ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას „ერთ-ორ დღეში“ ელოდება

გამოცემა Axios-ის თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა მათ განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს. იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.

ვითარების არსი: მასალის თანახმად, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა და სხვა წყაროებმა Axios-ს დაუდასტურეს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა და სამგვერდიანი სამშვიდობო გეგმის მომზადებისა, კრიტიკულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა კვლავ რჩება.

  • ტრამპი, რომელმაც ბოლო დღეებში ირანის ოფიციალურ პირთან სულ მცირე ერთი პირდაპირი სატელეფონო საუბარი გამართა, აშკარად ოპტიმისტურადაა განწყობილი.
  • „ირანელებს შეხვედრა სურთ. მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ. ვფიქრობ, შეხვედრა, სავარაუდოდ, უქმეებზე შედგება და შეთანხმებას უახლოეს ერთ-ორ დღეში მივაღწევთ“ - გაუნცხადა პრეზიდენტმა გამოცემას მოკლე სატელეფონო ინტერვიუში.

მთავარი სიახლე: პარასკევს Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ განხილვის პროცესში მყოფი შეთანხმების ერთ-ერთი ელემენტი აშშ-ის მიერ ირანის გაყინული 20 მილიარდი დოლარის გათავისუფლებას ითვალისწინებს, რის სანაცვლოდაც ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა დათმოს. გეგმა ასევე მოიცავს მორატორიუმს ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე.

რას ამბობენ მხარეები: ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიღწევამდე ირანისთვის დაწესებულ საზღვაო ბლოკადას არ მოხსნის და ხაზი გაუსვა, რომ მას სრუტის ყველასთვის გახსნა სურს.

  • ირანმა პარასკევს გამოაცხადა, რომ სრუტეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარჩენილი პერიოდისთვის გახსნის (რომელიც 21 აპრილს იწურება), თუმცა ამ პროცესის დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია.

დიდი სურათი: ტრამპის თქმით, ეს შეთანხმება „ისრაელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“ და ომის დასრულების შემდეგ „ისრაელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება“.

  • მასალის თანახმად, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ხუთშაბათს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, ისრაელის მხრიდან ლიბანის დაბომბვა უნდა დასრულდეს.
  • „ისრაელმა უნდა შეწყვიტოს. მათ არ შეუძლიათ შენობების აფეთქების გაგრძელება. მე ამის უფლებას არ მივცემ“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები