Reuters: მომდევნო დღეებში აშშ პოლონეთში დამატებით კიდევ 3 ათას სამხედროს გაგზავნის

 

უახლოეს დღეებში აშშ პოლონეთში დამატებით კიდევ 3 ათასს სამხედროს გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გამოცემა თავის მასალაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების 4 ანონიმურ მაღალჩინოსანს ეყრდნობა. არსებული ინფორმაციით, დამატებითი სამხედროების გაგზავნის მიზანი ბელარუსში მიმდინარე რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი, მასშტაბური სამხედრო წვრთნების ფონზე ნატოს წევრი მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა სურს. 

სააგენტოს ინფორმაციით დამატებითი სამხედროები პოლონეთში არა ევროპაში დისლოცირებული ძალებიდან, არამედ აშშ-დან ჩავლენ. დამატებითი კონტინგენტი შემდეგი კვირისთვის უკვე პოლონეთში იქნება. 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, ხოლო გადაწყვეტილება დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის შესახებ უშუალოდ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო. 

შეგახსნებთ, რომ აშშ-მა მიმდინარე თვეში უკვე გაზარდა ნატოს აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში განთავსებული სამხედროების რაოდენობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე საბრძოლო მზადყოფნაშია და გადასროლისთვის ნებისმიერ მომენტში მზად არის დამატებით 8 500 ამერიკელი სამხედრო. 

 

 

მსგავსი სიახლეები