როგორ ეხმაურება ევროკავშირი "ქართული ოცნების" გრანტების კანონში ცვლილებებს

"ქართული ოცნების" მიერ გრანტების კანონის გამკაცრების ანონსს ევროკავშირის მაღალჩინოსნების ნაწილი გამოეხმაურა.

კაია კალასი

"ველი, რომ მინისტრები წამოჭრიან ამ საკითხს, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ უფლებებს, პრესის თავისუფლებაც მათ შორისაა. ასე რომ, ნამდვილად გადავდგამთ ნაბიჯებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ამას აკეთებს." - უპასუხა "ევროსკოპს" ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მარტა კოსი

"ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობას ვუთხრა არის ის, რომ ეს აბსურდი შეწყვიტოს და ევროპულ მომავალზე მუშაობა დაიწყოს. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რამდენიმე მათგანს მიმდინარე კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიას. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით." - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

მარგუს ცაჰკნა

"სამწუხაროა რაც ქართველ ხალხთან მიმართებით ხდება. ამ რეჟიმზე მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერდა ქართველ ხალხს და ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ მიღებულ სხვადასხვა შეზღუდვებს და აკრძალვებს". - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

რასა იუკნევიჩიენე

"საქართველოში გრძელდება სერიოზული რეპრესიები დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა!

წევრმა ქვეყნებმა საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანონ და მიყვნენ ევროპარლამენტის რეკომენდაციებს". - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი.

დაეწიე ამბავს: 28 იანვარს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში.

  • მისი თქმით, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში.
  • გარდა ამისა, "გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება".
  • ამასთანავე, ახალი კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.

დიდი სურათი: სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, "გრანტების შესახებ" კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

  • შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
  • სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები