პოლონეთში შეჭრილი რუსული დრონები ნატოს სამხედრო ბაზისკენ მიემართებოდნენ
.png)
10 სექტემბრის დილას პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონების ნაწილის სამიზნე ქალაქ ჟეშუვში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზა იყო — ჟეშუვი უკრაინის სამხედრო დახმარების ოპერაციის მთავარი ლოჯისტიკური ცენტრია.
ვითარების არსი: ამის შესახებ, წინასწარი გამოძიების შეფასებებზე დაყრდნობით, Der Spiegel წერს, ხოლო Welt-ის ინფორმაციით, რუსული დრონები ლიეტუვის საჰაერო სივრცეშიც შენიშნეს.
- პოლონეთის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების შედეგები ნატოს შიდა ბრიფინგზე წარადგინეს.
- გერმანული პრესის ცნობით, დრონები ჟეშუვში მდებარე სამხედრო ბაზისკენ პირდაპირი ტრაექტორიით მიფრინავდნენ — საუბარია მინიმუმ ხუთ დრონზე.
- დრონების გადაჭერის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების საჰაერო ძალების კუთვნილმა F-35 ტიპის გამანადგურებელმა. წყაროების ცნობით, ბორტმა სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, დანარჩენი ორი კი დაუდგენელი მიზეზების გამო ჩამოვარდა.
ჩაშლილად: Welt-ის ინფორმაციით, სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შემთხვევით ან შეცდომით არ აღმოჩენილა.
- ამის ერთ-ერთ დასტურად გამოცემას მოჰყავს ლიეტუვის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი რუსული დრონები, რომლის შესახებაც მანამდე არ იყო ცნობილი.
- „არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უპილოტო საფრენმა აპარატებმა მიზანმიმართულად დაარღვიეს ნატოს საჰაერო სივრცე,“ — ამბობს გამოცემასთან საუბარში ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
- ნატოში მიაჩნიათ, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევით რუსეთს სურდა გაერკვია საჰაერო თავდაცვის სისტემის მდგომარეობა და რეაგირების სიჩქარე.
- პირდაპირი შეტევის ვერსიას ნატოში არ განიხილავენ, რადგან ჩამოგდებული დრონების ნარჩენებში ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი არ აღმოჩნდა.
კონტექსტი: ჟეშუვის ლოჯისტიკური ცენტრი უკრაინისთვის შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი და უმსხვილესი სატრანსპორტო არტერიაა.
- პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 სექტემბერს ქვეყნის საჰაერო სივრცეში სულ 19 მფრინავი ობიექტი შეიჭრა.
- ამ დროისთვის აღმოჩენილია შვიდი დრონისა და ერთი რაკეტის ნარჩენები.