აშშ-ირანის მოლაპარაკებებში პროგრესის ნიშნები ჩანს — Axios

 

აშშ-სა და ირანს შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება, თუმცა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებულ ბოლო ვადამდე (საქართველოს დროით დილის 04:00 საათი) შეთანხმების მიღწევა კვლავ ნაკლებად სავარაუდოა.

Axios-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებს ეყრდნობა, პროცესი დრამატულ ფაზაში შედის.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა ირანის მიერ შუამავლების მეშვეობით გამოგზავნილი საპასუხო წინადადება, გარკვეულწილად, იმედისმომცემად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაშინგტონის პოზიციებს სრულად არ შეესაბამებოდა.

  • აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ეს შეთავაზება იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ადმინისტრაცია ელოდა.
  • მასალაში აღნიშნულია, რომ თეთრ სახლში განწყობა შეიცვალა: "ახლა მთავარი კითხვაა არა ის, შედგება თუ არა შეთანხმება საერთოდ, არამედ ის - მოესწრება თუ არა ეს დათქმულ 8 საათამდე".
  • ნებისმიერი სხვა სცენარი, რომელიც ტრამპს ვადის გაგრძელებაში ვერ დაარწმუნებს, ომის უპრეცედენტო ესკალაციას გამოიწვევს.

მოვლენათა ეპიცენტრში: პრეზიდენტი ტრამპი ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით იმუქრება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ დათანხმდება.

  • „დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ასე იქნება“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
  • თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ მზად არის საპასუხო დარტყმები ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელოს.
  • ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ორი მთავარი ბარიერი აფერხებს: თეირანის მოთხოვნა უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე და თავად ირანული მხარის გადაწყვეტილებების მიღების დაბალი ტემპი, რაც რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოთია გამოწვეული.

დეტალები: დიპლომატიური ძალისხმევა ახლა ფოკუსირებულია ნდობის აღდგენის ზომებზე - საუბარია ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ომის დასრულების გარანტიების სანაცვლოდ.

  • ასევე განიხილება 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა უფრო ფართო შეთანხმებაზე მუშაობა შეძლონ.

რას ველოდოთ: მოლაპარაკებები უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში, ტრამპის „დედლაინის“ ამოწურვამდე გაგრძელდება.

  • ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში აღნიშნა, რომ აშშ-მა თითქმის ყველა სამხედრო მიზანს მიაღწია და ომი დასასრულს უახლოვდება.
  • მისი თქმით, ახლა „ბურთი ირანის მოედანზეა“ და ვაშინგტონი პასუხს დათქმულ დრომდე ელოდება.

 


მსგავსი სიახლეები