Reuters: პუტინი ვეტერანების დაბრუნებაში პოლიტიკური სისტემისთვის რისკებს ხედავს
.jpg)
ვლადიმირ პუტინი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანების დემობილიზებაში პოტენციურ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს ხედავს - რუსეთის პრეზიდენტს სურს ყურადღებით მართოს პროცესი, რათა თავიდან აირიდოს შესაძლო გართულებები.
ვითარების არსი: ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს - წყაროების ცნობით, კრემლს სურს არ გაიმეოროს საბჭოთა კავშირის გამოცდილება, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში ავღანეთიდან ჯარისკაცების დაბრუნებას ორგანიზებული დანაშაულის ზრდა მოჰყვა.
- სავარაუდოა, რომ ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებული ვეტერანები ფიზიკური და ფსიქიკური ჯანრმთელობის პრობლემების გარდა, ფინანსურ სირთულეებსაც გადააწყდებიან, რადგანაც ვერ შეძლებენ იმ შემოსავლის უზრუნველჰყოფას რაც საკონტრაქტო სამსახურის დროს ჰქონდათ.
- ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კრემლში ასევე, შიშობენ, რომ ვეტერანების მასობრივმა დაბრუნებამ შესაძლოა გარკვეული გამოწვევები შეუქმნას მოქმედ პოლიტიკურ სისტემასაც.
- პოტენციური პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთში უკვე მეორე წელია მოქმედებს ვეტერანების პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირების სხვადასხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ე.წ. სპეცოპერაციის მონაწილეებისთვის განკუთვნილია კვოტები ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების სტრუქტურებში.
- მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში გაიზრდება უკრაინის ომის ვეტერანების რიცხვი სახელმწიფო დუმაშიც.
ჩაშლილად: ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამ კუთხით რისკები არსებობს, თუმცა დღევანდელი სახელმწიფო სისტემა ბევრად უფრო ეფექტური და მყარია, ვიდრე გვიანდელი საბჭოთა კავშირი.
- ამასთანავე ექსპერტების შეფასებით, უკრაინის ომის ვეტერანების დაბრუნებას შესაძლოა გაცილებით უფრო მწვავე პრობლემები მოჰყვეს, ვიდრე ე.წ. ავღანელების.
- ავღანეთის ომის შესახებ პოპულარული წიგნის - "დიდი თამაშის" ავტორი გრიგორი ფეიფერი Reuters-თან საუბარში ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ავღანეთის ომზე ბევრად უფრო სისხლიანია, ბევრად მაღალია როგორც დაღუპულებისა და დაჭრილების, ასევე ომში გავლილი ადამიანების ჯამური რიცხვი.
- რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, მარკ გალეოტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთში დემობილიზაციის პრობლემების შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა, სააგენტოსთან საუბარში ამბობს, რომ ვეტერანების მაღალი რიცხვის გამო რუსეთი "მწვავე სოციალური და პოლიტიკური" საფრთხეების წინაშეა.
კონტექსტი: ომის მიმდინარეობასთან ერთად რუსეთში განუხრელად იზრდება ვეტერანების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის რიცხვი.
- დამოუკიდებელი რუსული მედიების მონაცემებით, სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობის მხოლოდ პირველი 2.5 წლის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებულმა ვეტერანებმა 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.