უიტკოფმა პუტინს ურჩია როგორ და რა საკითხებზე ესაუბრა ტრამპთან - Bloomberg

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონკრეტული რჩევები მისცა კრემლს თუ როგორ და რაზე უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ვლადიმირ პუტინს დონალდ ტრამპთან. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg წერს - გამოცემის განკარგულებაში აღმოჩნდა სტივ უიტკოფისა და ვლადიმირ პუტინის მრჩეველის, იური უშაკოვის სატელეფონო საუბრის სრული ჩანაწერი. 

  • ჩანაწერის მიხედვით, ღაზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ უიტკოფმა სატელეფონო საუბარში უშაკოვს მსგავსი სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მუშაობის დაწყება შესთავაზა 

  • ასევე ურჩია უშაკოვს - რომ კარგი იქნებოდა თუ კი ამ საკითხს ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპთან საუბარში წამოწევდა. 

  • გარდა ამისა, უიტკოფმა კრემლს ურჩია მოეთხოვა ლიდერების სატელეფონო საუბარი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.  

ჩაშლილად: სატელეფონო საუბარი, რომელიც 5 წუთი გრძელდებოდა პრაქტიკულად აღწერს დოკუმენტის ჩანასახს, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. 

  • საუბრის დასაწყისში უიტკოფი პუტინის მიმართ პატივისცემაზე საუბრობს და დასძენს, რომ დარწმუნებულია რუსეთის სამშვიდობო მისწრაფებებში და ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპსაც უთხრა. 

  • აქედან მალევე უიტკოფი უშაკოვს თეთრ სახლში ზელენსკის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ უყვება და ურჩევს უკრაინელი პრეზიდენტის ვაშინგტონში ჩასვლამდე პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარი მოითხოვონ. 

  • "პარასკევს თეთრ სახლში ზელენსკი ჩამოდის, ადმინისტრაციის სურს, რომ იქ ვიყო და წავალ, მაგრამ ვფიქრობ თუ შესაძლებელია კარგი იქნება თუ ამ შეხვედრამდე შენს ბოსთან (რედ. ვლადიმირ პუტინი) გვექნება სატელეფონო საუბარი"- ამბობს უიტკოფი. 

  • ამასთანავე უიტკოფი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ პუტინი ტრამპთან საუბარში ღაზის სამშვიდობო შეთანხმების მილოცვით დაიწყებს, იტყვის, რომ რუსეთი მხარს უჭერდა მის ძალისხმევას და თუ იტყვის, რომ ტრამპი მშვიდობის ადამიანი - "ამ მომენტიდან მოყოლებული მათ ძალიან კარგი საუბარი ექნებათ." 

სიღრმისეულად: საუბრის მეორე ნახევარში უიტკოფი უშაკოვს ეუბნება: "იცი რა იქნება საოცარი, თუ კი ის (რედ. პუტინი) ტრამპს ეტყვის - სტივმა და იურიმ განიხილეს ღაზას შეთანხმების მსგავსი 20-პუნქტიანი გეგმა, ეს შესაძლოა იყოს ის რაც წინსვლაში დაგვეხმარება, ჩვენ ღია ვართ მსგავსი იდეებისთვის." 

  • საყურადღებოა, რომ პუტინმა საბოლოოდ გაითვალისწინა უიტკოფის რჩევა და ტრამპს ღაზის სამშვიდობო შეთანხმებას მიღწევა საჯაროდ მიულოცა, ასევე არაერთხელ შეაქო მისი სამშვიდობო საქმიანობისთვის. 

  • ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი 16 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის წინა დღეს შედგა და 2.5 საათი გაგრძელდა - წინა დღეებში ხისტი რიტორიკის მიუხედავად ტრამპმა "ძალიან პროდუქტიული საუბრის" შესახებ გამოაცხადა

  • სწორედ ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ დაანონსდა ვლადიმირ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ბუდაპეშტში, რომელიც რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის უკომპრომისო პოზიციის გამო გადადო

დეტალები: სწორედ უიტკოფისა და უშაკოვის საუბარს მოჰყვა კირილ დმიტრიევის ვიზიტი ამერიკაში - უიტკოფთან სტუმრად რუსეთის სუვერენული ფონდის პრეზიდენტმა 3 დღე გაატარა. 

  • უკვე 29 ოქტომბერს იმართება კირილ დმიტრიევისა და იური უშაკოვის სატელეფონო საუბარი, რომელშიც უშაკოვი სთხოვს დმიტრიევს უიტკოფთან მოლაპარაკებებში მაქსიმალისტური პოზიციები დაიცვას. 

  • დმიტრივი უშაკოვს პასუხობს, რომ თუ კი აშშ არ გაიზიარებდა რუსეთის მოთხოვნების სრულ სიას, "ამერიკელები ამასთან ძალიან ახლოს იქნებოდნენ."

დიდი სურათი: საყურადღებოა, რომ უშაკოვისა და უიტკოფის მიერ განხილული საკითხები საბოლოოდ სამშვიდობო გეგმის თავდაპირველ, 28-პუნქტიან გეგმაში შევიდა, მათ შორის ტერიტორიების საკითხიც. 

  • "მე ვიცი რაც იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, დონეცკი და შესაძლოა კიდევ რომელიმე ოლქში რაღაც ტერიტორიების გაცვლა, მე ვფიქრობ ჩვენ გვექნება გარიგება"- ამბობს უიტკოფი უშაკოვთან სატელეფონო საუბარში. 

  • საუბრის მიწურულს უიტკოფი უშაკოვს არწმუნებს, რომ პრეზიდენტი მას "ფართე დისკრეციას მისცემს" გარიგების მისაღწევად. 

დაეწიე ამბავს: ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების განახლებულ ვერსიაზე თანხმობის მიღების შემდეგ მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე კვლავ სტივ უიტკოფს გზავნის. 

  • გასულ უქმეებზე ჟენევაში გამართული მრავალმხრივი შეხვედრების შემდეგ ტრამპის 28 პუნქტიანი გეგმა 19-პუნქტამდე შემცირდა, უკრაინული დელეგაციის თქმით, ტექსტში შევიდა უკრაინისთვის საკვანძო მნიშვნელობის ცვლილებები. 

  • 25 ნოემბერს ამერიკის სახმელეთო ძალების მდივანი, დენ დრისკოლი აბუ-დაბიში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდრა - წყაროების ცნობით, შეხვედრის შემდეგ დრისკოლი ოპტიმიზმს ინარჩუნებდა. 

კონტექსტი: მანამდე ცოტა ხნით ადრე თავდაპირველი ჩარჩოს რედაქტირებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და განაცხადა, რომ რუსეთს განახლებული ვერსია ჯერ არ მიუღია. 

  • "თუ კი იქიდან ამოვარდება ანკორიჯის სულისკვეთება და შეთანხმებები, ეს რა თქმა უნდა, პრინციპულად განსხვავებული ვითარება იქნება"- განაცხადა ლავროვმა. 

  • ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის საბოლოო შეთანხმებისთვის პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად უკვე მიმდინარე კვირას გაემგზავროს. 

მსგავსი სიახლეები