დონეცკის ოლქი ზავის სანაცვლოდ - პუტინის აქცენტები აშშ-სთან მოლაპარაკებებამდე
ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებამდე ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა და მოდერნიზებული ამერიკული გეგმის განხილვის მზაობის შესახებ განაცხადა.
ვითარების არსი: ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთში 2-დღიანი სახელმწიფო ვიზიტის შემაჯამებელ პრს-კონფერენციაზე ისაუბრა.
- 1-საათიანი კონფერენციის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის პირველად ისაუბრა ვრცლად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შედგენილ სამშვიდობო გეგმაზე.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის მთავარ აქცენტებს:
_____________________________________________________
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა - კითხვაზე პასუხი ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შესწორებით დაიწყო და განაცხადა, რომ ე.წ. 28-პუქტიანი გეგმა არ იყო შეთანხმების პროექტი, არამედ "ეს იყო საკითხთა ნაკრები, რომელიც უნდა განგვეხილა და საბოლოოდ შეგვათანხმებინა."
პუტინმა გაიმეორა, რომ პუნქტები, რომელიც საბოლოოდ 28-პუნქტიანი გეგმის ცალკეული საკითხები ამერიკელებთან ჯერ კიდევ ანკორიჯში, ტრამპთან გამართულ შეხვედრამდე განიხილებოდა და იმავე მოლაპარაკებებზე დაფუძნებული გეგმა "გარკვეული არხებით" მიიღეს.
- "ამის შემდეგ გაიმართა მოლაპარაკებები ჟენევაში აშშ-სა და უკრაინას შორის. როგორც მივხვდი მათ გადაწყვიტეს ეს 28 პუნქტი 4 ნაწილად დაეყოთ... და ჩვენ ეს ყველაფერი გადმოგვცეს. ჯამურად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ ეს დოკუმენტი შესაძლოა დაედოს საფუძვლად მომავალ შეთანხმებებს"- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
პუტინის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო ფორმულირებები, თუმცა კრემლი ხედავს, რომ "ამერიკული მხარე ზოგ საკითხში ითვალისწინებს ჩვენს პოზიციას." ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არის საკითხები, რომელზეც "უნდა დავჯდეთ და სერიოზულად განვიხილოთ კონკრეტული საგნები."
გამოსვლის ამავე ნაწილში პუტინმა "სასაცილო" უწოდა ევროპაში გავრცელებულ შიშებს და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ რუსეთი არ აპირებს თავდასხმას ევროპაზე.
დონეცკი ზავის სანაცვლოდ - ამერიკულ გეგმაზე საუბრის შემდეგ პუტინს ჰკითხეს არის თუ არა რუსეთი მზად დროებით გადადოს ტერიტორიების საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებებში. პუტინის თქმით, კრემლი ამ დრომდე იღებს თხოვნებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ამა თუ იმ ოლქში.
- "თუ უკრაინული ჯარები გავლენ, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან - საომარი მოქმედებები შეწყდება, არ გავლენ - ჩვენს მიზნებს იარაღის გზით მივაღწევთ. ასე იქნება"- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ წინ დიდი სამუშაოა და მიანიშნა, რომ სწრაფად ამის მიღწევა ვერ მოხერხდება.
ამ გარემობის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დროებითი ზავის სანაცვლოდ რუსეთი დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანას მოითხოვს და სწორედ ამის პარალელურად უნდა გაგრძელდეს მისი აზრით, მუშაობა დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე.
უიტკოფი-უშაკოვის სკანდალი - პუტინის თქმით, დასავლური მედიების გავრცელებული სატელეფონო საუბრის ტექსტი შესაძლოა ფეიკი იყოს, ან მართლაც უკანონო მიყურადებასთან გვქონდეს საქმე.
- "ზოგადად ეს (რედ. უკანონო მიყურადება) სისხლის სამართლის დანაშაულია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან"- განაცხადა პუტინმა.
გამოსვლის ამავე ნაწილში პუტინმა სტივ უიტკოფს "ინტელიგენტური ადამიანი" უწოდა და უშაკოვთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელება დასავლეთში და მათ შორის ამერიკის ადმინისტრაციაშიც დაპირისპირებული ფრაქციების არსებობით ახსნა.
ვითარება ფრონტზე - მიღებული კითხვებიდან ყველაზე ვრცლად ვლადიმირ პუტინმა ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. ჯამურად ამ თემაზე საუბარს პუტინმა 10 წუთი დაუთმო და ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო არმიის წინსვლის შესახებ განაცხადა.
მათ შორის,. პუტინმა ისაუბრა ქალაქ კომსომოლსკის ირგვლივ რუსეთის არმიის წინსვლაზე - საქმე ის არის, რომ ამ დასახელებით ქალაქი პუტინის მიერ განხილულ მონაკვეთზე უბრალოდ არ არსებობს. ამ (ძველი) დასახელებით უახლოესი ქალაქი ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრში, პოლტავის რაიონში მდებარეობს და ქალაქს 2016 წლიდან ჰორიშნე პლავნი ეწოდება.
ვითარების აღწერის მიხედვით, პუტინი მაღალი ალბათობით ქალაქ კონსტანტინოვკას გულისხმობდა.
პუტინმა ვრცლად ისაუბრა უკრაინულ არმიაში ცოცხალი ძალის დანაკლისზე და ქვეყნის მიმართ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისკენ გახშირებული მოწოდებები იმით ახსნა, რომ დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც იაზრებენ უკრაინული არმიისთვის შექმნილ "სავალალო" მდგომარეობას და ფრონტის ჩამოშლის რისკს.
- დაბრუნება დიდ რვიანში - პუტინს ჰკითხეს განიხილავს თუ არა რუსეთი დიდ რვიანში დაბრუნებას, რასაც 28-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფორმატში მონაწილეობა უკრაინაში შეჭრამდე შეწყვიტა - მისი თქმით, უცნაური იქნება თუ რუსეთი ამ ფორმატში დაბრუნდება.
- რეაქცია სანქციებზე - რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მის რეაქციაზე შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო - "თავიდან ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა."
- ლავროვის საკითხი - პუტინს ჰკითხეს გასულ კვირებში მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ ის უკმაყოფილოა საგარეო საქმეთა მინისტრის საქმიანობით და ჩამოაშორა ამერიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. პუტინმა აღნიშნულ ცნობებს, "სისულელე" უწოდა და განაცხადა, რომ ლავროვი მიიღებს მონაწილეობას მომდევნო კვირას ამერიკელებთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში.
- "არალეგიტიმური ზელენსკი" - პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული უკრაინის პრეზიდენტი არ არის ლეგიტიმური და უკრაინულ ხელმძღვანელობასთან რამე დოკუმენტის ხელმოწერა "უაზრობაა" - "ჩვენ გვჭირდება შეთანხმებას ხელი მოაწერონ მთავარმა მოთამაშეებმა, ერთია სიტყვიერი შეთანხმება და მეორე იურიდიული ვალდებულება."
- რუსული აქტივები - პუტინს ჰკითხეს ევროპაში მიმდინარე დისკუსიის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების (300 მილიარდი დოლარი) კონფისკაციის შესახებ - პუტინის თქმით, რუსეთი ასეთ ნაბიჯზე სარკისებურად უპასუხებს.
- ბირთვული იარაღის ცდები - პუტინის თქმით, აშშ-გან მიღებული წინადადებს შორისაა მოლაპარაკებები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, თუმცა მისივე თქმით, თუ ამერიკა დაიწყებს ბირთვული იარაღის გამოცდას, რუსეთი "ხელდაკრეფილი ვერ იჯდება."