არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ჰორმუზის ძალისმიერი გახსნისთვის მზად არიან - WSJ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სურს დაარწმუნოს აშშ და სხვა მოკავშირეები, გახსნან ჰორმუზის სრუტე ნებისმიერი საჭირო საშუალებით. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal აქვეყნებს.

ვითარების არის: WSJ-ის მასალის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები ემზადება, დაეხმაროს აშშ-სა და სხვა მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტის ძალისმიერად გახსნაში.

  • მასალის თანახმად, ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკვე გადახედა თავის შესაძლებლობებს სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდასა და სხვა დამხმარე სერვისებს.
  • გარდა ამისა, საამიროები მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა მოახდინოს სტრატეგიული კუნძულების ოკუპაცია, მათ შორის აბუ-მუსასი, რომელიც ნახევარი საუკუნეა ირანის ხელშია, თუმცა მასზე პრეტენზიას UAE აცხადებს.

ლეგალური დეტალები: მასალის მიხედვით, საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მსგავს ქმედებას დაუშვებს. ემირატელი დიპლომატები მოუწოდებენ აშშ-ს, ევროპისა და აზიის სამხედრო ძალებს, შექმნან კოალიცია სრუტის ძალისმიერი გზით გასახსნელად.

  • საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც გმობენ ირანის თავდასხმებს ქალაქებზე და სრუტის ჩაკეტვას. უწყების განცხადებით, არსებობს „ფართო გლობალური კონსენსუსი, რომ ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტეში დაცული უნდა იყოს“.

სხვა ქვეყნები: საუდის არაბეთი და ყურის სხვა ქვეყნები ასევე იკავებენ ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პოზიციას და სურთ, რომ ომი მის დამხობამდე ან პარალიზებამდე გაგრძელდეს, თუმცა საკუთარი ჯარების გამოგზავნისგან ჯერ თავს იკავებენ.

ბაჰრეინი, რომელიც აშშ-ის მეხუთე ფლოტს მასპინძლობს, გაეროს რეზოლუციის სპონსორია, კენჭისყრა კი ხუთშაბათს იგეგმება.

დიდი სურათი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეს აქტიური პოზიცია სტრატეგიული ხედვის ფუნდამენტური ცვლილებაა. დუბაი, ქვეყნის კომერციული ცენტრი, დიდხანს აფინანსებდა ირანის რეჟიმს, ხოლო ემირატელი დიპლომატები ომის დაწყებამდე აშშ-სა და ირანს შორის მედიაციას ცდილობდნენ.

  • თუმცა ახლა ქვეყანა პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას პასუხობს, რომ მოკავშირეებმა ომის ტვირთის დიდი ნაწილი თავად იტვირთონ.
  • WSJ-ის ინფორმაციით, ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ მზად არის ომი სრუტის გახსნის გარეშეც დაასრულოს და ეს საკითხი სხვა ქვეყნებს მიანდოს.
  • საამიროების ახალი პოზიცია ყველაზე მკაფიოდ ჰორმუზის სრუტის გახსნის მცდელობაში ჩანს, რაც მისი ენერგოექსპორტისა და სურსათის მომარაგების სასიცოცხლო ხაზია.
  • მაშინაც კი, თუ რუსეთი და ჩინეთი გაეროს რეზოლუციას ვეტოს დაადებენ, ემირატები მაინც მზად არის სრუტის გასათავისუფლებლად ძალისმიერ ქმედებებში ჩაერთოს.

ირანის პასუხი: საამიროების მონაწილეობა დიდ რისკებს შეიცავს. ირანმა უკვე გააძლიერა საამიროების დაბომბვა - მხოლოდ სამშაბათს ქვეყნის მიმართულებით 50-მდე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა თუ დრონი გაუშვა.

  • თეირანი იმუქრება, რომ გაანადგურებს ნებისმიერი იმ ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელიც მის ტერიტორიაზე შეჭრას დაუჭერს მხარს.
  • ირანულმა დარტყმებმა უკვე დააზარალა საამიროების საჰაერო მიმოსვლა, ტურიზმი და უძრავი ქონების ბაზარი, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის მთავარი უპირატესობა - ის, რომ იგი „მშვიდობის ოაზისია“ რთულ რეგიონში.
  • საპასუხოდ, საამიროებმა მკაცრი ფინანსური ზომები მიიღო: ავიაკომპანია Emirates-მა ირანის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა და ტრანზიტი აუკრძალა, დაიხურა ირანული საავადმყოფო და კლუბი დუბაიში.

 

მსგავსი სიახლეები