Reuters: რუსეთის მოთხოვნები უცვლელია - სრული კონტროლი დონბასის რეგიონზე

რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის წინაპირობად კვლავ დონბასის რეგიონის სრულ კონტროლს ითხოვს - რეგიონის, რომლის თითქმის მესამედს ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
ვითარების არსი: სააგენტო „როიტერი”, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და სიტუაციასთან ახლოს მდგომ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული მოთხოვნა რუსულმა მხარემ აშშ-ს არაოფიციალურ წერილში („non-paper“) გადასცა.
- დონბასის რეგიონის სრული კონტროლის მოთხოვნით რუსეთმა კვლავ უარყო ამერიკელი პრეზიდენტის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ომი უნდა შეჩერდეს არსებული ფრონტის ხაზებზე.
- „ჩვენი აზრით, მათ უბრალოდ უნდა გაჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც ახლა იმყოფებიან. დანარჩენზე საუბარი ძალიან რთულია, თუ ვაპირებთ იმის თქმას - “შენ ამას აიღებ, შენ იმას“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან.
- გარდა ამისა, არაოფიციალურ დოკუმენტში რუსული მხარე კვლავ ეწინააღმდეგება ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებას.
ჩაშლილად: არაოფიციალური დოკუმენტის („non-paper“ - დიპლომატიური ტერმინი, რომელიც გამოიყენება ერთი მხარის პოზიციის არაოფიციალურად გადასაცემად მეორე მხარისთვის) შესახებ ცნობები ვრცელდება იმ ფონზე, როცა ბუდაპეშტში დაგეგმილი ტრამპისა და პუტინის სამიტი სულ უფრო საეჭვოდ გამოიყურება.
- თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ ამ შეხვედრის ჩატარება „უახლოეს მომავალში“ არ იგეგმება. ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ კომენტარზე უარი განაცხადა.
- დოკუმენტმა ასევე გამოკვეთა, რამდენად მტკიცედ იცავს რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს.
- როცა თეთრ სახლს ჰკითხეს კომენტარი „non-paper“-ზე, წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მიუთითეს ტრამპის სამშაბათის დღის განცხადებებზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება სამიტის შესახებ, თუმცა არ სურს „უაზრო შეხვედრა“. ტრამპმა დაამატა, რომ მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტა მიმდინარე ფრონტის ხაზების გასწვრივ კვლავ შესაძლებელია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო არმია დონეცკის რეგიონის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს. ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ რჩება დარჩენილ რეგიონში მდებარე მსხვილი ქალაქები - სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, პოკროვსკი, ლიმანი და სივერსკი.
- ჟურნალ The Economist-ის დათვლით, მაისში დაწყებული ბოლო იერიშის შემდეგ საოკუპაციო არმიამ უკრაინის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 0.4% დაიკავა.
- ამ ტემპით, რუსეთის არმია უკრაინის ფორმალურად ანექსირებული ოთხი ოლქის სრულად დაკავებას მხოლოდ 2030 წლისთვის შეძლებს.
- ხოლო უკრაინის მთლიანი ტერიტორიის დასაკავებლად, ამავე ტემპით, რუსეთს დაახლოებით 103 წელი დასჭირდება.
- ამ დროისთვის რუსეთის ჯამური დანაკარგები უკრაინაში 1.5 მილიონს უახლოვდება, მათ შორის დაღუპულთა რიცხვი 200-დან 500 ათასამდე მერყეობს.
კონტექსტი: ტრამპმა ხუთშაბათს პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ბუდაპეშტში შეხვედრა შესაძლოა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს.
- Reuters-ისა და სხვა მედიასაშუალებების ცნობით, პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მას წარუდგინეს კრემლის წინადადება - რუსეთს გადაეცემოდა დონბასის რეგიონი სანაცვლოდ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცირე ნაწილისა.
- ზელენსკიმ ეს შეთავაზება უარყო, რის შემდეგაც ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზები არსებული მდგომარეობით უნდა გაყინულიყო.