ზელენსკი ზაფხულში არჩევნების ჩასატარებლად ემზადება - The Economist

ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, უკრაინაში არჩევნები შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდეს და მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.
უკრაინის მთავრობის წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ზელენსკიმ გასულ კვირას შეხვედრა ჩაატარა, რათა თავისი გუნდოსთვის დაევალებინა მოემზადებინათ არჩევნები სრული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა აპრილის ბოლომდე დაიწყოს.
The Economist ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო თარიღად 20 აპრილს, აღდგომას ასახელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 5 მაისს უკრაინის პარლამენტში უნდა ჩატარდეს კენჭისყრა საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებაზე, რომლის ვადაც 8 მაისს იწურება. საომარი მდგომარეობის გაუქმება აუცილებელი პირველი ნაბიჯია საარჩევნო პროცესის დასაწყებად.
"წყაროები არ ეთანხმებიან ზუსტ ვადებს, მაგრამ უმეტესობა ამბობს, რომ ზელენსკი ზაფხულს ისახავს მიზნად. კანონი მოითხოვს მინიმუმ 60 დღეს საარჩევნო კამპანიისთვის, ასე რომ, ყველაზე ადრეული შესაძლებლობა ივლისის დასაწყისია. მაგრამ ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ კამპანია სამ თვეს გაგრძელდება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის სურვილია, რადგან ომისას ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას დრო დასჭირდება." - წერს გამოცემა.
The Economist ვარაუდობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი "გაღიზიანებული იყვნენ ზელენსკის სიჯიუტით" და "მასზე ზეწლოას ახდენდნენ ომის დროს ჩაეტარებინა არჩევნები, რადგან დარწმუნებული არიან, რომ უკრაინელები მას აღარ აირჩევენ."
გაზეთის ცნობით, სულ რაღაც ორი თვის წინ ითვლებოდა, რომ ზელენსკი არჩევნების დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ოვალურ კაბინეტში ტრამპთან სკანდალური შეხვედრის შემდეგ, მისი მხარდაჭერა მკვეთრად გაიზარდა და უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაც შეიცვალა.
"ამჟამად სერიოზული მზადება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ზელენსკი ამომრჩევლების წინაშე მეორედ წარსდგეს და საკმაოდ მალე," - ნათქვამია მასალაში.
ოპოზიციური პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი პეტრო პოროშენკო პროგნოზირებს, რომ არჩევნები შეიძლება "ნებისმიერ დროს ჩატარდეს აგვისტოდან ოქტომბრამდე" და ამტკიცებს, რომ კამპანია რეალურად ზელენსკის გადაწყვეტილებით მაშინ დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ თებერვალში სანქციები დააწესა.
ხელისუფლებიდან მაღალი თანამდებობის წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ პოროშენკო "თან გადაჭარბებულად აფასებს და ასევე ვერ აფასებს მის მნიშვნელობას." წყარო თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ საფრთხეს, მაგრამ ზელენსკის მტრულმა დამოკიდებულებამ პოროშენკოს მიმართ დააჩქარა სანქციების შესახებ გადაწყვეტილება.
მაღალჩინოსანი თვლის, რომ ზელენსკი ივლისში არჩევნების ჩატარებით შეეცდება კონკურენტების რთულ ვითარებაში აღმოჩენას, იმ იმედით, რომ მოკლე კამპანია მას საშუალებას მისცემს კენჭი ოპონენტების გარეშე იყაროს. წყარო ასევე თვლის, რომ ასეთი არჩევნები მომგებიანი იქნება არა მხოლოდ ზელენსკისთვის, რადგან "ხანგრძლივი კამპანია დაანგრევს ქვეყანას."
The Economist წერს, რომ პუტინს და ტრამპს შესაძლოა ასევე არ სურდეთ სწრაფი არჩევნები.
"მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნები შეიძლება დაეხმაროს პუტინს უკრაინის დესტაბილიზაციაში, მაშინაც კი, თუ ზელენსკი გაიმარჯვებს. დაზვერვის ოფიცერი პროგნოზირებს, რომ შიდა არასტაბილურობა უკრაინისთვის 2025 წელს უფრო დიდი რისკი იქნება, ვიდრე ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლები. საარჩევნო კამპანია რუსებს საშუალებას მისცემს გააჩაღონ თავიანთი საინფორმაციო კამპანია: ისინი გამოიყენებენ ცნობად სახეებს და ოპოზიციას თავიანთი მიზნების მისაღწევად." - განუცხადა გამოცემას მისმა წყარომ.