რუსეთის კოსმოსურ ძალებს ბუჩაში მასობრივ მკვლელობებში მხილებული გენერალი უხელმძღვანელებს
რუსეთის კოსმოსური ძალების ახალი მთავარსარდალი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩაიკო გახდა, რომელიც ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ბრძანებებს ამტკიცებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა РБК აქვეყნებს.
ვითარების არსი: მარტში ევროკავშირმა სანქციები დააწესა ჩაიკოსა და კიდევ რვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, რომლებიც 2022 წლის მარტში ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილეობდნენ. მაშინ საჰაერო-კოსმოსური ძალების ახალ ხელმძღვანელს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლის პოსტი ეკავა.
- „ალექსანდრე ჩაიკო იყო სარდალი უკრაინაში, როდესაც რუსული ჯარები ბუჩაში შევიდნენ. ბუჩაში ჩადენილი სისასტიკე წარმოადგენს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულს“ - ნათქვამი იყო დასაბუთებაში.
დეტალები: Associated Press-ისა და PBS-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებები ბუჩაში იყო „სტრატეგიული და ორგანიზებული სისასტიკე“.
- მასობრივი მკვლელობების ბრძანებებს მაღალი რანგის მეთაურები გასცემდნენ, მათ კი პირადად ჩაიკო ამტკიცებდა.
- ჟურნალისტების მონაცემებით, როდესაც რუსული ჯარები კიევთან იდგნენ, ჩაიკო პირადად ჩადიოდა ბუჩის რაიონში, რომელიც დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
- აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობდა. მოგვიანებით, კიევიდან რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ ბაღის შენობაში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ზოგიერთ მათგანს თვალები ჰქონდა ახვეული და ხელები შეკრული.
- უკრაინის ომამდე ჩაიკო სირიაში რუსულ დაჯგუფებას სარდლობდა.