კავკასიელი ტყვე ქალები ანუ ჩეჩნური ფემიციდი
19 ოქტომბერს ერევანში, 23 წლის აიშატ ბაიმურადოვა გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა ჩეჩენი ქალი 15 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურ წყაროებში გარდაცვალების მიზეზი არ არის მითითებული, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ქალი გაგუდეს.
ვითარების არსი: დანაშაული, რომელმაც ერევანი შეძრა, ე.წ. ღირსების მკვლელობაა, რომელიც სამწუხაროდ პირველი არ არის, მსხვერპლები კი ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრები არიან, რომელთაც ბაიმურადოვას მსგავსად მშობლიური სახლი განსხვავებული, პატრიარქალურ სტანდარტებთან შეუსაბამო შეხედულებების გამო დატოვეს.
წინაისტორია: ბაიმურადოვა დედის გარეშე გაიზარდა - დაბადებიდან მესამე დღეს მამამ ცოლი სახლიდან გააგდო, ქალიშვილი კი დაიტოვა.
- 20 წლის ასაკში აიშატი 29 წლის კაცს მიათხოვეს, გოგონასთვის აზრი არ უკითხავთ, გადაწყვეტილება მამამ მიიღო. ცოლ-ქმარი მალევე განქორწინდნენ, ურთიერთობიდან ბაიმურადოვას შვილი დარჩა.
- ბაიმურადოვა სისტემატიურად იყო ძალადობის მსხვერპლი. 2024 წელს ის უფლებადამცველ ორგანიზაცია CK SOS-ს დაუკავშირდა. 2025 წლის იანვარში უფლებადამცველებმა ქალი (ერთი შეხედვით) უსაფრთხო ადგილას, ერევანში გააპარეს.
ჩაშლილად: სტანდარტული პროცედურის მიხედვით, ორგანიზაცია მსხვერპლს 3 თვის განმავლობაში ეხმარება. სამი თვის თავზე ბაიმურადოვამ დალაგების სერვისში მუშაობა და საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვა დაიწყო. ის აქტიურობდა სოციალურ ქსელებში, რაც უფლებადამცველ სვეტლანა ანოხინას აზრით დიდი შეცდომა იყო:
- "ყველა ევაკუირებულ ქალს ვეუბნებით, რომ ყველაზე მარტივი გზა ადამიანის საპოვნელად სოციალური ქსელებია. მაგრამ მისთვის (ბაიმურადოვა) მნიშვნელოვანი იყო ელაპარაკა იმაზე, რაც 23 წლის განმავლობაში დაუგროვდა. ერთ-ერთ ბოლო შეტყობინებაში წერდა, რომ სურს გახდეს უფლებადამცველი და დაეხმაროს ქალებს. წერდა რომ მისია არის: აჩვენოს, რომ არის ჩეჩენი, რომ არ ეშინია და გადარჩა".
დიდი სურათი: ეს არ არის ერთეული შემთხვევა. სახლიდან გაქცეული ქალების მოტაცებას ან მკვლელობას სისტემატიური ხასიათ აქვს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას გამოქცეული მსხვერპლების დევნაში რუსეთის ფედერაციის ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მაღალჩინოსნები და სპეცსამსახურები არიან ჩართულები. არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, თუმცა უცხო ქვეყნებში პოვნისა და ამოცნობის, შემდგომში გატაცებისა ან მკვლელობის ორგანიზება სცდება ეჭვიანი ქმრის ან განაწყენებული მამის შესაძლებლობებსა და კომპეტენციას.
- ბაიმურადოვას შემთხვევაც კარგად დაგეგმილი ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს - საქმეში ფიგურირებს ვინმე 31 წლის კარინა იმინოვა. სწორედ მასთან შეხვედრას გეგმავდა გაუჩინარებამდე აიშატი. იმინოვა მსხვერპლმა ორი თვით ადრე გაიცნო. ამ პერიოდში იმინოვას ბაიმურადოვას სხვა ნაცნობებიც შეხვედრიან, რამდენიმე მათგანი ახლადშეძენილი მეგობრის ბინაშიც არის ნამყოფი.
- ტრაგედიის დღეს იმინოვას კვალი გაქრა, ხოლო მის სოციალურ ქსელებში აღმოჩნდნენ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრები. უფლებადამცველების აზრით, იმინოვა დამნაშავეების თანამზრახველი იყო, ბაიმურადოვა სახლიდან გამოიტყუა და მკვლელებს ჩაუგდო ხელში.
- ეჭვს ამყარებს 24 და 25 ოქტომბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ომბუდსმენის, მანსურ სოლტაევის გამოქვეყნებული ვიდეომიმართვები, რომლებშიც “უფლებადამცველი” ამტკიცებს, რომ მას ხელთ აქვს ბაიმურადოვას მიმოწერები და აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ქალი ამბობს, რომ აქტივისტებმა და კრიზისული ცენტრების თანამშრომლებმა მოტყუებით გაიყვანეს რუსეთიდან. ომბუდსმენი შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აპირებს.
სიღრმისეულად: "ღირსების აღდგენის სპეცოპერაციის" გემოს ტოვებს ასევე სედა სულეიმანოვას საქმე. სულეიმანოვა 2022 წელს ძალდატანებით დაოჯახებას სანქტ-პეტერბურგში გამოექცა, ერთი წლის შემდეგ ის სამართალდამცავებმა დააკავეს და ჩეჩნეთში დააბრუნეს, ოფიციალური მიზეზი დედისგან 150 000 რუბლის ღირებულების სამკაულების მოპარვა გახდა.
- სულეიმანოვას ბედი ამ დრომდე უცნობია, 2024 წელს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ჩეჩნეთში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი მოკლეს და მშობლიურ სოფელ ალჰან-იურტში დაკრძალეს. CK SOS-ის დირექტორის, დავიდ ისტეევის აზრით, მოტაცებისა და მკვლელობის უკან რუსეთის დუმაში ჩეჩნეთის წარმომადგენელი, რამზან კადიროვთან დაახლოებული ადამ დელიმხანოვი დგას.
- კადიროვის ჩეჩნეთმა მსგავსი სპეცოპერაციის ჩატარება საქართველოშიც სცადა. 2025 წლის 13 ივლისს ლაურა ავტორხანოვას რუსეთში დაბრუნება მისმა დამ და ხუთმა ჩეჩენმა სცადეს. ავტორხანოვა საბოლოოდ საქართველოს შსს-ს განყოფილებაში აღმოჩნდა, დაკითხვის შემდეგ ქალი გაათავისუფლეს. მსგავსი შემთხვევები 2023-2025 წლებში სომხეთსა და ყაზახეთშიც მოხდა.
- 2024 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი 585 ქალი გახდა, ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც რუსეთის შსს-ს ანგარიშებს ეფუძნება, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით რიცხვი გაცილებით დიდი და შემაშფოთებელია.
