართა, ელცინის მმართველობისას - ხუთჯერ, ხოლო პუტინის დროს - 27-ჯერ.

საქმე იმაშია, რომ 9 მაისი შინაარსითა და ფორმით არ იყო ისეთი დღესასწაული, როგორიც დღეს პუტინისეულ რუსეთშია

ომის შემდგომ დაწერილი ცნობილი სიმღერის, "გამარჯვების დღის", ტექსტში გვხვდება სიტყვები: "ეს არის დღესასწაული ცრემლიანი თვალებით". 9 მაისი იყო დაღუპული მეომრების ხსოვნის დღე, ხოლო იშვიათი, საიუბილეო აღლუმების მთავარი მოქმედი პირები არა ტანკები და ბალისტიკური რაკეტები, არამედ სამამულო ომის ვეტერანები იყვნენ.

წლიდან წლამდე იცვლებოდა ნარატივიც. 90-იანი წლების ჩათვლით აღლუმის ძირითადი გზავნილი იყო "აღარასოდეს", პუტინის პერიოდში კი ლოზუნგი - "შეგვიძლია გავიმეოროთ" გახდა.

როგორ აღინიშნებოდა 9 მაისი სხვადასხვა ეპოქაში?

პირველი აღლუმი

1945 წლის 9 მაისს აღლუმი ცხადია არ გამართულა, გერმანიამ კაპიტულაციის ხომ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე მოაწერა ხელი. თუმცა 22:00 საათზე მოსკოვში უპრეცედენტო მასშტაბის სალუტი გაუშვეს. 1000 საზენიტო ქვემეხიდან 30 ზალპი ისროლეს, რასაც თან ახლდა პროჟექტორების განათება.

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი უფრო სერიოზული და ორგანიზებული აღლუმი იმავე წლის 24 ივნისს გაიმართა. აღლუმს სარდლობდა კონსტანტინე როკოსოვსკი, ხოლო აღლუმი ჩაიბარა მარშალმა გიორგი ჟუკოვმა. 

ისტორიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, სწორედ ჟუკოვის პერსონისადმი სტალინის ნეგატიურმა დამოკიდებულებამ გააქრო მრავალი წლით 9 მაისი, როგორც მასშტაბური დღესასწაული. საქმე იმაშია, რომ პირველი აღლუმი ჟუკოვის ტრიუმფი იყო და არა საბჭოთა კავშირის ბელადის.

ისედაც საშიშად პოპულარული მარშალის ყოველწლიურად აღლუმზე გამოყვანა პარანოით შეპყრობილი სტალინის გეგმებში არ შედიოდა. მართალია, ეს მხოლოდ ისტორიკოსების ვარაუდია, მაგრამ ფაქტია, რომ შემდეგი აღლუმი 20 წლის შემდეგ ჩატარდა.

ამავდროულად, 9 მაისი 1948-1964 წლებში დასვენების დღეც კი არ იყო.

1965 - 1991 წლები

ლეონიდ ბრეჟნევის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელში 9 მაისი კვლავ დასვენების დღე გახდა და გამარჯვების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა.

ეს იყო პირველი აღლუმი, რომელზეც ხელისუფლებამ სამხედრო პოტენციალის დემონსტრირება დაიწყო. ცივი ომის ხანაში დასავლელ მტერს უჩვენეს საბჭოთა ტანკები, საზენიტო დანადგარები და რაც მთავარია, ბალისტიკური რაკეტები.

აღლუმში მონაწილეობა ვეტერანებმაც მიიღეს; ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცები იყვნენ და წითელ მოედანზე მწყობრი ნაბიჯით ჩაიარეს. 

სხვა, არასაიუბილეო წლებში 9 მაისი უფრო ვეტერანების დღე იყო. ადამიანები გადიოდნენ პარკებში, ხვდებოდნენ თანამებრძოლებს, ისმენდნენ ომისდროინდელ სიმღერებს და აქცენტი ხსოვნაზე კეთდებოდა, ვიდრე რაკეტებზე. სამხედრო პოტენციალის დემონსტრირებისთვის არსებობდა 7 ნოემბერი - ოქტომბრის რევოლუციის დღე.

საბჭოთა კავშირში 9 მაისს, წითელ მოედანზე, ტექნიკამ კიდევ ორჯერ — 1985 და 1990 წლებში ჩაიარა. ეს იყო, შესაბამისად, 40 და 45 წლისთავები.

ელცინის ეპოქა: მშვიდობიანი იმიჯი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველ წლებში აღლუმები საერთოდ არ ტარდებოდა.

7 ნოემბერმა აქტუალობა დაკარგა. გაჩნდა ახალი თარიღი — 12 ივნისი, რუსეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციის მიღების დღე. თუმცა, ახალმა დღესასწაულმა ხალხში ფეხი ვერ მოიკიდა; მოსახლეობისთვის ბუნდოვანი იყო, თუ ვისგან გათავისუფლებას ზეიმობდა ქვეყანა.

ახლოვდებოდა 1995 წელი, ომის დასრულების 50 წლისთავი. ელცინს აუცილებლად უნდა აღენიშნა თარიღი, მაგრამ უნდა შეერჩია ტონი, რომელიც როგორც დასავლეთისთვის, ისე მოსახლეობისთვის იქნებოდა მისაღები. ამიტომ რუსეთის პრეზიდენტმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო - იმ დღეს მოსკოვში ორი პარალელური აღლუმი ჩატარდა. 

მძიმე ტექნიკა და ავიაცია პოკლონაია გორაზე გამოჩნდა, სადაც იმავე დღეს მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი გაიხსნა. მეორე, "მშვიდობიანი" აღლუმი ვეტერანების მონაწილეობით წითელ მოედანზე გაიმართა, მას დასავლელი ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალი დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას ელცინმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებს. მან აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საერთო იყო. 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი საბოლოოდ დაემშვიდობა ტოტალიტარიზმს და ირჩევს თავისუფლებისა და დემოკრატიის გზას. მისი თქმით, გამარჯვების სული სწორედ ამ ახალ მშენებლობაში უნდა დახმარებოდა ქვეყანას. 

გარდა ამისა, ელცინმა განაცხადა, რომ გერმანელი ხალხიც ნაციზმის მსხვერპლი იყო. მან გამიჯნა ერთმანეთისგან ჰიტლერის რეჟიმი და რიგითი გერმანელები.

1995 წლიდან 9 მაისის აღლუმი ყოველწლიური გახდა, თუმცა წითელ მოედანზე სამხედრო ტექნიკა 10 წელზე მეტხანს არ გამოჩენილა.

პუტინის ეპოქა: "კუნთების თამაში"

პუტინის მმართველობის პირველ წლებში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ელცინის მიერ დატოვებული ნარატივით მიმდინარეობდა. მაგალითისთვის, 2005 წელს, მე-60 წლისთავს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. 

ზღვარგადასული მილიტარისტული ღრეობა კი 2008 წელს დაიწყო. არცთუ ისე საიუბილეო თარიღის (63 წლისთავი) აღნიშვნისას, აღლუმზე მძიმე ტექნიკა, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები და ავიაცია გამოჩნდა.

აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ის კვლავ სამხედრო ზესახელმწიფოა. 

2014 წელს, ყირიმის ანექსიიდან რამდენიმე კვირაში, პუტინი მოსკოვის აღლუმიდან პირდაპირ სევასტოპოლში ჩაფრინდა, სადაც ასევე ჩაიბარა სამხედრო აღლუმი.

ვეტერანების დღე, რომელიც ოდესღაც "ცრემლიანი თვალებით" აღინიშნებოდა, რუსული ოკუპაციის მთავარ პიარკამპანიად იქცა.

ამავე პერიოდში სახელმწიფო პროპაგანდაც გააქტიურდა. ნებისმიერი სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემას უკავშირდებოდა, პროპაგანდისტული მანქანის წყალობით მალევე იცვლიდა შინაარსს და აგრესიულ, მილიტარისტულ სახეს იღებდა. ამის კარგი მაგალითებია "გეორგიევსკის ლენტი" და "უკვდავი პოლკი". ორივე ტრადიცია თავდაპირველად საზოგადოებრივ წიაღში იშვა და სრულიად თავისუფალი იყო იმ იდეოლოგიური დატვირთვისგან, რომელიც ხელისუფლებამ მათ შემდგომ წლებში ხელოვნურად შესძინა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კრემლის რიტორიკა კიდევ უფრო აბსურდული და საღ აზრს მოკლებული გახდა. პუტინი საკუთარ გამოსვლებში სულ უფრო ხშირ პარალელებს ავლებს "დიდ სამამულო ომსა" და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შორის. მისი ნარატივით, რუსეთი კვლავ ფაშიზმს ებრძვის, თუმცა, ამჯერად ცივილიზებული სამყარო არა მის, არამედ ფაშიზმის მხარეს არის. 

ავტოკრატიების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საკუთარი თავის სასარგებლოდ ისტორიის გაყალბებაა. დღეს 9 მაისი აღარ არის წარსულის გაკვეთილი - ის მომავალი ომების მოსამზადებელ პლატფორმად იქცა. კრემლმა მოახერხა, რომ მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია ახალი თაობებისთვის არა მშვიდობის წყურვილის, არამედ რევანშიზმის წყაროდ ექცია. ამით ავტოკრატიამ მიაღწია მთავარს: ისტორიული მეხსიერება, რომელიც ხალხებს უნდა აერთიანებდეს, დღეს მსოფლიოს დასაშინებლად და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის გასანადგურებლად გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები