უკანასკნელი მცდელობა: ირანი და აშშ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს განიხილავენ

ირანი და აშშ შუამავლების მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედგენილ დოკუმენტს განიხილავენ - ეს მოლაპარაკების ბოლო მცდელობაა, რომლის ჩავარდნის შემთხვევაშიც ესკალაცია გარდაუვალია. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს

  • მოლაპარაკებები ირანს და შეერთებულ შტატებს შორის პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს და პროცესში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და ამერიკელი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. 
  • წყაროების ცნობით, შეთანხმების მიღწევის შანსი "არ არის მაღალი." 

ჩაშლილად: ამერიკული წყაროების ცნობით, გასულ დღეებში ისლამურ რესპუბლიკას რამდენიმე წინადადება გადასცეს, თუმცა ირანელები ამ დრომდე უარზე არიან. 

  • დოკუმენტი, რომელსაც მხარეები ამჟამად განიხილავენ ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას 45 დღით, რა დროშიც უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი შეთანხმების მიზნით. 

  • საჭიროების შემთხვევაში ზავის ვადა გაგრძელდება. 

  • ამასთანავე ვითარებაში გაცნობიერებული წყაროები მიუთითებენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა და უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე შეთანხმება ვერ იქნება მყისიერი და შესაძლებელია მხოლოდ დიდი შეთანხმების ნაწილი იყოს. 

სტრიქონებს შორის: ჰორმუზის სრუტის ბლოკირება და უკვე გამდიდრებული ურანის მარაგი ირანის მთავარი სავაჭრო მონეტებია და ნაკლებად სავარაუდოა ისლამურმა რესპუბლიკამ ის 45-დღიანი ზავის ნაცვლად დათმოს. 

  • მიუხედავად ამისა, შუამავლებს სურთ, რომ ირანი ორივე საკითხზე ნაწილობრივ დათმობებზე შეთანხმების პირველივე ფაზაში წავიდეს. 

  • ირანელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ღაზას ან ლიბანის მსგავს ვითარებაში აღმოჩნდნენ, როდესაც ორივეგან ქაღალდზე ზავი მოქმედებს, მაგრამ ისრაელი საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში დაუსჯელად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. 

კონტექსტი: დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირებში ირანისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა დღეს საღამოს იწურებოდა, თუმცა კვირას საღამოს ამერიკელმა პრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა 20 საათით გაახანგრძლივა. 

  • იმავე Axios-სთან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან "სიღრმისეული" მოლაპარაკებები მიმდიანრეობს და შეთანხმების მიღწევა მის მიერ დაწესებულ ვადებში შესაძლებელია. 
  • "თუ ისინი არ წამოვლენ შეთანხმებაზე, ირანში ყველაფერს ავაფეთქებ"- ამბობს ამერიკელი პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები