test: სურკოვის დოქტრინა - სუვერენული დემოკრატია
.png)
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, “ქართულმა ოცნებამ” მიაგნო ერთ ძველ რუსულ პოლიტიკურ კონცეფციას - „სუვერენულ დემოკრატიას“ და აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხშირად ხაზს უსვამენ სუვერენიტეტის შენარჩუნების აუცილებლობას, აღნიშნავენ მის შესაძლო სრულ დაკარვას ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესში და თვლიან, რომ როგორც გარე, ისე შიდა ძალები ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს მიზანმიმართულად უქმნიან საფრთხეს.
სინამდვილეში, ეს კარგად მოძველებული რუსული პოლიტტექნოლოგიური ხრიკია, და ტერმინი „სუვერენული დემოკრატია“ მისი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ საკვანძო იდეოლოგიურ კონსტრუქციას წარმოადგენს.
“სუვერენული დემოკრატიის” თანამედროვე ფორმულირება ვლადისლავ სურკოვს ეკუთვნის - პოლიტტექნოლოგს, იდეოლოგსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ მოადგილეს და პრეზიდენტის მრჩეველს, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „პუტინის ეპოქის“ იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად 1990-იანი წლების რუსეთში მიღებული ლიბერალური რეფორმებისა, 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანამ ხელისუფლების ცენტრალიზებისკენ მკვეთრი შემობრუნება განიცადა, და პოლიტიკური სისტემა ინსტიტუციური კონსოლიდაციის ფაზაში შევიდა.
2006 წელს, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე გამოსვლისას, სურკოვმა ეს ტერმინი პირველად გამოიყენა:
ჩვენი დემოკრატიის რუსულ მოდელს ჰქვია "სუვერენული დემოკრატია". ჩვენ გვინდა ვიყოთ ღია ერი სხვა ღია ერებს შორის და ვითანამშრომლოთ მათთან სამართლიანი წესებით და არა ვიმართებოდეთ გარედან
სურკოვის თანახმად, „სუვერენული დემოკრატია“ არის ქვეყნის პოლიტიკური მოდელი, რომელშიც ხელისუფლება, მისი ორგანოები და მოქმედებები შეირჩევა, ყალიბდება და იმართება ექსკლუზიურად რუსი ერის მიერ თავისი მრავალფეროვნებითა და მთლიანობით, ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის მატერიალური კეთილდღეობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის მისაღწევად, ეროვნულ ტრადიციებთან თავსებადობით”.
აღსანიშნავია, რომ კონცეფციის გაჟღერება დაემთხვა პერიოდს, როდესაც რუსეთი „დიდი რვიანის“ (G8) თავმჯდომარეობისთვის ემზადებოდა და კრიტიკას იღებდა დემოკრატიული სტანდარტების დაბალი ხარისხის გამო.
ამით სურკოვის იდეამ ნაწილობრივ კრიტიკის ნეიტრალიზების ფუნქცია შეასრულა, რადგან მცდელობა იყო დაეკავშირებინა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს იდეა დემოკრატიის ფორმალურ ელემენტებთან და დაედასტურებინა რუსეთის „უფლება“, თავად განესაზღვრა დემოკრატიის შინაარსი.
კონცეფციის ბირთვი მდგომარეობს სუვერენიტეტის უპირატოსებაზე საერთაშორისო ნორმებზე, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები, მიუხედავად ფორმალური არსებობისა, რეალურად მმართველი ელიტის კონტროლის ქვეშ რჩება. სახელმწიფო ინსტიტუტები მკაცრად კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “სუვერენული დემოკრატიის” ძირითდი ელემენტებია:
- ეროვნული პრიორიტეტის უპირატესობა ადამიანის ძირითად, უნივერსალურ უფლებებზე;
- ხელისუფლების ცენტრალიზაცია და ინსტიტუტების სახელმწიფო ვერტიკალისთვის დაქვემდებარება;
- იდეოლოგიური მობილიზაცია „გარე საფრთხეების“ წინააღმდეგ;
- კონტროლირებადი პოლიტიკური კონკურენცია, რომელიც გამორიცხავს ხელისუფლების რეალურ ცვლილებას.
ტერმინი სურკოვის გამოგონება არ არის. პირველად ის საჯაროდ პოლიტოლოგმა ვიტალი ტრეტიაკოვმა, სხვა პოლიტოლოგებთან ერთად, 2005 წლის 28 აპრილს გამოიყენა: „საბჭოთა სისტემიდან, საკუთარი სურვილითა და არჩევანით, რუსეთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა - ერთდროულად დემოკრატიული, თავისუფალი (სუვერენული) და სამართლიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობაზე. ამიტომ ისინი, რუსული საზოგადოება და სახელმწიფო, თავად განსაზღვრავენ ამ განვითარების ვადებს, ეტაპებს, პირობებსა და ფორმებს. რუსეთის სუვერენული (და სამართლიანი) დემოკრატია - აი, პუტინის პოლიტიკური ფილოსოფიის ენობრივი და არსებითი ფორმულა...“
კონცეფციის თეორიული ჩარჩოს მიღმა, პრაქტიკაში ეს მოდელი რუსეთისთვის გამოიხატა მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ჰეგემონიაში, სასამართლოსა და მედიის პოლიტიზებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვაში, ასევე ოპოზიციის მარგინალიზაციაში ადმინისტრაციული და საინფორმაციო რესურსების გამოყენებით.
ბევრი მკვლევარი “სუვერენულ დემოკრატიას” ჰიბრიდულ რეჟიმად თვლიან, რომელიც აერთიანებს დემოკრატიულ ფორმებსა და ავტოკრატიულ რეალობას. რუსეთის მოდელი დემოკრატიულ პროცედურებს ძირითადად ე.წ. “ვიტრინული დემოკრატიის” ეფექტისთვის იყენებს, ხოლო რეალური ძალაუფლება შეზღუდული ელიტის ხელშია.
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემერის, ბორის ნემცოვის შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკური მოდელი, სინამდვილეში, პრორცესის იმიტაციას წარმოადგენს:
ეს პოლიტიკური სიმულაციაა - ხალხს შეუძლია ხმა მისცეს, მაგრამ არჩევანი არ აქვს
2006 წელს მიხაილ კასიანოვმა „კომერსანტში“ დაწერა, რომ სუვერენული დემოკრატიის მიზანია ძალაუფლებისა და ქონების კონცენტრაცია ნებისმიერ ფასად, რაც იწვევს პოპულიზმს, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებასა და დემოკრატიის პრინციპების გაუქმებას.
The Washington Post-ში 2006 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ეს ტერმინი კრემლის მიერ შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთი დემოკრატიულად წარმოჩინდეს და ნებისმიერ კრიტიკას შინაგანი საქმეებში ჩარევად მიიჩნევდნენ.
დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი იშვიათად გამოიყენება, მისი იდეები, ბირთვი -„ტრადიციული ღირებულებები“, „რუსული ცივილიზაცია“, „მორალური სუვერენიტეტი“ - კლვლავ ისმინება რუსეთის რიტორიკაში.
მცირე სახელმწიფოებისთვის ასეთი პოლიტიკა რისკების შემცველია: იზოლაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, უსაფრთხოების მოწყვლადობა, რეპუტაციული ზიანი და ენერგო-უსაფრთხოების პრობლემები.
საქართველოსთვის „სუვერენული დემოკრატიის“ დღის წესრიგად ქცევა საფრთხეს უქმნის როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ისე ეკონომიკურ სტაბილურობასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.