"მუდამ თქვენს სამსახურში" - ლავროვის და უნგრეთის საგარეო მინისტრის ფარული აუდიოჩანაწერი

უნგრეთი რუსეთთან ერთად გეგმავდა სანქცირებული ოლიგარქების, კომპანიებისა და ბანკების სიიდან ამოღებას

ინფორმაციას გამოცემა The Insider-ი აუდიოჩანაწერთან ერთად აქვეყნებს.

ვითარების არსი: გამოცემისა და მისი საგამოძიებო პარტნიორების მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერებისა და ტრანსკრიპტების მიხედვით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის არსებული „ცხელი ხაზი“ მოსკოვს ევროკავშირის კრიტიკულ საკითხებზე სტრატეგიულ ინფორმაციას აწვდიდა.

  • მასალები მიუთითებს, რომ სიიარტო კრემლის სახელით მოქმედებდა - მათ შორის, ცდილობდა სანქცირებული ოლიგარქების, მაგალითად ალიშერ უსმანოვის დის, ევროკავშირის „შავი სიიდან“ ამოღებას.
  • რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან სხვა საუბრისას, სიიარტომ განაცხადა, რომ მაქსიმუმს აკეთებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტის დასაბლოკად და რუსული სუბიექტების სანქციებისგან დასაცავად.
  • მან ასევე დასძინა, რომ ამ კოორდინირებულ რუსულ-უნგრულ ძალისხმევას სლოვაკეთის მთავრობაც ეხმარებოდა.

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი: 2024 წლის 30 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგიდან ბუდაპეშტში ჩასვლიდან მალევე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსი კოლეგისგან, სერგეი ლავროვისგან, სატელეფონო ზარი მიიღო. ლავროვმა აღნიშნა, რომ ვიზიტის შემდეგ სიიარტო რუსული მედიის მთავარი ფიგურა გახდა.

ამის შემდგომ საგარეო მინისტრები საქმიან საუბარზე გადავიდნენ:

სერგეი ლავროვი: მისმინე, ალიშერის თხოვნით გირეკავ. მან მთხოვა შეგახსენო, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებდი.

პეტერ სიიარტო: ქალბატონ ისმაილოვაზე ამბობთ?

სერგეი ლავროვი: დიახ.

პეტერ სიიარტო: დიახ, რა თქმა უნდა. საქმე შემდეგნაირადაა: სლოვაკებთან ერთად ევროკავშირში შეგვაქვს წინადადება მისი სიიდან ამოღების შესახებ. მას მომავალ კვირას წარვადგენთ და რადგან ახალი განხილვის პერიოდი იწყება, საკითხი დღის წესრიგში დადგება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის სიიდან ამოვიყვანოთ.

სერგეი ლავროვი: დიდი მადლობა. ის მართლაც ძალიან კმაყოფილი დარჩება. სერიოზულად ნერვიულობს თავის დაზე, თავადაც გესმით... ჩვენ კი ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას და თქვენს ბრძოლას თანასწორობისთვის ყველა სფეროში.

კონტექსტი: გავრცელებული აუდიოჩანაწერები არ არის იზოლირებული შემთხვევა; ის ადასტურებს იმ პროცესებს, რომლებსაც საერთაშორისო მედია და დიპლომატიური წყაროები ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად აშუქებდნენ. უნგრეთის მცდელობები, რუსი ოლიგარქები ევროკავშირის „შავი სიიდან“ ამოეყვანა, არაერთხელ გახდა ბრიუსელში მწვავე დაპირისპირების მიზეზი.

  • Reuters, Politico და Radio Free Europe ჯერ კიდევ 2022 და 2023 წლებში დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ ბუდაპეშტი სანქციების მორიგი პაკეტების მხარდაჭერას კონკრეტული პირების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა.
  • ალიშერ უსმანოვი და მისი ოჯახი: უნგრეთი არაერთხელ ლობირებდა მილიარდერ ალიშერ უსმანოვისა და მისი დის, გულბახორ ისმაილოვას სიიდან ამოღებას.

  • ბუდაპეშტი ასევე ითხოვდა სანქციების გაუქმებას პიოტრ ავენის, ვიქტორ რაშნიკოვისა და გრიგორი ბერეზკინისთვის.

  • ევროპული მედიის ცნობით, უნგრეთი ვეტოს უფლებას პოლიტიკურ ბერკეტად იყენებდა, რათა მოსკოვისთვის სასურველი შედეგებისთვის მიეღწია.

მსგავსი სიახლეები