RSF: ჩინეთის მზარდი გავლენა საქართველოს საინფორმაციო სივრცეზე
ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჩინეთის მზარდი გავლენა საქართველოს საინფორმაციო სივრცეზე“. კვლევაში საუბარია იმაზე, თუ როგორ და რა გზებით ძლიერდება ჩინეთის გავლენა ქვეყნის ისედაც მოწყვლად მედიაგარემოში. ერთ-ერთ მაგალითად ავტორებს ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემა მოჰყავთ, რომელიც, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ჩინეთის საელჩოს მიერ ფინანსდება.
გაეცანით RSF-ის სტატიას სრულად:
"2022 წლიდან პეკინი თანდათან აძლიერებს გავლენას საქართველოს საინფორმაციო სივრცეზე. საკუთარი სახელმწიფო მედიის გახსნის ნაცვლად, ჩინეთის ხელისუფლება ეყრდნობა ადგილობრივ შუამავლებს საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად - კერძოდ, პროკრემლისტურ და საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ გამოცემებს. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის მხრიდან ფარული გავლენის გავრცელების იმ მასშტაბურ პროცესზე, რომელიც საქართველოს ისედაც დასუსტებული მედიაგარემოს პირობებში ხელს უწყობს ავტორიტარული ნარატივების ცირკულაციასა და ურთიერთგამტკიცებას, რაც შემდგომში საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმს.
ეს ჰგავს მონაკვეთს ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიიდან: 50-წუთიანი პროგრამა, რომელიც ეძღვნება ჩინეთის მიღწევებს, ორი წამყვანი დგას ქვეყნის რუკის წინ, რომელზეც კომუნისტური დროშაა, შემდეგ კი ეთერი (ჩინეთის) ოფიციალური წყაროების ხანგრძლივ ვიზუალურ მასალას ეთმობა. სინამდვილეში, ეს გადაიცემოდა საქართველოში, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში. გადაცემა „ჩინური პანორამა“ დახასიათებულია, როგორც ყოველკვირეულ საინფორმაციო პროგრამას, რომელიც ჩინეთში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება.
გადაცემა მზადდება ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის, „China Media Group“-ის მიერ მიწოდებული მასალებით და ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში განადიდებს პეკინის ეკონომიკურ, კულტურულ და დიპლომატიურ წარმატებებს. სენსიტიურ თემებს, როგორიცაა უიღურების რეპრესიები სინძიანის ავტონომიურ რაიონში ან ჰონგ-კონგის პროტესტი, გადაცემა უგულებელყოფს. ეს ფორმატი ნათლად ასახავს პეკინის საგარეო გავლენის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის შესახებ საერთაშორისო აღქმის ფორმირებას დამაზიანებელი ინფორმაციის დამალვითა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის რეკლამირებით.
საქართველოს ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები
კომუნიკაციების კომისიის (ComCom) ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2025 წლის მონაცემების მიხედვით, „ობიექტივის” ზემოთხსენებულ გადაცემას საქართველოში ჩინეთის საელჩო აფინანსებს. 2026 წლის მონაცემები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, 2025 წლის 1 აპრილიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლებს აეკრძალათ უცხოური სახელმწიფოებისგან დაფინანსების მიღება, გარდა კომერციული რეკლამისა. საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ზომა არ მიუღია „ობიექტივის“ მიერ კანონის აშკარა დარღვევის საპასუხოდ. ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუერთდა, უცხოური დაფინანსების მიღების ბრალდებით გასულ შემოდგომაზე რამდენიმე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მათ შორის იყო „RealPolitika“ და „iFact“.
ხშირად პროკრემლისტურად წოდებული „ობიექტივი“ 2010 წელს ირმა ინაშვილმა დააფუძნა, რომელიც ყოფილი პარლამენტარი და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თანადამფუძნებელია - პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური პოზიციებითა და რუსეთთან მჭიდრო კავშირების მხარდაჭერით.
„პეკინს არ სჭირდება საქართველოში საკუთარი მედიების გახსნა: ის იყენებს ადგილობრივ შუამავლებს საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად. ეს ჩარევა არ შემოიფარგლება მხოლოდ დეზინფორმაციით; ის ასევე გულისხმობს უცხოური სახელმწიფო ნარატივების ფარულ დანერგვასა და ცალკეულ მედიებთან არსებულ გაუმჭვირვალე კავშირებს. საქართველოს დასუსტებულ მედიაგარემოში ეს ტაქტიკა ხელს უწყობს ისეთი ეკოსისტემის შექმნას, სადაც ავტორიტარული პროპაგანდა ერთმანეთს კვებავს და აძლიერებს, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს მედიაპლურალიზმს.“ - ჟან კაველიე, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელი.
ჩინეთისა და რუსეთის გადაჯაჭვული პროპაგანდა
მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი კვლავ რჩება ყველაზე გავლენიან საგარეო ძალად საქართველოში, ჩინეთმა 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ნარატივების არსებობა ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში. ეს ხდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ქართულ საჯარო დისკუსიაში ანტიდასავლური ნარატივის ზრდის ფონზე. 2023 წლის ივლისში თბილისსა და პეკინს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და კულტურულ თანამშრომლობას, ახალი ეტაპია საქართველოში ჩინური ნარატივების გავრცელებაში.
ამ პერიოდში რამდენიმე ქართულ გამოცემაში მომრავლდა სტატიები „Global Times“-დან - ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემიდან, რომელიც სარედაქციო პოლიტიკით ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთანაა აფილირებული. „Global Times“-ის მასალები რეგულარულად ითარგმნება და ადგილობრივად ვრცელდება. სათაურები ტონს განსაზღვრავს: „უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა“ (საქართველო და მსოფლიო), „ვაგნერის ამბოხი: დასავლეთს სასურველი რეალობად ეჩვენება“ (Tbilisi Post), „ევროპა უკრაინის კონფლიქტის ფასს მიხვდა“ (Publicist.ge) და „დრონების შეტევა კრემლზე არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში კონფლიქტის გამწვავებას“ (საქართველო და მსოფლიო). სინამდვილეში, ყველა ეს სტატია უბრალოდ ჩინური პროპაგანდის ნაწილია.
ეს სტატიები ნათლად აჩვენებს იმ საინფორმაციო ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, რომელშიც ჩინური და რუსული ნარატივები იკვეთება და ერთმანეთს აძლიერებს. „ამის კარგი მაგალითია Georgia First News,“ - ამბობს სალომე გიუნაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევითი პროექტების კოორდინატორი. ეს ონლაინ გამოცემა დაკავშირებულია ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრთან, რომელმაც მოგვიანებით დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა „აი ია“, ისევე როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. „უფრო ფართოდ, Global Times-ის მასალები ანტიდასავლურ კონტექსტში რამდენიმე პროკრემლისტური და პროსამთავრობო ქართულენოვანი მედიების მიერ გამოიყენება,“ - განმარტავს მკვლევარი. "გავრცელებული პოზიციები თითქმის იდენტურია კრემლის ნარატივების, თუმცა საინფორმაციო სივრცეში რუსული წყაროების გარეშე აღწევს.”
პეკინის ნარატივების ქართული ექო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ პლატფორმებზე რეგულარულად აქვეყნებს ტექსტებს, სადაც აკრიტიკებენ USAID-ს ან უცხო სახელმწიფოების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED). ეს პოზიციები ეხმიანება გარკვეულ ადგილობრივ პოლიტიკურ ნარატივებს, რომლებიც ჩინეთს დასავლელი აქტორების ალტერნატივად წარმოაჩენენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი არის „ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო გლობალურ პოლიტიკაში“, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პეკინის მიერ გაეროს რეზოლუციაზე თავშეკავება საქართველოს მხარდაჭერას უდრიდა.
უფრო ფართო ჭრილში, აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ DFRLab-ის ანალიზი გამოყოფს საქართველოში გავრცელებულ სამ ძირითად ნარატივს. პირველი: აშშ-სა და დასავლეთისგან განსხვავებით, ჩინეთი წარმოდგენილია როგორც დიდი სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს. მეორე: ჩინეთის სტატუსი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, წარმოჩენილია როგორც პოტენციური ხელშემწყობი ფაქტორი საქართველოს ტერიტორიულ საკითხებზე მედიაციის პროცესში. მესამე: დაახლოება ხშირად სიმბოლურ ჭრილშია წარმოჩენილი და საქართველოს აღწერს, როგორც ისტორიულ „ხიდს“ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ჩინეთის გავლენა იზრდება იმ დროს, როდესაც საქართველოს მედიაგარემო სულ უფრო მოწყვლადი ხდება. პოლიტიკური ზეწოლის, შემზღუდველი კანონმდებლობისა და დაფინანსების სირთულეების ფონზე, ბევრი დამოუკიდებელი მედია გადარჩენისთვის იბრძვის. 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ 600-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. ამ კონტექსტში, საქართველოს საინფორმაციო სივრცემ განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი შექმნა უცხოური გავლენის გასაძლიერებლად."