EU საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.

ვითარების არსი: აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით გამგზავრებისას, ზემოაღნიშნული კატეგორიის პასპორტების მფლობელებს ვიზის აღება მოეთხოვებათ.

  • ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი ამოქმედდა. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანხმობით იქნა მიღებული

რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა

  • 2026 წლის 6 მარტიდან საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონაში სამგზავრო ვიზა დასჭირდებათ;

  • ამ გადაწყვეტილებას შენგენის ზონის ყველა ქვეყანა, გამონაკლისის გარეშე, შეასრულებს;

  • ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოებისთვის გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად. იმ პირებს, რომლებიც ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნით მგზავრობისას არ გამოიყენებენ შესაბამის პასპორტს, შესაძლოა ევროკავშირში შესვლა შეეზღუდოთ;

  • საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტებით უვიზო მიმოსვლით სარგებლობას კვლავ გააგრძელებენ.

მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია

  • ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე მიენიჭა, რომელთა დარღვევასაც შედეგები მოჰყვება;

  • საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები და უგულებელყო ევროკავშირის რეკომენდაციები კურსის შეცვლასთან დაკავშირებით;

  • საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიულმა ზომებმა საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობაზე მძიმე გავლენა მოახდინა. 

შემდეგი ნაბიჯები

  • უვიზო მიმოსვლის შეჩერება 12 თვე (2027 წლის 6 მარტამდე) გაგრძელდება;

  • თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ აღმოფხვრის, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა დამატებით 24 თვით გახანგრძლივდეს ან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს;

  • პასუხისმგებლობა სიტუაციის გამოსწორებაზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ევროკავშირი პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს;

მსგავსი სიახლეები