ზელენსკი: უკრაინამ ძლიერი თავდაცვის ინდუსტრია შექმნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მუშაკთა დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არ ყიდის შეიარაღების მარაგებს, არამედ აშენებს გრძელვადიან პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში სხვა სახელმწიფოებთან.

ვითარების არსი: "უკრაინა უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარების ლიდერებს შორისაა. ჩვენი უკრაინული გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი სამხედრო ექსპერტიზა - ახლა ეს ყველაზე მოთხოვნადი საქონელია მსოფლიოს ათობით ქვეყნისთვის. თუმცა, პარტნიორებთან ახალ თანამშრომლობას შეიარაღების სფეროში ჩვენ ისე არ ვაშენებთ, როგორც ოთხმოცდაათიანებში ან ორიათასიან წლებში, როდესაც უკრაინული იარაღი და ძალა იყიდებოდა, როგორც "შავ პარასკევს." - ხაზი გაუსვა მან.

  • "ჩვენ არ ვაწყობთ ჩვენი იარაღის ბაზრობას და არ ვცლით ჩვენს საწყობებს, ჩვენ ვთავაზობთ პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში - გრძელვადიანს და უკრაინისთვის მომგებიანს." - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
  • ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია მოიცავს რაკეტების, დრონების, საზღვაო დრონების, არტილერიის, საბრძოლო მასალების, ჯავშანტექნიკისა და რობოტიზებული კომპლექსების წარმოებას. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული იარაღი იქმნება საბრძოლო გამოცდილებაზე დაყრდნობით და ომის დროს მუდმივად იხვეწება.

ჩაშლილად: "ჩვენ ასევე კავშირი გვაქვს ქუვეითთან, ომანთან, თურქეთთან, სირიასთან. ჩვენი გამოცდილებით ინტერესდებიან აზიისა და აფრიკის ქვეყნები. უკრაინა ძალისა და უსაფრთხოების გლობალური მწარმოებელია, ასეა და ასე იქნება. და ეს ყველაფერი არ არის საჩუქარი უკრაინისგან. გრძელვადიანი შეთანხმებები უსაფრთხოების შესახებ ახლო აღმოსავლეთში - ეს არის ფინანსური რესურსი ჩვენი სახელმწიფოსთვის ყოველწლიურად, ეს არის საწვავი უკრაინისთვის, რომელიც აუცილებელია მსოფლიო არასტაბილურობის პირობებში. ეს არის ასევე იარაღის ის სახეობები, რომელთა დეფიციტიც გვაქვს, მაგრამ პარტნიორებს გააჩნიათ." -აღნიშნა მან.

დიდი სურათი: ზელენსკიმ ასევე დააანონსა მოლაპარაკებები ევროპელ პარტნიორებთან ცის დაცვის ერთობლივი სისტემის შექმნის შესახებ. მისი თქმით, უკრაინა ან გახდება ევროპული უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი, ან ევროპის ნაწილი რისკავს აღმოჩნდეს "რუსული სამყაროს" გავლენის ქვეშ.

  • პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე აქტუალური გამოცდილება.
  • მან აღნიშნა, რომ უკრაინელებმა შავ ზღვაში შეასრულეს ისეთი ამოცანები, რომლებიც სხვას არავის შეუსრულებია: "როდესაც საუბრობენ უსაფრთხოებაზე ჰორმუზის სრუტეში - ეს ხშირად თეორიული საუბრებია. ისინი, ვინც ამ საუბრებს აწარმოებენ, თავად მსგავსი ოპერაციები არ შეუსრულებიათ. უკრაინელებმა შეასრულეს. ჩვენ ვებრძოდით როგორც მტრის ფლოტს, ისე საჰაერო დარტყმებსა და საზღვაო ნაღმებს - ეს ყველაფერი ჩვენ გამოვიარეთ."

მსგავსი სიახლეები