-

 

კრემლის პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ

როგორ უმკლავდებიან უკრაინელი და ქართველი ფაქტების ანალიტიკოსები მცდარ და მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელსაც რუსული და პრო-რუსული აქტორები ავრცელებენ

[სტატია მომზადებულია პროექტის “მცდარი აზრისგან თავისუფალი” (Unprejudiced) ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის და გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება]

ავტორი: ქეთი ხუციშვილი

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინას 24 თებერვალს დაატყდა თავს, თუმცა ომი უკრაინის წინააღმდეგ ბევრად ადრე დაიწყო. მის ერთ-ერთ სახეს საინფორმაციო ომი წარმოადგენს, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიის და სოციალურ მედიაში რუსი და პრო-რუსი აქტორების მიერ იწარმოება.

ფაქტების ანალიტიკოსები კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ომში უკვე წლებია არიან ჩართული. მათ უწევთ ადაპტაცია, რათა გაუმკლავდნენ მცდარი და მანიპულაციური ნარატივების გაზრდილ ნაკადს და საზოგადოებამდე მიიტანონ სიმართლე. ეს სტატია შეეხება უკრაინელი და ქართველი ფაქტების ანალიტიკოსების მუშაობას. როგორ ოპერირებენ, რა ტაქტიკას იყენებს კრემლი, ვინ არიან დეზინფორმაციის გამავრცელებლები და მათი სამიზნეები? - სტატია შემოგთავაზებთ ამ კითხვებზე პასუხებს იმ ადამიანებისგან, რომლებიც კრემლის პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ ომის წინა ხაზზე იბრძვიან. 

ფაქტების გადამოწმება ომამდე და ომის შემდეგ 

უკრაინელი და ქართველი ფაქტების ანალიტიკოსები, განსაკუთრებით კი 4 ორგანიზაცია: VoxCheck და StopFake უკრაინაში, მითების დეტექტორი და ფაქტ-მეტრი კი საქართველოში რუსული და პრო-რუსული აქტორებისგან მომავალ პროპაგანდას და მცდარ ინფორმაციას აკვირდებიან და ამოწმებენ. ეს ორგანიზაციები Facebook-ის მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის წევრები არიან. ეს მოიცავს Meta-ს პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების მონიტორინგს, გავრცელებული მცდარი ინფორმაციის საპირწონედ არგუმენტირებული სტატიების მომზადებას და შეცდომაში შემყვანი პოსტებისათვის შესაფერისი იარლიყის მინიჭებას, რაც ამცირებს მსგავსი პოსტების გავრცელებას და შესაბამისად იმ ზიანსაც, რისი მოტანაც მათ შეუძლიათ. უკრაინაში ომის დაწყებამდე თანამშრომლობა მხოლოდ იმ ქვეყნებს მოიცავდა, სადაც ეს ორგანიზაციები მუშაობდნენ, თუმცა ახლა პროგრამა გაფართოვდა და რუსეთსა და ბელარუსსაც ფარავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ და უკრაინულ ორგანიზაციებს, სხვა პარტნიორებთან ერთად, ამ ქვეყნებში გავრცელებული დეზინფორმაციული პოსტების მონიტორინგი და გადამოწმებაც უწევთ.

VoxCheck-ის მოქმედი ხელმძღვანელი სვიტლანა სლიპჩენკოს თქმით, ომის პირველივე დღეს მიხვდნენ, რომ ჩვეული ყოველდღიული აქტივობები, მაგალითად რეფორმების და ეკონომიკის ანალიზი, ან თუნდაც სხვა თემებზე, მათ შორის პანდემიასა და ვაქცინებზე ფაქტების გადამოწმება უნდა შეეწყვიტათ და მთლიანად გადართულიყვნენ ომთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შემდეგ VoxCheck-მა 3 მიმდინარე სტატიის მზადება დაიწყო, რომელთა განახლება მუდმივად ხდება. ერთ-ერთი სტატია მოიცავს დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებსაც რუსული პროპაგანდა ომის შესახებ ავრცელებს, დანარჩენი ორი კი აჯამებს მთავარ თემებს უკრაინულ მედიაში და რუსეთის წინააღმდეგ ომში მიღწეულ გამარჯვებებს.

“ჩვენ ბევრად უფრო მეტ რუსულ დეზინფორმაციას ვაწყდებით ახლა, იქნება ეს ტელეგრამი, ფეისბუქი, ინსტაგრამი, ვაიბერი თუ ვათს აფი. მიმდინარე ომის შესახებ რუსეთის მიერ შეთხზულ ამ სიცრუეებთან საბრძოლველად ჩვენ არამხოლოდ სტატიებს ვამზადებთ, არამედ ვიდეოებსაც, ეროვნულ მაუწყებელ სუსპლინესთან ერთად. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენც მებრძოლები ვართ, ოღონდ საინფორმაციო ფრონტზე. ეს გვაძლევს მოტივაციას დასვენების დღეების გარეშე ვიმუშაოთ”. - ამბობს სვიტლანა სლიპჩენკო.

ამ სამუშაო რეჟიმს იზიარებს ფაქტების ანალიტიკის კიდევ ერთი უკრაინული ორგანიზაცია StopFake. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა რადგან 2014 წელს მაიდნის რევოლუციის და ორგანიზაციის დაარსების შემდეგ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა მათ მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მათაც გვერდზე გადადეს სხვა თემები და მთელ დროს და რესურსს მხოლოდ ომის თემაზე დენზინფორმაციასთან ბრძოლას უთმობენ. StopFake-ის ფაქტების ანალიტიკოსი ოლენა ჩურანოვა ამბობს, რომ დეზინფორმაციის დიდი ნაკადის გამო, რომელიც რუსული და პრო-რუსული მედიიდან მოედინება, მათ უწევთ განხილვა და ფოკუსირება იმ შემთხვევებზე, როდესაც მცდარ ინფორმაციას შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანებს და დიდი გავლენა იქონიოს მათ აზროვნებაზე.

“ეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ჩვენს ოჯახებს დაატყდა თავს, ყველა ტრაგედია თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა და ესაა ჩვენი მოტივაციაც. იმისათვის რომ ვიმუშაოთ ჩვენ არ გვჭირდება ოფისი, საკმარისია უსაფრთხო ადგილი და ინტერნეტსა და მობილურ ტელეფონზე წვდომა. ჩემმა კოლეგებმა იპოვეს უსაფრთხო ადგილები უკრაინაში. ზოგიერთი ჩვენგანი კიევში დარჩა. რუსეთიდან მოდის კიბერ თავდასხმებიც. ამან რამდენიმე დღის პრობლემები შეგვიქმნა. რუსეთი ცდილობს თავს დაესხას ჩვენს ვებ-გვერდს და ამას აქტიურად აკეთებენ, თუმცა კარგი სპეციალისტები გვყავს და ამჟამად ჩვენი ვებ-გვერდი უსაფრთხოდაა”. - თქვა მან. 

დეზინფორმაციის ნაკადის დრამატული ზრდა დააფიქსირეს ქართველმა ფაქტების ანალიტიკოსებმაც, განსაკუთრებით ომთან დაკავშირებულ თემებზე. მათ სამუშაოს ოდენობა Facebook-თან პარტნიორობის გაფართოების შედეგადაც გაიზარდა და ახლა ისინი რუსეთსა და ბელარუსში რუსულ ენაზე გავრცელებულ პოსტებსაც აკვირდებიან.

“ერთი მხრივ დეზინფორმაციის მოცულობა გაიზარდა, მეორე მხრივ ეს გვეხმარება უკეთ დავინახოთ ჩვენთან შიგნით რა ხდება, იმიტომ, რომ აშკარა კორელაცია იკვეთება ამ დეზინფორმაციულ ნაკადსა და ადგილზე გავრცელებულ დეზინფორმაციას შორის, რაც შიდა პროცესებზეც გვაძლევს წარმოდგენას”. - ამბობს მითების დეტექტორის რედაქტორი თამარ კინწურაშვილი. 

კრემლის პროპაგანდის ტაქტიკები

“რუსული პროპაგანდა გატეხილ სარკეს ჰგავს. ყველაფერი, რასაც მასში ვხედავთ რეალური ფაქტებისაგან სრულიად განსხვავდება” - ამბობს სვიტლანა სლიპჩენკო. ის რუსეთის მიერ ე.წ. ცრუ დროშიც ოპერაციების გამოყენებაზე საუბრობს, როდესაც კრემლი ერთი მხრივ ცდილობს დამალოს თავდასხმა უკრაინაზე და მის მშვიდობიან მოსახლეობაზე, მეორე მხრივ კი ცდილობს ბრალეულობა უკრაინის ძალებზე გადაიტანოს. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში არაერთხელ გამოავლინეს. მაგალითისათვის, რუსეთმა არაერთხელ სცადა სამოქალაქო პირებზე თავდასხმის უარყოფა და უკრანის დადანაშაულება საკუთარ მოქალაქეებზე თავდასხმაში და მათ ცოცხალ ფარად გამოყენებაში. (იხილეთ მაგალითები VoxCheck-ის, StopFake-ის, მითების დეტექტორის და ფაქტ-მეტრის ვებ-გვერდებზე)

ომის დაწყებას წინ სორედ ამ ტიპის პროპაგანდა უძღოდა. რუსეთის და ბელარუსის ხელისუფლება უკრაინას კონფლიქტის ეკსალაციაში და თავდასხმის მზადებაში ადანაშაულებდნენ, პარალელურად კი უკრაინის საზღვართან საკუთარი ჯარების მობილიზებას აგრძელებდნენ. მცდარი მტკიცება, რომ თითქოს უკრაინა თავდასხმას ამზადებდა, ომის დაწყებამდე ჯერ პუტინმა გააჟღერა, შემდეგ კი კრემლისტურმა გამოცემებმა აიტაცეს. ომის დაწყების შემდეგ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ მსგავსი მტკიცება გაყალბებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არაერთხელ გაიმეორა.

კიდევ ერთი ტაქტიკა, რომელსაც რუსული პროპაგანდა მიმართავს, შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი და გამარჯვებების გამოგონებას გულისმობს იმ ომში, რომელიც აშკარად არ მიდის კრემლის გეგმების მიხედვით. ამასთანავე პროპაგანდისტები ცდილობენ საოკუპაციო ძალები განმათავისუფლებლებად წარმოაჩინონ.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უკრაინელების დემორალიზების მცდელობა, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაცია რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეძლო.

“რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ ტერიტორიების გათავისუფლებით არ არის დაინტერესებული, რომ მათ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვებენ. ამავდროულად რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისათვის შეუძლებელს ხდის იმის გაგებას, თუ რას ამბობს რეალურად უკრაინის ხელისუფლება. არ არის წვდომა უკრაინულ ტელეარხებზე, რადიოზე, ხანდახან ინტერნეტზეც კი, რომ მათ ინფორმაციის გადამოწმება შეძლონ. რეალურად, უკრაინის ხელისუფლება მუდმივად აცხადებს, რომ ამ ადამიანებს არ დაივიწყებენ და აქტიურად ცდილობენ ამ ტერიტორიების დეოკუპაციას”. - ამბობს სვიტლანა სლიპჩენკო. 

მრავალფეროვანია დეზინფორმაციის გავრცელების ტაქტიკებიც. მათ შორის არის “უცხოელი ექსპერტების” გამოყენება, რომლებიც რუსულ ან პრო-რუსულ მედიებში ჩნდებიან და კრემლის პროპაგანდისტების იდენტურ ტყუილებს იმეორებენ.

“მათი გზავნილები გამოიყენება იმისათვის, რომ გაამართლონ რუსეთის ქმედებები და ხაზი გაუსვან რუსეთის უპირატესობას და იმ მიზნით ეწოდება აუდიტორიას, რომ აჩვენონ, ესენიც პუტინის აგენტები ხომ არ არიან, უცხოელი ექსპერტებიც მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ ამ სამხედრო ოპერაციას”. - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გზავნილების კიდევ ერთი ტიპი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება საქართველოში, იდენტობის საკითხებს უკავშირდება. მსგავსი დაკვირვება მითების დეტექტორმა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, იანვარში, უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციის პარალელურად გამოაქვეყნა, როდესაც ქართულენოვან სოციალურ მედიაში გავრცელდა გაყალბებული ვიდეო, რომელიც გეი ჯარისკაცს და მის მეგობარ მამაკაცს ასახავდა. ორიგინალი ვიდეო ბრიტანულ კოალიციას ეკუთვნოდა, რომელიც ქორწინების თანასწორი უფლებისთვის იბრძვის, თუმცა ყალბ ვიდეოში ამოჭრილი იყო უკრაინის დროშები და ჩამატებული იყო კადრები, რომლებიც უკრაინის არმიას ასახავდა. ერთ-ერთი აქტორი, რომელიც გაყალბებულ ვიდეოს ავრცელებდა ღიად პრო-რუსული პლატფორმა ალტ-ინფო იყო, ისევე, როგორც სხვა პრო-რუსული, ანტი-ლიბერალური ფეისბუქ ანგარიშები. ყალბ ვიდეოს თან ერთვოდა ჰომოფობიური ნიშნით შეურაცხყოფა, რომლის სამიზნეს უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმოადგენდა. მითების დეტექტორმა აღმოაჩინა, რომ გაყალბებულ ვიდეოს 2020 წლის შემდეგ ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები და რუსული მედიები ავრცელებდნენ. რუსული და პრო-რუსული აქტორები ჰომოფობიას პოლიტიკურ იარაღად წლებია იყენებენ აქტივისტების, პოლიტიკოსების, სხვადასხვა ორგანიზაციის თუ ზოგადად დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით. 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ლგბტ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმა, რომელსაც ორგანიზებას ზემოთხსენებული ალტ-ინფო უწევდა ამის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.

წყარო: მითების დეტექტორი

რუსული პროპაგანდის სამიზნე აუდიტორია 

მუხედავად Facebook-ის მიერ დაწესებული შეზღუდვებისა და იმისა, რომ რუსეთმა ქვეყნის შიგნით თავად შეზღუდა Facebook-ზე წვდომა, კრემლის პროპაგანდისტული მედია კვლავ აგრძელებს Meta-ს პლატფორმებზე აქტიურობას. რას ემსახურება მათი ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებები? ამაზე ფაქტების ანალიტიკოსებს სხვადასხვა ვერსია აქვთ.

StopFake-ის ოლენა ჩურანოვას მიაჩნია, რომ სამიზნე აუდიტორიას ამ შემთხვევაში ის რუსები წარმოადგენენ, რომლებიც VPN-ს იყენებენ, ან ის რუსულენოვანი მომხმარებლები, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან. კიდევ ერთ ჯგუფს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებსაც ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რუსული დიასპორა მიაჩნია ერთ-ერთ სამიზნე აუდიტორიად თამარ კინწურაშვილსაც. ის აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად და ადგილობრივი თემის უკრაინელების წინააღმდეგ მობილიზაციისათვის იყენებენ. 

“ჩვენ ვიპოვეთ ვიდეო, რომელიც მოწოდებული იყო როგორც დრეზდენელი გერმანელების პროტესტი უკრაინელი ლტოლვილების წინააღმდეგ. რეალურად, იქ მყოფი ადამიანები იყვნენ ბაიკერების ჯგუფის, ღამის მგლების წევრები, რომელიც კრემლის პროექტია”. - ამბობს კინწურაშვილი. 

უკრაინელი ლტოლვილები დეზინფორმაციის სამიზნე გახდნენ, რომელიც მათ დებოშიორებად წარმოდგენას ემსახურება.

“ახალი ნარატივები გამოჩნდა ლტოლვილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ისინი ევროპის ეკონომიკას აზიანებენ და მადლიერი არ არიან იმ დახმარების და მხარდაჭერისათვის, რასაც ევროპისგან იღებენ. რუსეთი ძალიან საინტერესო მეთოდს იყენებს, როდესაც იღებს ერთ მაგალითს ერთი ადამიანისა, რომელმაც შესაძლოა მართლაც ასე მოიქცა და აზოგადებს მათ ყველა უკრაინელზე”. - ამბობს სვიტლანა სლიპჩენკო.

მას მიაჩნია, რომ კრემლის პროპაგანდის სამიზნე აუდიტორიას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან. 

“რუსეთი ცდილობს, რომ ევროპელებს აზრი შეუცვალოს საკუთარი ხელისუფლების შესახებ. უკრაინის და რუსეთის შესახებ ამ პროპაგანდის გამო ევროპელები არასწორ არჩევანს აკეთებენ საკუთარი მთავრობის არჩევისას. მსგავს სიტუაციას ვხედავთ საფრანგეთში, სადაც ხალხი მზადაა ხმა მისცეს მარინ ლე პენს მაშინ, როდესაც რეალურად ის რუსული პროპაგანდის ნარატივებს იმეორებს. ასევე ვხედვთ, რომ რუსულ პროპაგანდას გავლენის მოხდენა შეუძლია ზოგ საერთაშორისო ორგანიზაციაზეც. მაგალითად, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ბირთვულ უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, არ არის დარწმუნებული იმაში, რომ რუსეთს შეუძლია პროვოკაციების მოწყობა მის მიერ ოკუპირებულ ატომურ ელექტროსადგურში”. - ამბობს ის.

ვინ ავრცელებს ტყუილებს?

რა თქმა უნდა, არიან მთავარი ეჭვმიტანილები: რუსეთის ხელისუფლება, სეპარატისტული ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კრემლის ოფიციალური პროპაგანდისტები, სახელმწიფო მედია, მაგალითად RT და სპუტნიკი სხვადასხვა ქვეყანაში და ენაზე მომუშავე მათი დანაყოფებით, ღიად პრო-რუსული აქტორები, როგორიცაა ზემოთხსენებული ალტ-ინფო და სხვა პრო-რუსული პოლიტიკური პარტიები საქართველოში, რომლებიც რუსეთთან დიალოგს და ნეიტრალიტეტს ადვოკატირებენ და უარყოფენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. თუმცა არიან სხვებიც, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სოციალურ მედიაში იმავე დეზინფორმაციის გავრცელებაში. მითების დეტექტორის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ომის დაწყების შემდეგ ბევრი ანტივაქსერი, რომლებიც გასულ წლებში ხშირად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას პანდემიის და განსაკუთრებით კი დასავლური ვაქცინების შესახებ, ახლა ომის შესახებ კრემლის პროპაგანდის გავრცელებაზე გადაერთო.

“პრო-რუსულ ჯგუფები სხვადასხვა ანტიდასავლური მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებენ, შეეხება ეს ვაქცინებს თუ რუსეთის პოლიტიკას. მეორე მხრივ, ანტივაქსერების ნაწილი ეკლესიის გავლენის ქვეშ იმყოფება და სასულიერო პირებისგან გვესმის განცხადებები, რომ ეს არ არის უკრაინელების და რუსების ომი, ეს არის დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ, დასავლეთმა ძმები ერთმანეთს გადაამტერა და ეს ძმები რეალურად ერთი ერი არიან. ასეთი გზავნილები განსაკუთრებით აქტიურად ისმის სასულიერო პირების მხრიდან და ჩვენ ვნახეთ, რომ გარდა ღიად პრო-რუსული ჯგუფებისა, ანტივაქსერულ კამპანიაში ამ კატეგორიის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული”. - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა უკრაინაშიც. ომის დაწყებამდე VoxCheck პანდემიის და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გადამოწმებით იყო დაკავებული, თუმცა ახლა ბევრი ანტივაქსერული ანგარიში ომის საკითხებზე გადაერთო.

“ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შევამჩნიეთ, რომ ზოგიერთი ანტივაქსერული ანგარიში, რომელიც ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებდა ვაქცინების შესახებ, აღარაფერს აქვეყნებდა. ისინი ჩუმად იყვნენ და ჩვენ არ გვხვდებოდა მცდარი ინფორმაცია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. ომის დაწყების შემდეგ მათ დაიწყეს ამ თემაზე დეზინფორმაციის გავრცელება. როგორც ჩანს, რამდენიმე დღე დასჭირდათ კოვიდ-19-დან ომთან დაკავშირებულ თემებზე გადაკვალიფიცირებისთვის”. - აღნიშნავს სვიტლანა სლიპჩენკო.

უკრაინაში დეზინფორმაციის კიდევ ერთი წყარო ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდის. VoxCheck-მა დააფიქსირა ყალბი ანგარიშები, რომლებიც ოკუპირებული ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებიდან მუშაობენ და რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. StopFake-ის მიხედვით, ასეთ ანგარიშებს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ქმნიან და ირწმუნებიან, რომ ეს რეგიონები რუსეთის ნაწილია. არსებობს ეჭვები, რომ ეს ყალბი ანგარიშები რუსეთიდან იმართება.

ზოგიერთი რუსული ნარატივი ევროპულ მედიაშიც გამოჩნდა. VoxCheck-ის კვლევამ გამოავლინა იტალიური და გერმანული გამოცემები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკის და NATO-ს შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ამ ნარატივებს რუსეთი უკრაინაში საკუთარი სამხედრო აგრესიის გასამართლებლად იყენებს.

“ესაა ნარატივები ნაციზმის შესახებ, იმის შესახებ, რომ დასავლეთა უკრაინას აიძულა რუსეთის წინააღმდეგ დონბასში ომის დაწყება, რომ რუსეთი მხოლოდ თავს იცავს უკრაინისგან. რუსეთი ამ ნარატივების კულტივაციას წლებია ახდენს და კვლავ აქტიურად იყენებს მათ”. - ამბობს სვიტლანა სლიპჩენკო. 

მისი რჩევა, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცევა, ასეთია: უნდა აღვიქვათ ერთიანი სურათი და არა დეზინფორმაციის ცალკეული შემთხვევები. ასე დავინახავთ მთავარ ნარატივს და იმას, თუ რას ემსახურება ის.

“უნდა გვესმოდეს ქრონოლოგია, თუ როგორ ავრცელებს რუსეთი მუდმივად მსგავს ნარატივებს. ამ დეზინფორმაციას წლებია იმეორებენ, 2014 წელს ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციამდეც კი. თუ გესმის ნარატივი, რომელსაც რუსეთი მუდმივად იმეორებს და წარმოდგენა გაქვს იმ ნაწილებზე, რომლებიც ამ ნარატივს შეადგენენ, შეძლებ მას დაუპირისპირდე და აღარ გაუზიარებ მას შენს აუდიტორიას ან მისი გავლენით გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებ”. - ამბობს სლიპჩენკო.

ოლენა ჩურანოვას მიაჩნია, რომ ევროპაში რუსული პროპაგანდისტული არხების აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მათ მიზანს დემოკრატიისა და დასავლური ინსტიტუტებისათვის ძირის გამოთხრა წარმოადგენს:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს შესაბამისი სახელი დავარქვათ. მაგალითად, არ დავუძახოთ რუსულ მედიას - მედია, რუს ჟურნალისტებს კი - ჟურნალისტები, რადგან ისინი ჟურნალისტები არ არიან, ისინი აგენტები არიან, რომლებიც რუსეთის პროპაგანდის სამინისტროს სამსახურში დგანან. ეს სამართლიანი იქნება, რადგან მათ სამუშაოს რეალურად ჩვენი საქმის დისკრედიტაცია წარმოადგენს. ახლა ისინი ფაქტების ანალიტიკოსების დისკრედიტაციასაც ცდილობენ, რამდენიმე ფსევდო ფაქტების ანალიტიკის არხი შექმნეს და ე.წ. გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ”. - ამბობს ჩურანოვა.

როგორ უმკლავდებიან უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები დეზინფორმაციის ტალღას? 

როდესაც ფაქტების ანალიტიკოსები მცდარ ინფორმაციას ამოწმებენ, პირველ რიგში ღია წყაროებს ეყრდნობიან, თუმცა ზოგჯერ აუცილებელია ოფიციალური ინფორმაციის მიღება ამა თუ იმ საკითხზე. ეს შესაძლოა დროში გაიწელოს, მაშინ, როდესაც ოპერატიულობა განსაკუთრებით არის საჭირო. რაც უფრო დიდხანს რჩება მცდარი ინფორმაცია გადამოწმების და შეზღუდვის გარეშე სოციალური მედიის პლატფორმებზე, უფრო მეტი ადამიანი ნახულობს მას და იჯერებს ტყუილს. უკრაინელი ფაქტების ანალიტიკოსები კმაყოფილი არიან ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობით.

“ომის დაწყებამდე ხშირად ვაკრიტიკებდით მთავრობას უკრაინელების მედია წიგნიერების საკითხისადმი არასაკმარისი ყურადღების დათმობის გამო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ ომის დაწყებამდე გადადგა დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის ორი ცენტრის შექმნა იყო. ესენია დენზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი. მათ მცდარი ინფორმაციის გადამოწმება ძალიან სწრაფად შეუძლიათ, რადგან კავშირი აქვთ ხელისუფლებასთან და წვდომა გააჩნიათ ოფიციალურ ინფორმაციაზე”. - აღნიშნავს სვიტლანა სლიპჩენკო.

მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა უკრაინელების მდგრადობა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება, რაც, ნაწილობრივ, მთავრობის ქმედებების დამსახურებაა. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც არ ჩანს მოწადინებული ითანამშრომლოს ფაქტების ანალიტიკოსებთან და გაუზიაროს მათ ოფიციალური ინფორმაცია. ეს განსაკუთრებით ნათლად მაშინ გამოჩნდა, როდესაც რუსული დეზინფორმაცია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის შესახებ საქართველოსაც გადმოწვდა. ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა დეზინფორმაციის სამიზნე, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრალდებები და მუქარა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია.

“ზოგადად, ხელისუფლების პოლიტიკაა არ გააღიზიანოს რუსეთი. ფორმალურად, სხვადასხვა ონლაინ გამოცემებით ის ცდილობს ირიბად, რბილად უპასუხოს რუსეთის განცხადებებს, მაგრამ პოლიტიკური ნება, რომ ამ საკითხს შეეხოს, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების კონტექსტში, მას არ გააჩნია. უფრო წაყრუების პოლიტიკას მიმართავს და იძულებულია ზოგჯერ გასცეს ინფორმაცია. მაგრამ, ის არ იყენებს თუნდაც ფაქტების ანალიტიკოსების რესურსს იმისთვის, რომ ამ საკითხზე აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოოს”. - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

რამდენად ეფექტიანია ფაქტების ანალიტიკოსების მუშაობა?

StopFake, VoxCheck, მითების დეტექტორი და ფაქტ-მეტრი პოინტერის ინსტიტუტის ფაქტების ანალიტიკოსთან საერთაშორისო ქსელის (IFCN) წევრები არიან. IFCN-მა შექმნა ახალი პლატფორმა #Ukrainefacts (ფაქტები უკრაინაზე), სადაც გროვდება გადამოწმებული ფაქტები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო ქსელის წევრი ორგანიზაციები ამზადებენ. მაისის დასაწყისში ბაზაში 1550-ზე მეტი გადამოწმებული ფაქტი იყო ათობით ქვეყნიდან.

პლატფორმა ფაქტების ანალიტიკოსებსაც ეხმარება ინფორმაციის და მიგნებების ერთმანეთისათვის გაზიარებაში.

“ჩვენ ამგვარად რესურსებს ვზოგავთ, ჩვენი კოლეგების ნაშრომის გამოყენება გვეხმარება იმაში, რომ არ დავხარჯოთ დრო იგივე დეზინფორმაციის გადამოწმებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან დიდი ნაკადია. პირველი ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა პანდემიის დროს გვქონდა, როდესაც შეიქმნა ასეთივე პორტალი. გარდა ამისა, იმ თვალსაზრისითაც არის კარგი, რომ გვექმნება გარკვეული წარმოდგენა, თუ რომელ ქვეყანაში რა ტიპის მოწყვლადობა არსებობს, რა ტიპის დეზინფორმაცია მუშაობს”. - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

პლატფორმა ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებსაც აძლევს წვდომას გადამოწმებულ ინფორმაციაზე. მათ ასევე შეუძლიათ დააკვირდნენ მსგავსებებს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას შორის და დაინახონ რუსული პროპაგანდის მუშაობის სქემები. ფაქტების ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მათი მუშაობის გავლენა დეზინფორმაციის გავრცელებაზე ჯერ კიდევ არ არის გაზომილი, თუმცა, კრიტიკის მიუხედავად, მნიშვნელოვანია გააგრძელოს ის საქმე, რასაც აკეთებენ.

“ზოგიერთს მიაჩნია, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ეფექტიანი არ არის, არ უნდა დავხარჯოთ დრო მცდარი ინფორმაციის გადამოწმებაზე, რაიმე სხვა საქმით უნდა დავკავდეთ, თუმცა არავინ ისიც რა არის ეს საქმე და რა უნდა ვაკეთოთ, თუ არა მცდარი ამბების გამოვლენა. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა არასწორია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დეზინფორმაციის განქარწყლება და იმის ახსნა, თუ რატომაა ეს თუ ის ცნობა მცდარი და საზიანო არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”. - ამბობს სვიტლანა სლიპჩენკო.

მას სჯერა, რომ ეს მცდელობები ეხმარება უკრაინას გააგონოს საკუთარი ხმა მსოფლიოს და მიიღოს მეტი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. იმედია, საბოლოოდ ეს მცდელობები ხელს შეუწყობს სიმართლის გამარჯვებას კრემლის პროპაგანდის მანქანასთან საინფორმაციო ომში.

მსგავსი სიახლეები