FT: ტრამპი ევროპას ირანის გამო უკრაინის 'დახმარების' შეწყვეტით ემუქრებოდა

ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში ტრამპი ევროპელ პარტნიორებს დაემუქრა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას შეწყვეტს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

  • საუბარია PURL-ის მექანიზმზე, რომლის მეშვეობითაც ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები ყიდულობენ ამერიკულ შეაიარაღებას უკრაინისთვის. 
  • წყაროების ცნობით, ჰორმუზის განბლოკვის ოპერაციაში მონაწილეობის თხოვნაზე უარის შემდეგ ტრამპი ამ მექანიზმის შეჩერებით დაიმუქრა. 

ჩაშლილად: სწორედ ამ ზეწოლის შედეგად, ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ინიციატივით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი განცხადება 19 მარტს. 

  • განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლონდონი, პარიზი და ბერლინი მზად არიან შეუერთდნენ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციას, მას შემდეგ რაც საომარი მოქმედებები დასრულდება. 
  • ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, მარკ რუტე ევროპელ კოლეგებთან გამართულ საუბარში ტრამპის საუბრის ტონს ახასიათებდა როგორც "ისტერიულს."

კონტექსტი: გასულ კვირას Washington Post წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების გადამისამართებას ახლო აღმოსავლეთისკენ. 

  • მალევე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის "ამგვარი ზომები" არ განიხილება, მაგრამ მომავალში ასეთი რამ გამორიცხული არ არის. 

  • ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებების ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია მწვავედ აკრიტიკებს ევროპელ მოკავშირეებს. გასული ღამით გავრცელებულ მიმართვაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "აბსოლიტურად განიხილავს" ნატოდან გასვლას. 

  • ნატოსთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს მარკო რუბიომ და თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა. 

მსგავსი სიახლეები